20 ივნისი, 2022 წელი. თბილისი. კლიმატის ცვლილება მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ გარემოს და ქვეყნების ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით აგრძელებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით, კლიმატის ეროვნული პლატფორმის (NCP) რიგით მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა.
NCP-ის მეოთხე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტი მხარდაჭერის სერვისები GCF ქვეყნის პროგრამების დასრულების პროცესში ალბანეთში, საქართველოში, მოლდოვასა და სერბეთში, რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია Global Factor.
„კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი და პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას.“ – მაია ცხვარაძე, კლიმატის ცვლილების სამმართველოს ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საკონსულტაციო პროცესი მოიცავს საქართველოსთვის არსებული GCF ქვეყნის პროგრამის პროექტის განახლებას, ქვეყანაში უკვე განხორციელებული განვითარების ინტერვენციებზე დაყრდნობით. საკონსულტაციო ფირმა მუშაობს დოკუმენტის გარკვეული ნაწილების განახლებასა და გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფონდის უახლესი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება ქვეყნის პროგრამის დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავებისას.
ამ ეტაპზე საკონსულტაციო ჯგუფი აახლებს საინვესტიციო და მზაობის პროექტების შემოთავაზებულ პორტფოლიოს. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია შესაბამისი ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებსაც შეუძლიათ შეიმუშაონ საპროექტო იდეები პორტფოლიოში შესატანად. სწორედ ეს წარმოადგენდა შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც თავად პროექტის, მის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, ასევე, GCF-ის ქვეყნის პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსისა და საინვესტიციო პროექტების პორტფოლიოს შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პოტენციურ საპროექტო იდეებზე და სამომავლო ნაბიჯებზე ამ მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
NCP აერთიანებს კლიმატის ცვლილების სფეროში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს – სახელმწიფო სტრუქტურებს, დონორ ორგანიზაციებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ეფექტიანი ჩართულობის ხელშეწყობას.
2021 წლის იანვრიდან CENN-მა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი ინიციატივა საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.
CENN საქართველოს კლიმატის პროგრამას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 4 სამიზნე რეგიონში (გურია, იმერეთ, რაჭა–ლეჩხუმი და კახეთი) ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომით, განახორციელებს.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“–ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 მილიონი ევროა.