უწყებათშორისი თანამშრომლობის მოდელი სათბობი რესურსების დეფიტიტის აღმოფხვრის მიზნით, ტყეების ხანძრისშემდგომი რისკები და ეკოსისტემების აღდგენის შესაძლებლობები, კრწანისის ტყეპარკის განვითარება და მისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება – აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფაზა 2“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა ავსტრიელი ექსპერტი, ვინფრიდ სუს, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სხვა მხარეებთან ერთად მუშაობს ტყის რეკრეაციული მართვის სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებაზე. შეხვედრაზე წარმოადგენილი იყო აღნიშნული დოკუმენტის კონცეფცია, მისი შემუშავების გეგმა და მეთოდოლოგია.
საექსპერტო დასკვნებით, საქართველოს ბუნებრივი ტყეები და მათი უნიკალური ლანდშაფტური და სახეობრივი მრავალფეროვნება შეგვიძლია განვიხილოთ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსი, რომლის სწორი მართვა და დივერსიფიკაცია შეიძლება ტურიზმის სექტორში ახალი ფაზის დასაწყისად იქცეს. რეგიონული პარკები, განვითარებული კურორტები და რეკრეაციული ზონები ხელს შეუწყობს ხარისხიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნას, დადებითად აისახება ეკონომიკაზე, შექმნის სამუშო ადგილებს და მოსახლეობას უზრუნველყოფს ალტერნატიული შემოსავლებით, რაც გამოიწვევს მათი მომხმარებლური დამოკიდებულების შეცვლას ტყეების მიმართ და გაზრდის ალტრნატიული სათბობი რესურსების დანერგვის შესაძლებლობებს.
ნახეთ, იმედის ტელევიზიის მიერ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ, პროექტის – ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით.