მწვანე მეწარმეობა, სოციალური მეწარმეობა მწვანე ზრდისთვის, მეწარმეობა მდგრადი განვითარებისათვის – ეს ის ტერმინებია, რომლებიც სიტყვას „მეწარმეობა“ დამატებით ღირებულებებს სძენს და მას გაცილებით ფართო კონტექსტში განიხილავს.
მწვანე მეწარმეობა, ეს არის საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, გარემო და მასზე ზრუნვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მწვანე მეწარმეები, თავიანთი საქმიანობით, ცდილობენ დადებითი გავლენა მოახდინონ გარემოზე და შექმნან ისეთი ბიზნეს მოდელები, რომლებიც კონკრეტული სოციალურ და ეკოლოგიური გამოწვევების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.
ახალგაზრდა, ვისზეც მოგიყვებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა და ის თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, თვლის, რომ წარმატებული დამწყები მეწარმეა.
გამოვიყენებთ მარიამის მაგალითს და ვეცდებით, ინტერვიუს კითხვისას, ზუსტი წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რა არის მეწარმეობა და რა კავშირი აქვს მას გარემოს დაცვასთან. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენივე გარემო პირობების გაუმჯობესებისათვის და რას ნიშნავს, ვიყოთ სოციალური მეწარმეები მწვანე ღირებულებებით!
მაშ ასე, გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს მარიამ ნარსავიძესთან, ახალგაზრდა მწვანე მეწარმესთან სვანეთიდან, რომელიც წელს, CENN-ის მწვანე სტიპენდიის მფლობელიც გახდა!
მარიამ, მოგვიყევი, როდის და როგორ დაიწყო შენი გარემოსდაცვითი საქმიანობა?
ჩემი გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიური ჩართვა უკავშირდება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას. 2016 წლიდან, ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი GREEN SPACE, რომელმაც მნიშვნელოვნად გარდაქმნა ჩემი გარემოსდაცვითი ცნობიერება და ჩვენს მიერ განხორციელებულმა უამრავმა აქტივობამ, შემდგომში უკვე ჩამომაყალიბა აქტიურ გარემოს დამცველად.
რამ გამოიწვია შენი დაინტერესება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ და რას მოიცავს შენი საქმიანობა?
მართალი გითხრათ, სანამ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში ჩავერთვებოდით, სკოლაში ხშირად ტარდებოდა გარემოსდაცვითი აქტივობები, მაგრამ დიდი ინტერესი არ მქონია. ჩვენმა პირველმა წარმატებამ ამ კონკურსში საგრძნობლად ამიმაღლა მოტივაცია და ეს საქმიანობა უკვე საინტერესო გახდა ჩემთვის. გავაცნობიერე, რომ ეს მარტო კონკურსი კი არ იყო, არამედ მნიშვნელოვან და სერიოზულ საქმეებს ვაკეთებდით და ბევრად უფრო მეტად ვეხმარებოდით გარემოს, ვიდრე ჩვენ გარშემო უფროსები. ხშირად უფროსებს ჩვენ ვაძლევთ რჩევებს და აქტიურად ვთანამშრომლობთ თემთან უკეთესი გარემოს შესაქმნელად.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია იყო პირველი იმპულსი იმისა, რომ ვყოფილიყავი უფრო აქტიური და მეკეთებინა ისეთი საქმეები, რაც სარგებელს მომიტანდა მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და შესაძლებლობას მომცემდა, მეცხოვრა უკეთეს და ჯანსაღ გარემოში.
ჩემი გარემოსდაცვითი საქმიანობა მრავალფეროვანია. მე აქტიურად ვატარებ ტრენინგებს სკოლის უმცროსი კლასელებისთვის, თემის ახალგაზრდებისთვის, ვკერავ ეკო-ჩანთებს და ჩემი სკოლის ეკოკლუბელებთან ერთად ხელს ვუწყობ მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას რეგიონში.
რა არის შენთვის გარემოს დაცვა?
გარემოს დაცვა ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა და ეს არა მარტო ჩემთვის, არამედ დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. გარემოს დაცვა ჩემთვის ყველაფერია, ვთვლი, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება – ჩვენი უფლება.
თვლი, რომ ხარ მწვანე მეწარმე?
დიახ, მე ვთვლი, რომ ვარ მწვანე მეწარმე. მეწარმე ქმნის პროდუქტს ან მომსახურებას და ის ამ პროცესში თავის ცოდნასა და უნარებს იყენებს. მისი შექმნილი პროდუქტით კი მეწარმეს სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის. მე ვქმნი ეკოჩანთებს, რითიც ხელს ვუწყობ, რომ მოსახლეობამ აიმაღლოს ცნობიერება და შეამციროს პოლიეთილენის პარკების გამოყენება. ჩემი შექმნილი პროდუქრის რეალიზებით შემოსული თანხა კი ხმარდება ეკოაქტივობებს.
რას ნიშნავს შენთვის, იმოღვაწეო სოციალური მეწარმეობის სფეროში და იზრუნო გარემოზე?
სოციალური მეწარმეობის სფეროში მოღვაწეობა და გარემოზე ზრუნვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, რომ ჩვენ, ადამიანებმა, გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ, რომ მასზე ზრუნვა ვისწავლოთ და ვეცადოთ, არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.
ვიყო მწვანე მეწარმე, ეს არის ჩემთვის შესაძლებლობა, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და მაქსიმალურად შევამცირო ერთჯერადი პარკების გამოყენება, რათა ნაკლებად დაზიანდეს გარემო. ამას გარდა, საქმიანობა, რომელსაც მე ვეწევი, ორიენტირებულია თემში საზოგადოების გარემოსადმი დამოკიდებულებების ცვლილებებისკენ, ეკოწიგნიერების ამაღლებისაკენ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
რა არის შენთვის მწვანე ინოვაცია? თვლი, რომ შენი საქმიანობა ინოვაციურია?
მწვანე ინოვაცია ჩემთვის არის ინოვაციური და გარემოსადმი მეგობრული საქმიანობა. ჩემთვის, ჩემი საქმიანობა ინოვაციურია, რადგან ჩვენს რეგიონში, არსად ხდება ნაჭრის ჩანთების წარმოება ჩვენი სოფლის გარდა.
რა იყო შენთვის მთავარი გამოწვევა, როდესაც შენი საქმიანობა დაიწყე?
ჩემთვის მთავარი გამოწვევა საქმიანობის დაწყებამდე იყო საჭირო რესურსების არარსებობა. გვქონდა სურვილი, მაგრამ შესაძლებლობა არა. საჭირო იყო სათანადო ნედლეული, ასევე, ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები არ იყო საკმარისი საქმიანობის დასაწყებად.
თუმცა, ჩვენს თემში არსებული სოციალური საწარმო გახდა შესაძლებლობა, განმევითარებინა ჩემი თავი. სკოლის ბაზაზე გავიარე პროფესიული უნარების განვითარების კურსი და შევისწავლე ხელსაქმე, რის შემდეგაც, ბატონმა ლადო აფხაზავა, ერთ-ერთ კონკურსში მოგებული თანხით, სკოლაში სოციალური საწარმოს გახსნაში დაგვეხმარა და სწორედ მაშინ დავიწყეთ ულამაზესი ჩანთების წარმოება.
ამ ეტაპზე ისევ გამოწვევად რჩება სარეალიზაციო პუნქტების ნაკლებობა. მეტი რეალიზებული ჩანთა, მეტი გარემოსდაცვითი აქტივობის განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს.
რა სამომავლო გეგმები გაქვს მწვანე მეწარმეობის კუთხით? CENN-ის სტიპენდიას როგორ გამოიყენებ შენს გეგმებში?
ვფიქრობ, ისევ გავაგრძელო ეკო-ჩანთების წარმოება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ჩანთები უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. CENN-ის სტიპენდია ამაში ნამდვილად დამეხმარება. მიღებულ თანხას გამოვიყენებ პროდუქციის წარმოების ზრდითვის, უმცროსი ასაკის მოსწავლეებში ეკოჩანთების წარმოების სწავლებისთვის და ფესტივალის “მწვანე ნარჩენების მართვა“ მოწყობისთვის.
რას ეტყოდი შენს თანატოლებს, როგორ მოუწოდებდი, რომ აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით და სოციალურ აქტივობებში?
ჩემს თანატოლებს მოვუწოდებდი, რომ უნდა ვეცადოთ, ჩვენს გარემოზე ვიზრუნოთ და განადგურებამდე არ მივიყვანოთ ის, რათა მომავალ თაობას დახვდეს ის ისეთივე ჯანსაღი, როგორიც დაგვხვდა ჩვენ.
ჩვენ უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს გაკვალული გზა, აქედანვე ვუჩვენოთ და ვასწავლოთ გარემოზე ზრუნვა. და ბოლოს, ვიცხოვროთ სუფთა გარემოში ეს ჩვენი უფლებაა, ხოლო ვიზრუნოთ გარემოზე – ჩვენი ვალდებულება.