ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის გამარჯვებულს- სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლას საპრიზო თანხა, 8 000 ლარი გადაეცა. სკოლამ მიღებული ფულადი ჯილდო სასკოლო პირობების გასაუმჯობესებლად საჭირო ტექნიკის შეძენაში გამოიყენა.
პატარა სოფელ გვიმრიანში 256 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი საბაზო სკოლაც მხოლოდ ცხრა კლასამდე განათლებას იძლევა. სრული საშუალო განათლების მისაღებად, გვიმრიანელ ახალგაზრდებს თავიანთ სოფელთან ახლომდებარე დიდი სოფლების სკოლებში, ან სულაც, ქალაქ ლაგოდეხში უწევთ სიარული.
გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბი კეცხოველის კონკურსში ჩართვისთანავე სუპერ-აქტიური იყო. გოგოებმა, (რომელთა მაქსიმალური ასაკი 16 წელია) მთელი წლის მანძილზე, ათობით დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოაწყვეს.
ეკოკლუბელები ხშირად ხვდებოდნენ მუნიციალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს წევრებს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ხშირ შემთხვევაში, ეკოკლუბების საზოგადოებრივი მცდელობები წარმატებით სრულდებოდა.
გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბი აქტიურად თანამშრომლობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებთან. ბავშვები ერთად გეგმავდნენ ვებინარებს, ლექციებს, განხილვებს და მიუხედავად მათი მცირე ასაკისა, აღნიშნულ ღონისძიებებს წარმატებით ართმევდნენ თავს.
გვიმრიანელების, ისევე როგორც კეცხოველის პრემიის მონაწილე სხვა ეკოკლუბების მთავარი მიზანი იყო აქტივიზმი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.