სომხეთის სამი რეგიონიდან 15-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ შემეცნებით სასწავლო ვიზიტში საქართველოში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა CENN და Green Lane. სასწავლო ვიზიტის მიზანი სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და სინერგიული აქტივობების დაგეგმვა იყო.
ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებმა ლორის, ტავუშისა და შირაქის რეგიონებიდან მოინახულეს ევროკავშირის დახმარებით, პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში დაარსებული სოციალური საწარმოები გორის, ნინოწმინდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ახალგაზდებმა გაცვალეს ინფორმაცია სომხეთში არსებული სამეწარმეო გარემოს გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ და გამართეს დისკუსიები თითოეულ ქვეყანაში ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინოვაციური ცოდნის ჰაბების ლიდერები გაიცნეს და მათთან ერთად ახალი, რეგიონული კამპანიები დაგეგმეს, რომელსაც ისინი უახლოეს მომავალში განახორციელებენ და ამით კიდევ უფრო გააძლიერებენ კავშირს სომხეთსა და საქართველოს შორის.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.