თავისუფალი გაკვეთილები კლიმატის ცვლილებაზე და კონკურსის „მე ლიდერი“ პრეზენტაციები ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში

2017 წლის 23-27 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში CENN-მა ქედის მუნიციპალიტეტის 20-მდე სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრის ფარგლებში, CENN-ის გუნდმა მოსწავლეებს ჩაუტარა თავისუფალი გაკვეთილები კლიმატის ცვლილების თემაზე და ახალგაზრდებს კონკურში „მე ლიდერი“ მონაწილეობის პირობები გააცნო.

 

კონკურსი „მე ლიდერი“ რეგიონში ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა აღმოჩენას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის შესაძლებელი. კონკურსში განაცხადის გაკეთება 1 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდეა შესაძლებელი. მონაწილეობის მსურველებმა, განსაზღვრულ ვადაში უნდა მოამზადონ ესსე თემაზე „მე ლიდერი“. მოსწავლეებმა,  განაცხადის ფარგლებში, საკუთარი ინოვაციური იდეის შესახებ უნდა დაწერონ, რომლის განხორციელებასაც ისინი საკუთარ თემში, სკოლაში, ან რეგიონში ისურვებდნენ.  საუკეთესო იდეების ავტორები, თებერვალში გამოვლინდებიან და 2018 წლის სასკოლო არდადეგებზე ახალგაზრდა ინოვატორთა მწვანე ბანაკში გაემგზავრებიან.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ მე ლიდერი – პრეზენტაცია.

 

პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

 

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :