ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც ხშირად ერთჯერადი მოხმარებისაა და სწრაფად გარდაიქმნება ნარჩენად. როგორც წესი, ერთი ადამიანის მიერ წარმოქმნილი პლასტმასის ნარჩენების რაოდენობით რთულია, წარმოვიდგინოთ, ის უარყოფითი შედეგები და მათი მასშტაბები, რაც პლასტმასის ნარჩენების არასწორ მართვას მოჰყვება შედეგად. პლასტმასის წარმოებისა და დანაგვიანების პრობლემის გასააზრებლად საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში ნაწარმოები პლასტმასის რაოდენობის ანალიზი, აგრეთვე გარემოში გადაყრილი ან ნაგავსაყრელზე განთავსებული ყველა სახის პლასტმასის ნარჩენის მასშტაბის გაანალიზება. მაინც რა რაოდენობის პლასტმასას აწარმოებს ადამიანი და რა რაოდენობის პლასტმასის ნარჩენია დაგროვებული გარემოში?
პლასტმასის წარმოება მსოფლიოში, ძირითადად მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიხედვით, პლასტმასის წარმოება 1950 წელს მსოფლიოში 2 მილიონ ტონას უტოლდებოდა, ხოლო 2015-ში წლიურმა წარმოებამ 380 მილიონ ტონას მიაღწია. იმავე კვლევის მიხედვით, 1950 წლიდან 2015 წლამდე ჯამურად ნაწარმოებია 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა, საიდანაც 6.3 მილიარდი ტონა უკვე გადაიქცა ნარჩენად. ნარჩენად გადაქცეული პლასტმასის მხოლოდ 9%-ია გადამუშავებული, 12% – ინსინირებული და 79% (4.9 მილიარდი ტონა) ნაგავსაყრელზე განთავსებული ან გარემოში გადაყრილი.[1]
8.3 მილიარდი ტონა რთულად აღსაქმელი რაოდენობაა ადამიანისთვის, მაგრამ საინტერესოა, რამხელა მასასთან გავქვს საქმე? კითხვაზე პასუხის გასაცემად და პრობლემის მასშტაბურობის გასააზრებლად მოცემული რაოდენობა შევადაროთ ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ საგნებს. მაგალითად, 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასა იგივეა რაც 25,000 Empire State Building, 822,000 ეიფელის კოშკი, 80 მილიონი ლურჯი ვეშაპი და 1 მილიარდი სპილო.
2015 წლამდე ნაწარმოები პლასტმასის რაოდენობის შედარება სხვადასხვა საგნებთან და არსებებთან
მონაცემების მიხედვით, 1950 წლიდან 2015 წლამდე გამოშვებული პლასტმასის რაოდენობის ნახევარი ბოლო 13 წლის განმავლობაში იქნა წარმოებული. შესაბამისად, პლასტმასის წარმოება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და მიმდინარე ტემპით 2050 წლისთვის დაახლოებით 12 მილიარდი ტონა პლასტმასა დაგროვდება ნაგავსაყრელებსა და გარემოში.
მსოფლიოში პლასტმასის ნარჩენის წარმოქმნა, გადამუშავება, ნაგავსაყრელზე განთავსება და საპროგნოზო მაჩვენებლები 2050 წლამდე
იმავე კვლევაზე დაყრდნობით, 1950 წლიდან 2015 წლამდე ჯამურად გადამუშავებული პლასტმასის წილი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 600 (9%) მილიონი ტონა, რომელთაგან მხოლოდ 10% გადამუშავდა ხელმეორედ. პლასტმასის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ევროპა – 30%-ით და ჩინეთი – 25%-ით, აშშ კი გადაამუშავებს პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 9%-ს. რაც შეეხება ინსინირებას – ევროპასა და ჩინეთში ამ მაჩვენებელმა 2014 წელს 30 და 40%-ს მიაღწია, აშშ-ში კი – 16%-ს. გადამუშავების მაღალი მაჩვენებელია ჩინეთში, რაც განსაკურებით მნიშვნელოვანია, რადგან ის გვევლინება მსოფლიოში პლასტმასის ყველაზე დიდ მომხმარებლად და მწარმოებლად.
პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. ამასთანავე, აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკის დონეზე კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის – ცნობიერების ამაღლება დანაგვიანებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, გადამუშავების ხელშეწყობა, წარმოებისა და მოხმარების შემცირება.
ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა დედამიწასა და გარემოზე განსაკუთრებით გაიზარდა მე-20 საუკუნეში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდისა და მასთან დაკავშირებული ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა დარგების მამოძრავებლ ძალად იქცა წიაღისეული რესურსის მოპოვება და გადამუშავება. მსოფლიოში ცხოვრების დონისა და ეკონომიკის ზრდა – განვითარებასთან ერთად იზრდებოდა წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობაც. მაგალითად, სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ განვითარებული ქვეყნები წარმოქმნიან უფრო მეტ ნარჩენს, ვიდრე განვითარებადი, კონკრეტულად, ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენის რაოდენობა OECD-ის წევრ ქვეყნებში 2–ჯერ მეტია, ვიდრე განვითარებად სახელმწიფოებში.[2] ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას იმით, რომ განვითარებულ ქვეყნებში მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა მოიხმარს უფრო მეტ პროდუქტს და სარგებლობს უფრო მეტი მომსახურებით.
აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს მთავარ დამაბინძურებლებად რჩებიან განვითარებადი ქვეყნები, რადგან განვითარებად სამყაროში არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები, არ მიმდინარეობს გადამუშავება და მათი დიდი ნაწილი გარემოში უკონტროლოდ ხვდება. მეცნიერების ჯგუფმა შეისწავლა ოკეანეების საყოფაცხოვრებო პლასტმასით დაბინძურების ტენდენცია და დასკვნა, რომ ოკეანეებში პლასტმასის 95% მხოლოდ 10 მდინარიდან ხვდება, ესენიაა: ნილოსი, ინდი, განგი, ხუანხე, იანძი, ნიგერი, ამური, ჰაიჰე, მეკონგი და Pearl River-ი[3]. თუ დავაკვირდებით მოცემული მდინარეების აუზს (იხილეთ სურათი) შევამჩნევთ, რომ ისინი განვითარებადი ქვეყნების ტერიტორიების გავლით ჩაედინებიან ოკეანეებში და სწორედ მოცემული ქვეყნების ტერიტორიიდან ბინძურდება ოკეანეები პლასტმასით.
პლასტმასის 95% ოკეანეებში დასახელებული 10 მდინარის გავლით ხვდება, რომლებიც განვითარებადი და დაბალგანვითარებული ქვეყნების ტერიტორიებზე მიედინება
American Association for the Advancement of Science-ის კვლევის მიხედვით 2010 წელს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი მოხვდა მსოფლიო ოკეანეებში.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა საქართველოში პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნისა და გადამუშავების მხრივ. საქართველოში ყველაზე გავრცელებული პლასტმასის ნარჩენი პროდუქციის შეფუთვის დროს გამოყენებული პლასტმასის ტარა და პეტბოთლებია. მათი ადგილობრივი წარმოება და იმპორტი ბოლო წლებში განსაკურებით გაიზარდა და 2015 წელს დაახლოებით 30 ათასი ტონა შეადგინა. სამწუხაროდ, საქართველოში პლასტმასის გადამამუშავებელი სექტორი არ არის განვითარებული და ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პილოტური პროექტის სახით მიმდინარეობს პლასტმასის ნარჩენის მხოლოდ სეპარირებული შეგროვება. შეგროვებული ნარჩენის თითქმის მთლიანი რაოდენობა გადის ექსპორტზე, რომლის მოცულობამაც 2015 წელს მხოლოდ 800 ტონა შეადგინა, პლასტმასის ნარჩენის (პეტბოთლები და პლასტმასის ტარა) დაახლოებით 2-3%.[4]
ამრიგად, მოცემული მიმოხილვით შევეცადეთ, განგვესაზღვრა, თუ რა რაოდენობის პლასტმასის ნარჩენს წარმოქნის ადამიანი და შესაბამისად, რამდენად დიდი ძალისხმევა სჭირდება კაცობრიობას პლასტმასის პრობლემით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. მომდევნო სტატიაში შევეცდებით, განვიხილოთ, კონკრეტულად რა ნეგატიური ეფექტები აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემაზე პლასტმასის არასწორ გამოყენებასა და ამ ნარჩენით გამოწვეულ დანაგვიანებას.
სტატია დამზადებულია CENN–ის პროგრამა WMTR II–ის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს USAID.
WMTR II პროგრამა საქართველოს მთავრობას ეხმარება ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვით. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მდგრადი განვითარების გამოწვევების გადასაჭრელად.
WMTR II პროგრამა საქმიანობას საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ა.რ. და ქალაქ თბილისში ახორციელებს შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:
-ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის განხორციელება
-ნარჩენების გადამმუშავებელი კერძო სექტორის განვითარება
-ნარჩენების უკანონო განთავსების ჯარიმები და სატარიფო პოლიტიკა
-საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
WMTR II პროგრამას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://environment.cenn.org/
[1] Geyer, Jambeck, Law – “Production, use and fate of all plastic ever made”; Science Advance; 2017.
[2] Urban Development Series – Knowledge papers; waste generation; chapter 3.
[3] http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-4970214/95-plastic-oceans-comes-just-TEN-rivers.html
[4] WMTR – Georgian Recycling Market Research, 2015.