fbpx

როგორ ვუშველოთ გადაყრილ საკვებს?

ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ და არ ვჭამთ, რომელსაც მაცივარში ვინახავთ და გვავიწყდება, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული ვადა ეწურება და ვაგდებთ,რომელიც მარკეტების დახლებიდან ან ბაზრობებზე არ იყიდება და იყრება, რომელიც სახლში თუ რესტორანში სუფრაზე დარჩა და ნარჩენების ურნაში განთავსდა – ეს ყველაფერი იქცევა საკვების ნარჩენად. ჩვენ კი, ამ და სხვა ყოველდღიური ქმედებებით, ხელს ვუწყობთ დიდი რაოდენობის საკვები ნარჩენის წარმოქმნას.

~

საკვების ნარჩენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ნარჩენია, რასაც დღესდღეობით კაცობრიობა წარმოქმნის. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად შვიდ მილიონამდე ადამიანი მშიერი მიდის დასაძინებლად. გამოთვლებით კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რიცხვს, სულ ცოტა, 130 მილიონით გაზრდის. ამის პარალელურად კი, ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა საკვები იკარგება და იყრება. ეს ის რაოდენობაა, რაც დაახლოებით სამ მილიარდ ადამიანს გამოკვებავდა.

საკვები ნარჩენების ბედი საქართველოში

რამდენად გონივრულად  მოვიხმართ საკვებ პროდუქციას და რამდენად რაციონალურად ვმართავთ საკვებ ნარჩენებს, რამდენად ვითვალისწინებთ გარემოსდაცვით საკითხებს ამ პროცესებში?

ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. აქედან უდიდესი ნაწილი, დაახლოებით, 700 ათასი ტონა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდება. 40% სწორედ ორგანული ნარჩენია, მათგან უდიდესი წილი კი – საკვებ ნარჩენებზე მოდის.

დღეს საქართველოში 32 მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, 400-მდე ნაგავსაყრელი კი სტიქიურად, უკანონოდ არის წარმოქმნილი. ნარჩენების ის უზარმაზარი რაოდენობა, რაც ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე ხვდება, პირდაპირ ზემოქმედებს გარემოზე, აისახება ჩვენს ხარჯებზე და ზოგად, კეთილდღეობაზე.  

რატომ და როგორ ხვდება ამ რაოდენობის სურსათი ნაგავსაყრელზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების წილი 19.5%-ია, ხოლო საქართველოს 400 ათასზე მეტი  მოქალაქე საარსებო შემწეობას იღებს.

მიზეზი არაერთია- საჭიროზე დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოება და მიწოდება, სამომხმარებლო კულტურა, დღესასწაულებზე ჭარბი რაოდენობის საკვები პროდუქტის შეძენა, არასწორი ეტიკეტირება, დაზიანებული შეფუთვა, ცუდად შენახული პროდუქტი, ჰიგიენის ნორმების არ დაცვა, პროდუქტის ვიზუალური მხარე და კიდევ არაერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს ჭარბი საკვები ნარჩენის წარმოქნის მიზეზი.

საკვები ნარჩენების ზემოქმედება გარემოზე  

საკვების ნარჩენები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. მსოფლიოში წარმოებული საკვების უდიდესი ნაწილი ნაგავსაყრელზე ხვდება. ლპობის პროცესში ორგანული ნარჩენი გამოყოფს მეთანს, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კლიამტის გლობალურ ცვლილებაში.  გლობალური დათბობის შერბილებისათვის, აუცილებელია სურსათის ნარჩენების შემცირება, რასაც გადამწყვეტი როლი აქვს. სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული და ნაგავსაყრელზე ორგანული ნარჩენების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემისიები, მთლიანი ანტროპოგენული ემისიების დაახლოებით 8%-ს შეადგენს.

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში, საკვები ნარჩენები ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კატეგორიაშია შესული. ბიოდეგრადირებადი ნიშნავს ისეთ პროდუქტს, რომელიც ბუნებრივ გარემოში იხრწნება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა  საკვები პროდუქტის შემთხვევაში ხრწნის  პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს და შესაბამისად, ამ პროცესის შედეგად, გარემოზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედება ხდება. ასეთია, მაგალითად, ხორცპროდუქტები. საკვები ნარჩენების წარმოქმნაში ხორცი საკმაოდ მცირე წილს იკავებს, თუმცა მისი ლპობის/ხრწნის  პროცესი კლიმატურ ცვლილებებზე, სხვა ორგანულ ნარჩენებთან შედარებით, ბევრად მაღალ გავლენას ახდენს.  

სად მიდის საკვები რესტორნებიდან და მარკეტებიდან?

საკვების ნარჩენების წარმოქმნის ჯაჭვში მარკეტებსა და რესტორნებს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭებათ. სად მიდის რესტორნებში დარჩენილი საკვები, ან მაღაზიის დახლებზე მოთავსებული პროდუქტი, რომელიც არ გაიყიდა და რომელსაც ვადა არ გასვლია? უმეტეს შემთხვევაში, ეს პროდუქტი ნადგურდება ან ნაგავსაყრელზე ხვდება. რა რაოდენობის პროდუქტი ნადგურდება მარკეტებში, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის. თუმცა,  ყველა ამ დაწესებულებას საკვებად ვარგისი პროდუქტის საქველმოქმედო დაწესებულებებისთვის გადაცემა რომ შეეძლოს, გაცილებით ნაკლებ ადამიანს შეექმნებოდა საკვები დეფიციტი.

მარკეტებში ყველაზე ხშირად რძის ნაწარმი, კონსერვები, გაყინული პროდუქტი და ბურღულეული რჩება. იმის გამო, რომ რიგითი მომხმარებელი არ არის ინფორმირებული ეტიკეტირების დეტალების შესახებ, შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ მის შეძენას თავს არიდებს.

თუცმა, შეფუთვაზე დატანილი ყველა თარიღი არ ნიშნავს ვადის ამოწურვას:

„შენახვის ვადა“ (“sell-by”) – ნიშნავს რამდენი ხანი არის შესაძლებელი პროდუქტის მაღაზიაში გაჩერება. პროდუქტი ამ ვადის გასვლამდე უნდა იქნას რეალიზებული.

„უმჯობესია გამოიყენოთ ამ რიცხვისთვის ან აქამდე“ (“Best if Used By (or Before)”) – ამ წარწერის შემთხვევაში, ვადის გასვლა არ ნიშნავს, რომ პროდუქტი საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის, არამედ მიუთითებს, რომ უკეთესი არომატისა და ხარისხისთვის უმჯობესია პროდუქტი გამოყენებული იქნას შეფუთვაზე მოცემულ რიცხვამდე.

„გამოიყენეთ ამ რიცხვისთვის“ (“Use-By”) – ნიშნავს, რომ მითითებულ დღეს პროდუქტის ხარისხი საუკეთესო ნიშნულს მიაღწევს.

ვინაიდან მომხმარბელი ხშირად არ არის ინფორმირებული საკვებ პროდუქტებზე დატანილ თარიღებზე და ვინაიდან მარკეტებს ხშირად სურთ თავი აარიდონ ხარისხი დაცემის ჩივილს, დახლებიდან პროდუქტი მითითებული თარიღის გასვლამდე ორი კვირით ადრე ქრება. ამით მაღაზიები მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა, საკვები პროდუქტის უმეტესობა, ეტიკეტზე მითითებული თარიღის შემდეგაც ვარგისია. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, თუ ეს საკვები განადგურების ნაცვლად ან ფასდაკლებით იყიდებოდეს, ან უსასყიდლოდ გადაეცეს ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, ვინც საკვებს გონივრულად გადაანაწილებდა იმ პირებზე, რომლებიც ამ საკვებს საჭიროებს.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ასე არ ხდება. ბევრი ბიზნესისთვის საკვების ამ ფორმით გასხვისება ზარალის მომტანი შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე, მომხმარებელთა ნდობის თვალსაზრისით. პირველ რიგში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საქველმოქმედო მიზნებით გაცემული პროდუქტი იბეგრება და მაღაზიებს დამატებით მოგების (15%) და დღგ-ის (18%) გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, მაღაზიები ეტიკეტზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ, გაყიდული საკვების ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებენ. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკვების განადგურება კომპანიებს გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე მათი გაჩუქება დაუჯდებოდათ.

არანაკლებ პრობლემურია ჭარბი პროდუქტის წარმოება. ჩვეულებრივ დღეებში მარკეტებისთვის მარტივია იმ რაოდენობის მარაგის შევსება, რაც გაიყიდება და შესაბამისად, მინიმალური ნარჩენი დარჩება. სადღესასწაულო დღეებში კი, მსგავსი გაანგარიშება საკმაოდ რთულდება. ამიტომ, მაღაზიები გადაჭარბებულ მარაგს იძენენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენი დღესასწაული აღინიშნება საქართველოში სუფრასთან, ადვილი გამოსაცნობია რამდენად ხშირად უწევთ მარკეტებს ჭარბი, არა პროგნოზირებული, მარაგის გაკეთება.

დიდი რაოდენობის საკვები იყრება რესტორნებიდანაც. დღეს გაცილებით ბევრი ადამიანი მიირთმევს კვების დაწესებულებებში. დიდი დღესასწაულების აღნიშვნამ სახლებიდან რესტორნებში გადაინაცვლა. სახლის პირობებში სადღესასწაულო სუფრისთვის მომზადებული კერძებით მომდევნო ერთი კვირა შეიძლება იკვებებოდეს ოჯახი. რესტორანში მომზადებული სუფრიდან დარჩენილი საკვები კი, ხშირ შემთხვევაში – იყრება.

სად არის გამოსავალი?

საკვები ნარჩენების მართვა გლობალური პრობლემაა. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა სასურსათო ნარჩენების რაოდენობა. საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა სასურსათო ნარჩენებთან ბრძოლაში. ქვეყანაში  აკრძალულია ვარგისი საკვების განადგურება. მეწარმეებს დარჩენილი საკვების საქველმოქმედო მიზნებით დისტრიბუცია ევალებათ.  

არსებობს უამრავი წარმატებული ინიციატივა, რაც საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პრაქტიკაა სურსათო ბანკების შექმნა. სასურსათო ბანკი არის შუამავალი რგოლი დონორსა (სუპერმარკეტი, რესტორანი და ა.შ.) და საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის. მათი დახმარებით საკვები მიეწოდება მათ, ვინც საჭიროებს საკვებ პროდუქტს და მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. სათემო მაცივრები – საჯარო სივრცეებში განთავსებული მაცივრები, რომელშიც გაზიარებული საკვებია მოთავსებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საკვების მოხმარება. ასეთივე წარმატებული ინიციატივაა აპლიკაცია Too Good to Go, სადაც შეღავათიან ფასად შეიძლება მაღაზიებში დარჩენილი, ვარგისიანი, არ გაყიდული პროდუქტის შეძენა. აპლიკაცია მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში არის ხელმისაწვდომი.

საქართველოში უკვე დაიწყო კერძო და სამთავრობო სექტორს შორის დიალოგი ამ საკითხებზე და შესაბამისად, საკანონდმებლო დოკუმენტის მომზადება. ეს დიალოგი ხელს უწყობს საკვები ნარჩენების შემცირების ხელშეწყობის გზების ძიებას.

ჩვენი ეკონომიკური, სოციალური და გარემო პირობები არ გვაძლებს იმის ფუფუნებას, რომ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გავაგზავნოთ. ნარჩენების მართვის იერარქიაში უპირატესობა ნარჩენების პრევენციას, ნარჩენების წარმოქმნისშემცირებას უჭირავს. საკვები ნარჩენების გონივრული მართვით, ჩვენ შეგვიძლია რეალური გავლენა მოვახდინოთ სოციალური და გარემოსდაცვითი პირობების გაუმჯობესებაზე. 

სტატია მომზადებულია ონლაინ მედია “ამბებს მიღმა”-ს მიერ.

სტატიის ავტორი: მაკა ჩხაიძე

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :