fbpx

დანაგვიანების მიზეზები, შედეგები და გადაჭრის შესაძლო გზები

Litter

 

დანაგვიანება ნარჩენების არასწორი განთავსების შედეგია, რომელიც იწვევს დაბინძურებას. დაბინძურება გარემოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და მისი, როგორც პრობლემის, აქტუალურობა სხვადასხვა ქვეყანაში გამუდმებით იზრდება. რადგან დანაგვიანების პრობლემის წარმოშობაზე პასუხისმგებლები არიან ადამიანები, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ ანაგვიანებენ ისინი გარემოს და როგორ შეიძლება მათი წახალისება, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. სტატია განიხილავს დანაგვიანების მიზეზებსა და შედეგებს და გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

რატომ ანაგვიანებენ ადამიანები?

ადამიანებს დანაგვიანება სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო დროთა განმავლობაში ჩვევად ექცათ. ისინი მიეჩვივნენ, ნებისმიერ ადგილზე დაუფიქრებლად დაყარონ ნარჩენი. უამრავი ადამიანი ვერ იაზრებს, ან არასწორად აფასებს საკუთარი ქმედებით გარემოს დაბინძურების უარყოფით შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა, როგორც ცალკეული პირების ქცევა, გავლენას არ ახდენს საერთო სურათზე, მათ მიერ ქუჩაში ნაგვის დაყრა საერთო მდგომარეობას უარესობისკენ ვერ შეცვლის. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს შესაფუთი მასალით, სიგარეტის ნამწვით ან სხვა ნარჩენით ანაგვიანებენ. ასეთი ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაყრილი ნარჩენი სხვამ უნდა აკრიფოს, ამიტომაც დაბინძურების მთელი ტვირთი, როგორც წესი, სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს აწვებათ. ამდენად, საზოგადოებრივ ადგილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაკლებობა ან სრული არქონა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

 

საქართველოში ბევრი ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი თუ, უბრალოდ, ქალაქის მცხოვრები ქუჩების დანაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად ნაგვის კონტეინერების ნაკლებობას ასახელებს. სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ამა თუ იმ ადგილზე ნარჩენების არსებობა განაპირობებს აღნიშნული ადგილის კიდევ უფრო დანაგვიანებას[1]. ქუჩაში დაყრილი ნარჩენი ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უსარგებლო ნივთების დაყრა შეიძლება. აღნიშნული ფაქტორი, ადგილობრივი ნარჩენების მართვის მომსახურების არარსებობა/ნაკლოვანებასთან ერთად, შესაძლოა, მივიჩნიოთ საქართველოს სოფლებში საკმაოდ გავრცელებული არალეგალური ნაგავსაყრელების არსებობის მიზეზად.

 

დანაგვიანების შედეგები

დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე – იქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. წყლის მეშვეობით მომწამვლელი ნაწილაკები ნარჩენებიდან ადვილად გადადის მდინარეებში, ტყის ტერიტორიებზე, ტბებსა თუ ოკეანეებში, რაც საბოლოოდ ნიადაგისა და წყლის გარემოს დაბინძურებას იწვევს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება[2]. დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ წყლის სისტემის დაბინძურება და საფრთხე შეუქმნან იმ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, რომლებიც მოიხმარენ დაბინძურებულ წყალს.

 

გავრცელებულია სრულიად არასწორი აზრი, რომ სიგარეტის ნამწვი ბუნებაში რამდენიმე დღეში იშლება. სინამდვილეში ამ პროცესისთვის მას, ცელულოზის შემცველობის გამო, ათეულობით წელი სჭირდება[3]. სიგარეტის ნამწვი შეიცავს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, როგორიცაა დარიშხანი, რომელიც აბინძურებს წყალსა და ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის.

 

გარემოსა და მისი ბინადრებისთვის კიდევ ერთ საფრთხეს პლასტმასის ნარჩენები წარმოადგენს. ხშირად ზღვისა თუ ხმელეთის ცხოველებს ისინი საკვებში ეშლებათ: რადგან პლასტმასის მონელება შეუძლებელია, შედეგად მცირდება კუჭის მოცულობა, რაც გრძელვადიან პერიოდში მოქმედებს კვების პროცესზე და ცხოველი შესაძლოა, დაღუპვამდეც მიიყვანოს. უამრავი დაღუპული წყლის ცხოველი – ჩიტების, ზვიგენების, დელფინებისა და კუების ჩათვლით – იქნა ნაპოვნი, რომლებსაც კუჭში სიგარეტისა და პლასტმასის ნარჩენები აღმოაჩნდათ[4]. ყოველწლიურად დაახლოებით ზღვის 100,000 ძუძუმწოვარი ეწირება ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს[5]. ზოგიერთი ნარჩენი შეიცავს აგრეთვე მომწამვლელ ნივთიერებასა და ბასრ დეტალებს, რამლებსაც ასევე შეუძლიათ ცხოველის სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების გამოწვევა.

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი შედეგებისა, დანაგვიანება ქვეყანას, საზოგადოებასა და თითოეულ მოქალაქეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება დიდ რესურსს საჭიროებს, რაც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და, ამ პრობლემის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. დაბინძურებული გარემო ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და აუფასურებს მიმდებარე ტერიტორიის როგორც ესთეტიკურ, ისე რეალურ ღირებულებას: ქალაქის დაბინძურებულ უბნებში სახლები და კერძო საკუთრება ნაკლები ღირებულებისაა. ამასთან, დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ ტურიზმზეც, რადგან ის არასასიამოვნო იერს სძენს ქალაქის უბნებსა და გზისპირა ტერიტორიებს. ამიტომ, ტურისტები თავს არიდებენ ასეთი ადგილების სტუმრობასა და აქ არსებულ სასტუმროებში  ცხოვრებას.

 

დაბოლოს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, დანაგვიანება შესაძლოა, ავტოავარიის მიზეზიც კი გახდეს. გზაზე დაგდებული მცირე ნარჩენი საკმარისია სახიფათო სიტუაციის შესაქმნელად.  მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინმე ზემოდან გადაუვლის გზის სავალ ნაწილზე დაგდებულ ნარჩენს, თუ მკვეთრი მანევრირებით ეცდება, გვერდი აუაროს მას – ამან შეიძლება ავტოავარია გამოიწვიოს და სერიოზული დაზიანებებითა და ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს.

 

 

პრობლემის გადაჭრის გზები

დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო, იდეალური გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა. თუმცა, თუ მოსახლეობას მოეთხოვება, რომ არ დაანაგვიანოს გარემო, მეორე მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა ამისთვის საჭირო პირობები უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ნარჩენების ეფექტიანი განკარგვისათვის  ნარჩენების შეგროვების საკმარისი რაოდენობის კონტეინერი განთავსდეს შესაბამის ადგილებში – ქალაქის ცენტრში, სავალ ბილიკებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსების გაჩერებასა და სწრაფი კვების ობიექტებთან. ეს უფრო მოსახერხებელს გახდის ნარჩენების შეგროვებასა და მის მართებულად განკარგვას. ამასთან,  კონტეინერების გადავსებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი რეგულარული დაცლის უზრუნველყოფა.

 

სამწუხაროდ, მხოლოდ ნარჩენების შეგროვების კონტეინერების განთავსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქუჩაში ნარჩენები აღარ დაიყრება. აუცილებელია შესაბამისი ეფექტიანი  რეგულაციების დაწესება  და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღსრულება, რაც  ხელს შეუწყობს დანაგვიანების შემთხვევების პრევენციას კერძო თუ საზოგადოებრივ ადგილებში. ასეთი რეგულაციები კრძალავს ნარჩენების უნებართვოდ განთავსებასა და დანაგვიანებას.

 

შევინარჩუნოთ დასუფთავებული ბრიტანეთი – ამ კამპანიის მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემოღებული სანქციების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად ყალიბდება იმის მიხედვით, რამდენად არის ინდივიდი დარწმუნებული ამ საჯარიმო სანქციების აღსრულებაში. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობას სულაც არ სჯერა, რომ ისინი დაჯარიმდებიან გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, ხშირად არ იციან, რომ ეს დანაშაულად ითვლება. ადამიანებმა კი ეს უნდა გაიგონ და ირწმუნონ. იმავე კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც უნახავთ ან სმენიათ დაჯარიმების ფაქტების შესახებ, ნაკლებად აბინძურებენ გარემოს[6].

 

მსოფლიო მასშტაბით დაბინძურების საწინააღმდეგოდ გავრცელებულია სხვადასხვა ზომა, მათ შორის ჯარიმები. მაგალითად, კალიფორნიაში დანაგვიანების პირველი შემთხვევისთვის საჯარიმო სანქცია მოიცავს ჯარიმას 100-დან 1000 დოლარამდე და, მინიმუმ, რვასაათიან დასუფთავების სამუშაოებს, ხოლო ყოველი შემდეგი შემთხვევისთვის ჯარიმა და სამუშაოს ხანგრძლივობა იზრდება. ლუიზიანაში კი განზრახ დანაგვიანება, გარდა სტანდარტული ჯარიმებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულებისა, ერთი წლის ვადით მართვის მოწმობის ჩამორთმევითა და 30 დღემდე პატიმრობითაც შეიძლება დასრულდეს[7]. საქართველოში 2015 წელს მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ქუჩაში მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები 80-დან 150 ლარამდე მერყეობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები წარმოადგენენ აღნიშული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს და კანონდამრღვევები სისტემატურად ჯარიმდებიან შესაბამისი უწყებების მიერ. თუმცა დაჯარიმებისთვის აუცილებელია კანონდამრღვევის მიერ დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირება, ქუჩის ყოველი მონაკვეთის კონტროლი კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ეჭვგარეშეა, რომ ჯარიმებს ნამდვილად აქვთ გავლენა ადამიანების ქცევაზე, რაც გარემოს დანაგვიანებას ეხება, თუმცა სიტუაციის გამოსწორების საქმეში მთავარ ბერკეტს განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი შედეგის უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი დასუფთავების აქციები შესაძლოა, ეფექტიანი გზა იყოს მოსახლეობაში დაბინძურების საწინააღმდეგო გზავნილის გასავრცელებლად. ამავე მიზნით კარგი იქნება, საკითხი უფრო ინტენსიურად გაშუქდეს ტელევიზიის, სოციალური ქსელების, ბიულეტენებისა და გაზეთების საშუალებით. ისეთ ადგილებში, სადაც დანაგვიანება შედარებით ინტენსიურ ხასიათს ატარებს (როგორებიცაა ქუჩები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურები), საჭიროა დანაგვიანების საწინააღმდეგო ნიშნების დაყენება, რომლებიც მუდმივად შეახსენებს ადამიანებს დანაგვიანების უარყოფით შედეგებს და მოუწოდებს იმისკენ, რომ დაიცვან და არ დაანაგვიანონ გარემო.

 

არსებობს მოსაზრება, რომ არა მარტო ჯარიმები, არამედ წამახალისებელი კამპანიები, სხვადასხვა ტიპის ჯილდოს გადაცემაც კარგი საშუალებაა დანაგვიანების პრევენციის მიზნით. ადამიანები ნარჩენების სწორად განკარგვისთვის შესაძლოა, დაჯილდოვდნენ, მაგალითად, სავაჭრო ვაუჩერებით. მედიის თუ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდეს ინფორმაცია ამის შესახებ, რაც იქნება კარგი მაგალითი და სტიმულის მიმცემი ადამიანებისთვის, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს, დაიცვან, არ დაანაგვიანონ და მართებულად განკარგონ წარმოქმნილი ნარჩენები[8].

 

[1] What is Littering? Conserve Energy Future, Rachel Oliver.

[2] Walking Green: Ten Harmful Effects of Litter, Green Eco Services, Cathy, 2008.

[3] Twenty Astonishing Facts About Littering, Conserve Energy Future, Rinkesh, 2018.

[4] What is Littering? Conserve Energy Future, Rinkesh.

[5] Walking Green: Ten Harmful Effects of Litter, Green Eco Services, Cathy, 2008.

[6] The Effectiveness of Enforcement on Behavior Change, Keep Britain Tidy, 2011.

[7] States with Littering Penalties, National Conference of State Legislatures, 2014.

[8] Why do People Litter? Litterology, Karen Spehr and Rob Curnow, 2015.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :