საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა ინოვაციურმა ცოდნის ჰაბებმა წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გამართა და 90-მდე ახალგაზრდას თავიანთი აქტიურობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიებების ფარგლებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში (გორი, ნინოწმინდა და ახმეტა) არსებულმა ჰაბმა, პარტნიორ ორგანიზაციასა და აქტიურ წევრებთან ერთად შეაჯამა განვლილი საქმიანობა, განხორციელებული ახალგაზრდული გარემოსდაცვითი თუ სოციალური კამპანიები და ჩართული ახალგაზრდები სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით დააჯილდოვა.
პროექტის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა კოორდინატორებმა ჰაბების წევრ ახალგაზრდებს ინოვაციური ცოდნის ჰაბების ახალი სტრუქტურა გააცნეს, რაც ჰაბს აქცევს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ იყვნენ როგორც ორგანიზატორთა გუნდის წევრები, ისე მონაწილეები იმ ღონისძიებების, პროექტებისა და კამპანიების, რომლებიც ეხება სოციალურ და მწვანე მეწარმეობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.
ინოვაციური ცოდნის ჰაბები 2021 წელს პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში შეიქმნა და ისინი წარმოადგენენ საგანმანათლებლო-განმავითარებელი ხასიათის სივრცეებს, რომელთა არსებობაც მიმართულია ახალგაზრდების განვითარებისა და მათი დასაქმების ხელშეწყობისაკენ. ეს არის ადგილი ახალგაზრდული საქმიანობისთვის, რომლის მიზანია ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარება სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებებით.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.