fbpx

საქართველოს სკოლები ნიკო კეცხოველის გზაზე

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პირველი ტური დასრულდა. ერთ‑ერთ ყველაზე მასშტაბურ სასკოლო კონკურსის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, ათასამდე სასკოლო გარემოსდაცვითი ღონისძიება განხორციელდა.

 

კონკურსში ჩართულმა 200‑მდე სკოლამ მართლაც შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ისინი, შესაბამისი გადამზადების შემდეგ, დამოუკიდებლად ქმნიდნენ გუნდებს, პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ გამწვანების, დასუფთავების, კვლევის, მონიტორინგის, ადვოკატირების, გარემოსდაცვითი განათლების სამუშაოებს და აშუქებდნენ ბეჭდური და ელექტრონული მედიით. მომზადდა სატელევიზიო და რადიო რეპორტაჟები. სოციალურ ქსელში მოსწავლეები თავიანთ მწვანე იდეებსა და აქტივობებს #CENN_GreenWatch-ზე ათავსებდნენ.

 

კონკურსმა, აფხაზეთიდან, მაღალმთიანი სვანეთიდან თუ ზემო აჭარიდან მოყოლებული, საქართველოს არაერთი სოფელი და ქალაქი მოიცვა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოახერხეს მოეპოვებინათ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა და გამწვანების 70‑მდე აქცია მოეწყოთ. ისინი ამწვანებდნენ საკუთარი სკოლის ეზოებს თუ მუნიციპალურ ტერიტორიებს ხულოსა და ქედაში, ხარაგაულსა და ჩხოროწყუში, ყვარელსა და სურამში.

 

ემოციური სანახავი იყო, როგორ ასუფთავებდნენ დანაგვიანებულ მდინარეს მულახის სკოლის მოსწავლეები მაშინ, როდესაც სვანური დიდი ყინვების გამო ბევრი ადამიანი სახლიდან გასვლასაც კი ვერ ბედავს; როგორ იკვლევდნენ იმერეთის სოფელ ბაზალეთში თუ სამეგრელოს სოფელ ეწერში ტყის მერნულ და არამერქნულ რესურსებს, ბიომრავალფეროვნებას, საძოვრებს თუ ნარჩენების მართვის პრობლემატიკას.

 

„მწვანე რეაქციის“ კამპანიაში სკოლებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა 150‑მდე სოფლის რწმუნებული და ათეულობით მუნიციპალიტეტის გამგებელი. სკოლის დაწყებულ საქმეს თვითმმართველობა აგრძელებდა სოფელ საგვაზაოში (სამეგრელო), კაჭრეთში (კახეთი), დიდ დმანისში (ქვემო ქართლი), ორულუში (სამეგრელო), ფარში (სვანეთი), ალამბარში (აჭარა), გორში (შიდა ქართლი)…

 

გორის #1 სკოლის მოსწავლეები არდადეგების პერიოდშიც კი ატარებდნენ გარემოსდაცვით გაკვეთილებს, რომელიც, კონკურსის ფარგლებში შეიმუშავეს და სამინისტროსთან შეთანხმებით დანერგეს სკოლაში. ეს გაკვეთილები დღემდე ტარდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის პირველი ტური 20 იანვარს დასრულდა, სოფელ ქსნის სკოლის (მცხეთა–მთიანეთი) მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებს ახლაც ახორციელებენ. მათ დაამტკიცეს, რომ გარემოს დაცვა და სიყვარული კონკურსის შემდეგაც გრძელდება. ქსნის სკოლამ საახალწლო ვიდეო‑მილოცვების „ფეისბუქის“ მოწონებების კონკურშიც გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

 

აქტიური და გამორჩეულია აჭარის სკოლები. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქტიურია მაღალმთიანი ხულოს მუნიციპალიტეტი. მაგალითად, სოფელ დიდაჭარის სკოლამ არამხოლოდ მრავალი სახის გარემოსდაცვითი კვლევა, დასუფთავების თუ გამწვანების აქცია ჩაატარა, არამედ, როდესაც აჭარაში ტრადიციულად დიდი თოვლი მოვიდა, მოსწავლეებმა დაიარეს მათი სოფელი და სოფელში მცხოვრებ მოხუცებს სახლები და ხეები გადაუთოვლეს. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი მაღალმთიან აჭარაში, დიდ, გაუვალ თოვლში ხდებოდა.

 

ბევრისათვის მისაბაძი და სამაგალითო იყო ქალაქ გორის N1 სკოლის გუნდის აქტივობები. კონკურსის პირველი ტურის დასკვნით ფაზაში გორელმა ბავშვებმა მოდელირებული სასამართლოც კი მოაწყვეს და მონადირე „გაასამართლეს“. დაჭრილი გარეული ტახი „დაზარალებულის“ სახით მოგვევლინა, პროკურორად, მოსამართლედ, მსაჯულებად და მოწმეებად გარდასახულმა ბავშვებმა კი მთავარ პრობლემად სუსტი კანონმდებლობა დაასახელეს.

 

ქულებით პირველ ადგილზე გასულმა სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის გუნდმა (სამცხე–ჯავახეთი)  სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, ბავშვებისათვის ეკოთეატრიც კი მოაწყო.

 

ტრადიციულად გამორჩეული და აქტიური იყო იმერეთი, კახეთი და სამეგრელო. თელავის N1 სკოლის ლიდერებმა საკუთარი ინიციატივით დაგეგმეს და განახორციელეს აქცია‑მოძრაობა, რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობაში ქალების მეტი ჩართულობის პროპაგანდას ითვალისწინებს.

 

ინიციატივები ბევრი იყო, ნიკო კეცხოველის სახლ‑მუზეუმის აღდგენიდან დაწყებული, თბილისის ცენტრალური პარკის შექმნით დასრულებული, რისთვისაც სკოლის მოსწავლეები დისკუსიებს ხელისუფლებასთან, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან მართავენ. მხოლოდ ის რად ღირს, რომ 60–მდე სკოლამ ნიკო კეცხოველის მიერ აღწერილი მარშრუტები გაიარა და ხელახლა აღწერა.

 

არაერთი მოსწავლე და პედაგოგი კონკურსის აღმოჩენად იქცა. აფხაზეთის რეგიონის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიაზეც შეძლეს და ნამდვილი კონკურენცია გაუწიეს სხვა რეგიონებს.

 

წინ ჯერ ნახევრფინელები, შემდეგ კი ფინალია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ საქართველოს ნამდვილად ეზრდება „მწვანე თაობა“ – ადამიანები, რომლებიც გარემოზე ყველა ასაკში იზრუნებენ  და ამ თაობის იმედი ყველას უნდა გვქონდეს!

 

კონკურსის ორგანიზატორები არიან: CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინიციატივა ხორციელდება პროექტის, ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ფოტოგალერეა:

 

ketskhoveli (3) ketskhoveli (1)

ketskhoveli (2) ketskhoveli (1)

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :