800 ოჯახის სათბობი შეშა 2.4 მილიონად

თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების თემის ახლად აშენებული წყლის სათავე ნაგებობა და მდინარე ვერხველზე მოწყობილი 40–კილომეტრიანი ქსელი ექსპლოატაციაში 2014 წლის შემოდგომაზე შევიდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფასრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 მილიონი ლარით დააფინანსა და მას ექვსი სოფლის რვაასამდე ოჯახი 24 საათიანი სასმელი წყლით უნდა მოემარაგებინა.

 

ერთ წელიწადში წყლის სათავე ნაგებობასთან მეწყერული პროცესი განვითარდა და წყალსალექი აუზები, რომლებიც დახურული არ არის, ტალახით ამოივსო. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, აუზების გასაწმენდად და მეწყრული ფერდობის გასამაგრებლად თიანეთის გამგეობის ბიუჯეტიდან  400 ათასი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ღია წყალსალექ აუზებში ზამთარში წყალი მთლიანად გაიყინა და ადგილობრივი მოსახლეობა ისევ სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

 

გასული წლიდან, სათავე ნაგებობასთან 200-300 მეტრში, სოციალური ტყეკაფები გამოიყო, რის შემდეგაც ონკანებიდან ყავისფერი წყალი მოედინება.

 

CENN–ის რეგიონული კოორდინატორის, გიორგი იორამაშვილის ინფორმაციით, ტყეკაფში შესვლისას და იქიდან ხეების მორთრევით გამოტანისას, ტრაქტორმა მდინარეში უნდა გაიაროს. ეს მღვრიე დაბინძურებული წყალი შედის აუზებში, იქიდან კი მიეწოდება ზარიძეების თემის მოსახლეობას, სკოლას და ბაგა-ბაღს“.

 

„წყალი ისეა დაბინძურებული, რომ მასში რამის გარეცხვაც კი შეუძლებელია, არათუ სასმელად გამოყენება“ – აცხადებენ სოფელ ზარიძეებში და შიშობენ, რომ წყლის სათავე ნაგებობის ზემოთ ტყეკაფების გამოყოფა, სასმელი წყლის დაბინძურების გარდა, მდინარის დაშრობასაც გამოიწვევს.

 

გიორგი იორამაშვილი: „მდინარე ვერხვლის ჩამონადენი, რომელზეც აღნიშნული წყლის სათავე ნაგებობაა მოწყობილი, ბოლო 20 წლის განმავლობაში განახევრდა. ორი სხვა პატარა მდინარე კი, რომელიც ზარიძეების თემში ჩამოედინებოდა, რამდენიმე წელია, ზაფხულში შრება. ეს უკვე ეკოლოგიური კატასტროფაა და დიდი ალბათობით, 90-იანი წლების შემდეგ ტყეებზე ინტენსიური ზეწოლის შედეგია. იმისთვის, რომ მოსახლეობამ სასმელი წყლის გამოყენება ისევ შეძლოს და 2.4 მილიონიანი პროექტი გადარჩეს, ტყეკაფების ათვისება მდინარის სათავეებში მაინც უნდა შეჩერდეს. სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება“.

 

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. თუმცა, ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის შეტყობინება მათთვის სიგნალია და მზად არიან, ექსპერტული დასკვნის საფუძველზე, მოახდინონ რეაგირება და პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიიღონ.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე CENN-მა ტყეების შეფასება ჩაატარა, რომელშიც, მეტყევე სპეციალისტის გარდა, გეოლოგიც მონაწილეობდა. მომზადებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, მდინარის სათავეებში ტყეკაფების გამოყოფის შეჩერების მოთხოვნა ოფიციალურად გაეგზავნება.

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :