სტატია ახალგაზრდა ქალი სოციალური მეწარმეების შესახებ ცხინვალის რაიონიდან, რომლებიც მოსახლეობას მდგრადი მოდის ნივთებს სთავაზობენ – „მეორე შანსი | Second Chance“.
ავტორი: მარიამ ისპირიანი
დები ქეთი და ლია ჯავახიშვილები ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისში დაიბადნენ და აქვე გაატარეს ბავშვობის წლები, თუმცა 2008 წლის აგვისტოში მათ ოჯახს ცხინვალის დატოვება მოუხდა და ე.წ. გამყოფ, საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთში, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეს.
ქეთიმ და ლიამ საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს მცოცავი ოკუპაცია, რა სირთულეებთან არის ის დაკავშირებული იმ ხალხისთვის, ვინც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ცხოვრობს, ამიტომაც მუდმივად ფიქრობდნენ, როგორ მოეტანათ სასიკეთო ცვლილებები საკუთარი თემისთვის და ხელი შეეწყოთ ადგილობრივთა დასაქმებისა და განვითარებისთვის.
2020 წელს, ესტონეთის დევნილთა საბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“, დებმა „ტანსაცმლის სახელოსნო- მეორე შანსი“ დააარსეს.
„მეორე შანსი“ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მდებარეობს. მისი ბიზნესმოდელი სოციალური საწარმოს მუშაობის პრინციპებს ეფუძნება და ამასთანავე, ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში, კერძოდ კი ტექსტილის ნარჩენების შემცირებაში. მეორეულ სამოსს, რომელიც ნარჩენების მართვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, საწარმოში აახლებენ, ახალ სიცოცხლეს სჩუქნიან და შეიძლება ითქვას, რომ მათ მოხმარებაში დაბრუნების „მეორე შანსს“ აძლევენ.
გარდა ტექსტილის ნარჩენის შემცირებისა, საწარმო დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი ქალების უნარების გაძლიერებასა და შემდგომში მათ დასაქმებაში.
„სოფელ ხურვალეთში არ არის შესაძლებლობა, რომ ადამიანები დასაქმდნენ. ტანსაცმლის მაღაზიაც კი არ გვაქვს. მე და ჩემს დას გვქონდა დიდი სურვილი, რომ აქ გაგვეკეთებინა საწარმო და რაიმე სიახლე შემოგვეტანა თემში. ადრე თემის მოსახლეობა გორში ჩადიოდა სამოსის საყიდლად, ან თბილისში მიდიოდა, მაგრამ პანდემიის გამო უკვე ამასაც ვეღარ ახერხებენ“ – აღნიშნავს ქეთი ჯავახიშვილი.
ქეთი ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, მისი და ლია კი BTU – ში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. დებს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე გაუადვილდათ საწარმოს მართვის ფუნქციების გადანაწილებაც. ქეთი დიზაინის კუთხით მუშაობს, ხოლო ლია საწარმოს ადმინისტრაციულ საკითხებს მართავს.
დები უკვე მუშაობენ საწარმოს გაფართოებაზე და უახლოეს მომავალში ახალი საკერავი დანადგარების შეძენასაც გეგმავენ.
დღეისთვის საწარმო საზოგადოებას სხვადასხვა სერვისსა და პროდუქტს სთავაზობს, როგორიცაა საწარმოს მიერ განახლებული სამოსი, რომელიც მოსახლეობას შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს, მომხმარებლის მიერ მიწოდებული სამოსის განახლება, გადაკეთება მომხმარებლის სურვილისამებრ და მაისურებზე და ჰუდებზე ბეჭდვა.
დები ცდილობენ, რომ თავიანთ შექმნილ დიზაინში მცოცავი ოკუპაციის პრობლემა ხშირად გააჟღერონ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს 2008 წლის ომისა და ოკუპაციის მწვავე საკითხების შესახებ.
ქეთი ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ზოლს მიღმა მდებარეობს, რთულია რაიმე სიახლის დანერგვა, თუმცა სწორედ მსგავსი სოფლები წარმოადგენს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ დასახლებებს. ქეთისა და მისი დის განსაკუთრებული მოტივაციაც გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მათ სურთ ასეთი ადგილების გაძლიერება და მოსახლეობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
„ვფიქრობთ, ჩვენი ინიციატივით მოტივაციას ვაძლევთ ადგილობრივებს იმისათვის, რომ ისინი აქ დარჩნენ და ჰქონდეთ ცხოვრებისთვის უკეთესი პირობები. გარდა ამისა, ვცდილობთ, მათ შევუმციროთ ის სტრესი, რომელიც ოკუპაციის თემით არის გამოწვეული,-“ აღნიშნავს ქეთი.
სტატია მომზადდა გორის ინოვაციური ცოდნის ჰაბის მიერ ორგანიზებულ “ქალები მეწარმეობაში” კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისათვის“.