ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.
პროექტს სათავეში უდგას ააიპ თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი და მისი მიზანია გურიაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობა და მდინარე სუფსის აუზის დაბინძურების რისკების შეფასება მოქალაქეთა ჩართულობის გზით.
შეხვედრის მონაწილეებმა – ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების, კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების და სამომავლო ინიციატივების შესახებ.
მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ფორუმს ასევე ესწრებოდნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროექტის ძირითადი აქტივობების, მიღწევების, მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა პროექტის დირექტორმა ზურაბ ნასარაიამ, ლიეტუვას გარემოსდაცვითი პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მოწვეული ექსპერტმა, ვიდა ვრუბლიაუსკენემ.
შეხვედრის ბოლოს, დაჯილდოვდნენ ნახატების კონკურსის „სუფთა სუფსა“ გამარჯვებული მოზარდები, „ბუნების ქომაგი ქალის“ სერტიფიკატები გადაეცათ პროექტის მონაწილე ქალბატონებს.
პროექტი „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)“ ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს.