CENN – ისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა - ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა

გაზრდილი სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლის შედეგად განვითარებულმა ტყეების სწრაფმა დეგრადაციამ ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურება გამოიწვია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. თუმცა, გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია და სტიქიებისაგან მიყენებული ზიანის მასშტაბიც წლიდან წლამდე იზრდება.

 

ექსპერტების განცხადებით, ბუნებრივი კატასტროფების მართვის სისტემის მთავარი ნაკლოვანება ბუნებრივი რესურსების, პირველ რიგში კი, ტყეების მართვის დაგეგმვის დროს რისკ–ფაქტორების გაუთვალისწინებლობაა.

 

კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტო ვერ ახერხებს ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შეფასებას სატყეო გზების მოწყობის თუ ტყეკაფების გამოყოფის დროს, რაც განაპირობებს მეწყრულ–ღვარცოფული პროცესების განვითარებას სამეურნეო ტყეებში. გარდა ამისა, სატყეო სააგენტო არ მონაწილეობს სტიქიების პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებში. სტიქიის შემარბილებელი ზომები მხოლოდ ურბანულ ტერიტორიებზე ხორციელდება და ბუნებრივი კატასტროფის მიზეზების აღმოფხვრის ნაცვლად, ყველა რესურსი შედეგებთან ბრძოლას ხმარდება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN –  მა, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან (WRI) ერთად, გლობალ ფორესტ ვოჩისა და ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ADC) პროგრამების ფარგლებში, მუშაობა დაიწყო „ცხელი წერტილების“ რუკაზე, რომელიც ტვენტეს უნივერსიტეტთან ერთად (ჰოლანდია) შემუშავებულ მოდელირების სქემას დაეყრდნობა.

 

ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია 12 საველე გასვლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეკოლოგიის, გეოლოგიის, გეომორფოლოგიისა და ჰიდროლოგიის სპეციალისტებთან ერთად. თოთოეულ გასვლაზე მზადდება ექსპერტული ანალიზი და ციფრული რუკა, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ეგზავნებათ პასუხისმგებელ უწყებებს.

 

მოდელირების სქემა გულისხმობს ბუნებრივი საფარის დეგრადაციისა და სტიქიური პროცესების ურთიერთმიმართების შეფასებას ბუნებრივი კატასტროფების მაპროვოცირებელი ფაქტორების მიხედვით. საველე და კამერალური კვლევების განზოგადების საშუალებით გამოვლინდება სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი რისკის ლოკაციები და სატყეოს მიეცემა რეკომენდაცია, რომ ასეთი უბნების სამეურნეო ათვისების შემთხვევაში, აუცილებლად მოახდინოს რისკების წინასწარის შეფასება.

 

დღემდე უკვე განხორციელდა რამდენიმე საველე კვლევა, მომზადდა ანგარიშები და გაიგზავნა შესაბამის უწყებებში. შედეგად, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე მოხდა ჭრების შეჩერება და გამოყოფილი ტყეკაფების გაუქმება.

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :