რაც დრო გადის, ყოველდღიურობა მით უფრო წარმოუდგენელი ხდება ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტისა თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუქციონირებისთვის დიდი რაოდენობით ენერგიაა საჭირო. მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, განუწყვეტლივ იზრდება ენერგორესურსებზე მოთხოვნა, რაც XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი სახლების, შენობებისა თუ სატრანსპორტო საშუალებების ენერგორესურსებით აღჭურვა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამ რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ მძიმე შედეგებთან.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყარომ იპოვა გამოსავალი და ჩვენს ყოველდღიურობაში გაჩნდა ტერმინი – ენერგოეფექტიანობა, რომელიც ნაკლები ენერგიის გამოყენებითა და დანახარჯით იგივე ან მეტი ენერგოსარგებლის შექმნას გულისხმობს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ენერგიის დაზოგვა და მისი ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახების, საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს კეთილდღეობაზე.
რა სარგებელი მოაქვს და რისთვის არის მნიშვნელოვანი ენერგოეფექტიანობა ჩვენს ყოველდღიურობაში ?
ენერგოეფექტიანობის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი კომუნალური ხარჯების შემცირებაა. გარდა ხარჯების შემცირებისა, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი უხილავი შედეგები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯამრთელობასთან. მაგალითად, ენერგოეფექტიანობა ამცირებს ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევასა და გარემოს დაბინძურებას. თუ დავზოგავთ ელექტროენერგიასა და გაზს – შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას და გლობალური დათბობის პროცესებს. ასე რომ, ენერგოეფექტიანობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გონივრული გზაა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, რადგან ის გვეხმარება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებაში.
ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები
ენერგიის დეფიციტი, ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნა, მაღალი ფასები, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ეკოლოგიური პრობლემები განაპირობებს იმას, რომ ენერგოეფექტიანობა მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
თანამედროვე სამყაროში გამოჩნდა ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებით, ნაკლები დანახარჯებით იგივე რაოდენობის ენერგიას ვიღებთ. ასეთ ტექნოლოგიებს ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებს ვეძახით. ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი სახლები და შენობები მოიხმარს ნაკლებ ენერგიას/ელექტროენერგიას სხვადასხვა მოწყობილობებისათვის – გასათბობად, გასაგრილებლად თუ ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც დადებითად
აისახება, რადგან ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ვიღებთ იმავე რაოდენობის ენერგიას გაცილებით დაბალ ფასად და შესაბამისად, ვზოგავთ ჩვენს ფინანსებსაც.
იმისათვის, რომ ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებულად ჩაითვალოს, ამ ტექნოლოგიის მხოლოდ ტექნიკური პოტენციალი საკმარისი არ არის. ენერგოეფექტიანი ტექნოლოგია წარმატებულად ითვლება მაშინ, თუ ის ტექნიკურ მონაცემებთან ერთად არის ეკონომიური და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო.
მაგალითის სახით წარმოგიდგენთ რამდენიმე ენერგოეფექტიან ტექნოლოგიას, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორები
რას ნიშნავს მზის ენერგიით წყლის გაცხელება და რისთვის არის ის საჭირო?
მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები წარმოადგენს სისტემას, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მზის ენერგიაზე მუშაობს და ცხელი წყლის მოწოდებას უზრუნველყოფს. ამ სისტემის გამოყენება, წლის მანძილზე, ენერგომატარებლის (ელ.ნერგია, გაზი, შეშა) 75-80 %-იანი ეკონომიის საშუალებას იძლევა.
რა არის მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორი?
მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორი წარმოადგენს ქვემოდან კარგად იზოლირებულ, მინით დაფარულ დაფას, რომელშიც წყლის მილებია განთავსებული. კოლექტორი მზის რადიაციას შთანთქავს, თბურ ენერგიად გარდაქმნის და ათბობს წყალს, რომელიც თბოიზოლირებულ ავზში გროვდება. ზაფხულის თვეებში, წყლის ტემპერატურა კოლექტორში 45-65 °C-ს აღწევს, ზამთარში კი 15-25 °C-ს.
რა უნდა გავითვალისწინოთ მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორის შერჩევისას?
-1 ადამიანზე ცხელი წყლის მოხმარების საშუალო დღიური ნორმა 50 ლიტრია;
-50 ლიტრი ცხელი წყლის მიღებას დღიურად 11.5 მ2 ფართობის კოლექტორი უზრუნველყოფს;
-1 მ2 კოლექტორის ფართობზე 4,070 ლიტრიანი ავზია საჭირო;
-მუშაობის პრინციპის მიხედვით, მზის წყლის გამათბობელი სისტემები ორ კლასად შეგვიძლია გავყოთ: (1) პასიური სისტემა, რომელშიც წყალი ტუმბოს გარეშე ცირკულირებს და (2) აქტიური სისტემა, რომელშიც წყლის ცირკულირება წნევიანი ტუმბოს საშუალებით ხორციელდება.
რას უდრის მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორის დაყენების შედეგად დაზოგილი თანხა?
1მ2 ფართობის მზის კოლექტორი, ყოველწლიურად, ელექტროენერგიის გადასახადს 200 ლარამდე დაზოგავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1მ2 მზის კოლექტორის ღირებულება 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 600-1000 ლარს შეადგენს, მასზე გაწეული ხარჯის ამოღების პერიოდი 35 წელიწადია.
მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორის სისტემის დაყენებით მიღებული სარგებელი
ეკონომიკური: მზის კოლექტორის სისტემა მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ წყლის გაცხელებაზე დახარჯულ ენერგიას და ხელს შეუწყობს კომუნალური გადასახადების შემცირებას.
უძრავი ქონების ღირებულების მატება: გათბობისა და წყლის გაცხელებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით თქვენს უძრავ ქონებას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდით.
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება: მზის კოლერქტორის სისტემის გამოყენებით მიღებული თბური ენერგია (ცხელი წყალი) თითქმის ნულოვან ზიანს აყენებს გარემოს.
გაზრდილი ენერგოდამოუკიდებლობა: მზის ენერგიის გამოყენებით ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით კომუნალური მომსახურების კომპანიებსა თუ ქყვყანაში შემოტანილ წიაღისეულ საწვავზე.
მზის პანელები
მზის პანელები გამოიყენება მზის სხივის ელექტროენერგიად გარდაქმნისთვის.
მზის პანელები აგროვებენ სუფთა განახლებად ენერგიას სინათლის სახით და გარდაქმნიან მას ელექტროენერგიად. პანელები შედგება რამდენიმე ინდივიდუალური მზის ელემენტისგან, რომლებიც თავად შედგებიან სილიციუმის, ფოსფორის და ბორის ფენებისგან. მათი წყალობით პანელი შთანთქავს ფოტონს, რითაც წარმოქმნის დენს. კარგად დაბალანსებული ქსელთან დაკავშირებული კონფიგურაციის პირობებში, მზის პანელი დღის განმავლობაში გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც შეგვიძლია მყისიერად მოვიხმაროთ, ან დავაგროვოთ და მზის ჩასვლის შემდგომ გამოვიყენოთ.
მზის პანელების დაყენებით მიღებული სარგებელი:
-მზის ამოუწურავი ენერგია;
-საქართველოში უკვე შესაძლებელია მზის ელექტროსადგურის ცენტრალურ ქსელზე დაერთება, რაც უზრუნველყოფს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელშიჩაშვებას. შედეგად, მნიშვნელოვნად იაფდება მზის საშუალებით მიღებული ელექტროსადგურის ფასი, ვინაიდან აღარ არის საჭირო აკუმულატორები და დაგროვებისთვის საჭირო ხელსაწყოები;-
-მზის ელექტროსადგურს არ აქვს ხმა, გამონაბოლქვი, იგი ყველანაირი ემისიისგან თავისუფალია. ის არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს;
-საკუთარი ელექტროსადგურით ადამიანი დამოუკიდებელი ხდება. არ არსებობს გამომუშავების ლიმიტი, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაზარდოთ სადგურის სიმძლავრე, თუ ამისი საჭიროება დადგა. ამასთანავე, ქსელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს თქვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა რაოდენობა იქნება ის. ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგია ან გაიქვითება ან ანაზღაურდება ქსელის ოპერატორის მიერ;
-თქვენზე არ მოქმედებს ტარიფის მატების ფაქტორი;
-გამოყენებული ტექნოლოგია არ არის საშიში, არ არის ფეთქებადი და არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს იმ შენობისთვის, სადაც ის მონტაჟდება;
-მზის ელექტროსადგურის მოქნილი კონფიგურაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მისი მორგება მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებაზე. შესაძლებელია მინიმალური 50 ვატიდან 100 კილოვატამდე და მეტი სიმძლავრის ნებისმიერი სადგურის დაყენება;
–ქსელისგან დამოუკიდებელი სისტემების არსებობა; გამოიყენება განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც ცენტრალური ქსელი არ არსებობს, ან ქსელის მიყვანა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მთის დასახლებებში და ა.შ.
ენერგოფექტიანი ღუმლები
საქართველოს ბევრ რეგიონში მოსახლეობა გასათბობად ჯერ კიდევ შეშის ღუმლებს იყენებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ტყის რესურსებზე. შეშის ღუმლების ენერგოეფექტიანი ღუმლებით ჩანაცვლებით შესაძლებელია როგორც ტყის მერქნული რესურს დაზოგვა, ისე ნაკლები დანახარჯებით იგივე და ხშირ შემთხვევაში, გაზრდილი ენერგიის მიღება. ენერგოეფექტიანი ღუმლების ენერგოეფექტიანობის მაჩვენებელი, სტანდარტულ ღუმელებთან შედარებით, ბევრად მაღალია.
თბოიზოლაცია
შენობის ენერგიის უდიდესი დანახარჯი გათბობასა და გაგრილებაზე მიდის. კერძოდ, მთლიან ენერგომოხმარებაში გათბობა-გაგრილების წილი ორი მესამედია. სხვადასხვა მასალით დათბუნება კი ამ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.
თბოიზოლაცია ენერგომოხმარების შემცირების ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს. დათბუნების გამოყენებით, შენობის გათბობისა და გაგრილების საჭიროების 60-70%-ით შემცირებაა შესაძლებელი.
დათბუნების შედეგად მიღებული სარგებელი
შემცირებული ენერგო დანახარჯები – კარგად დათბუნებული შენობა მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ენერგიაზე გაწეულ ხარჯს. სახლის თბოიზოლაცია წარმოადგენს კომუნალური გადასახადების შემცირების ერთ-ერთ ეფექტიან მეთოდს.
CO2-ის შემცირებული გაფრქვევები – კარგად დათბუნებული შენობა უზრუნველყოფს ნაკლებ თბოდანაკარგებს ატმოსფეროში. ასევე, დათბუნების შედეგად შენობის გასათბობად საჭიროა ნაკლები ენერგია, რაც ასევე დადებითად აისახება გარემოზე.
გაუმჯობესებული კომფორტი – კარგად დათბუნებული შენობა ტემპერატურის სასურველი ნიშნულის უფრო მარტივად მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, რაც მეტ კომფორტს ნიშნავს, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში.
შემცირებული კონდენსაცია – კარგად დათბუნებული შენობა ტემპერატურის სასურველი ნიშნულის კონდენსატი ბევრი შენობისათვის რეალურ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. დათბუნება შენობაში ტენიანობის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ, რაც კონდენსატის წარმოქმნის პროცესს შეაჩერებს.
გაუმჯობესებული ხმის იზოლაცია – თბოიზოლაცია, ასევე, შენობის ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ხმაურის შეჩერების გზით, შენობის შიგნიდან გარეთ და გარედან – შენობაში.
ქვაბამბის რამდენიმე მთავარი უპირატესობა:
-აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტი;
-ეკოლოგიურად სუფთაა და გახურების შემთხვევაშიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს;
-საუკეთესოა ხმის იზოლაციისთვის;
-ქვაბამბა, ფაქტობრივად, არ იწვის;
-ვერანაირი სიმძლავრის მექანიკური დატვირთვა ვერ ახდენს მის დეფორმირებასა და მახასიათებლების შეცვლას;
-არ იცვლის ფორმასა და სტრუქტურას, ტემპერატურის ცვლილების მიუხედავად, ამიტომ ქვაბამბა გამოიყენება ისეთ ობიექტებზე, სადაც ზედაპირის ტემპერატურა შეიძლება იყოს -200 °-დან +600 °-მდე.
-აქვს ბიოლოგიური და ქიმიური მდგრადობა მაშინაც კი, თუ მასთან კონტაქტში ლითონის საგნებია. შესაბამისად, მას არ ახასიათებს კოროზია.
-მარტივი დასამუშავებელია: დაჭრა, ფორმის მიცემა, გადაღუნვა და ა.შ, რაც სამონტაჟო სამუშაოებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
-ქვაბამბას გრძელვადიანი გამძლეობა ახასიათებს. სწორი ინსტალაციის პირობებში, მას მუშაობის, პრაქტიკულად, შეუზღუდავი ვადა აქვს;
-ქვაბამბის შეძენა შესაძლებელია ფილებისა და რულონების სახით, რომლებიც საჭირო ზომაზე ადვილად იჭრება. ასევე, მარტივია მისი ფიქსაცია.
-მიუხედავად იმისა, რომ ქვაბამბა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დასათბუნებელი მასალაა, მისი საშუალებით, მაგალითად, სახურავის დათბუნება საჭირო ინვესტიციის 5-6 წელიწადში ამოღებას უზრუნველყოფს.
ბიომასის ქვაბები
ბიომასის ენერგია
ბიომასა, როგორც ენერგეტიკული რესურსი, ცოცხალთან ერთად არაცოცხალ ბიოლოგიურ ორგანიზმებს მოიცავს, რომელიც საწვავად გამოიყენება. მათ პირველადი ბიომასა ეწოდებათ. მეორადი ბიომასა კი პირველადის გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის გადამუშავების, სასოფლო-სამეურნეო, მცენარეული და ცხოველური, კვების მრეწველობის, საყოფაცხოვრებო და მუნიციპალური ნარჩენებია.
ყოველწლიურად საქართველოში 4,4 მლნ ტონამდე სხვადასხვა სახის ბიომასა გროვდება, რომლის ენერგეტიკული პოტენციალი წელიწადში 12,5 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს და ენერგიის მისაღებად ამ პოტენციალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიყენება. ბიომასის, როგორც განახლებადი ენერგეტიკული რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგანაც ბიომასა ბიოდეგრადაციის პროცესში ატმოსფეროში უფრო მეტ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, ვიდრე მისი ენერგეტიკულ რესურსად გამოყენებისას.
სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასა
სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასა განსაკუთრებით ღირებულია. მისი თბოუნარიანობა ქვანახშირის თბოუნარიონობას აღემატება და წარმატებით გამოიყენება სათბობად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ენეგრეტიკული მიზნებით გამოყენებადი ნარჩენი მიიღება როგორც სოფლის მეურნეობის ერთწლიანი (სიმინდი, მზესუმზირა, ქერი, ლობიო, ხორბალი, შვრია ა შ.), ასევე მრავალწლიანი მცენარეებისგან. განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, ნარჩენების დაახლოებით 35% შეიძლება იქნას ათვისებული ისე, რომ არ დაზიანდეს მიწის ფენა და საფრთხე არ შეექმნას მცენარეების შემდგომ ზრდას.
(აქ ქვაბების რეალური ფოტოები ჩაჯდება)
ბიომასის ქვაბები ენერგიის მისაღებად იყენებს ბუნებრივ მასალებს, როგორებიცაა – ხის მარცვლები, ე.წ. ჩიპები ან პალეტები, რათა უზრულველყონ ქვაბების გათბობა, რომელიც შემდგომ გამოიყენება როგორც ცხელი წყლის მისაღებად, ასევე გასათბობად.
2021 – 2022 წელს, CENN-მა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ქედა ლიდერისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ქედის მუნიციპალიტეტის 66 სკოლა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით აღჭურვა, კერძოდ, სკოლებს გადაეცათ: მზის პანელები, მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორები, ენერგოეფექტიანი ღუმელები, ხანძარსაწინააღმდეგო სტენდები, თბოიზოლაცია და გათბობის სისტემის გაუმჯობესების ინდივიდუალური პროექტები;