CENN-მა, ამერიკის სატყეო სერვისისა (USFS) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, „სააუზო მართვა, ტყის მენეჯმენტი და ბუნებრივი კატასტროფები საქართვლოში“ ინიციატივის ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო ექსპედიციების შედეგად იდენტიფიცირებული დეგრადირებული აუზების მდგომარეობის შეფასებებისა და სააუზო მართვის გეგმების წარდგენა, რომლებიც მომზადდა ამერიკის სატყეო სამსახურის (US Forest Service) წყალშემკრები აუზის მდგომარეობის ჩარჩო სახელმძღვანელოს (Watershad condition framework) მიხედვით.
„მოხარული ვართ, შევაჯამოთ საქმიანობები, რომლებიც განხორციელდა ინტეგრირებული სააუზო მართვის ხელშეწყობის მიზნით ჩვენს მთავარ პარტნიორებთან: გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, სატყეო სააგენტოსთან და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტთან ერთად. ინიციატივის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტყის მდგომარეობისა და ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების რისკის ერთმანეთთან დაკავშირება. გვჯერა, რომ ტყეების მდგრადი მართვა მნიშვნელოვანია მდინარეების აუზების ჯანსაღი ეკოსისტემების შექმნისა და შენარჩუნებისათვის. ამგვარად, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ექსტრემალური ნალექის მოსვლის შედეგად გამოწვეულ კატასტროფების რიცხვს, და, შესაბამისად, მათგან მიღებულ ზარალს, რომელიც თანაბრად აზიანებს როგორც სოფლად მცხოვრებ ყველაზე მოწყვლად თემებს, ასევე, ქალაქის მაცხოვრებლებს თუ ბუნების ეკოსისტემებს.“- ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.
შეხვედრაში მონაწილე დარგის ექსპერტებმა ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის, მასთან დაკავშირებული გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა მართვის სისტემის განახლება-გაუმჯობესების ინიციატივა განიხილეს.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსეს CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ; აშშ სატყეო სამსახურის პროექტის კოორდინატორმა, ლეა ლორდმა; ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა; ტყის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა (MEPA), პაპუნა კაპანაძემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) ჰიდროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ ქინქლაძემ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ, ამერიკის სატყეო სერვისის (USFS) „სააუზო მართვა, ტყის მენეჯმენტი და ბუნებრივი კატასტროფები საქართვლოში“ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით.