fbpx

ძლიერი წყალმოვარდნების რისკი ქ. თბილისში ნ. ჟვანიას ქუჩაზე (ვარაზისხევი)

აღნიშნული პუბლიკაცია მომზადებულია CENN – ის ექსპერტის, გეოეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის მიერ

 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) 2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეზე მომხდარი წყალმოვარდნის მეორე დღესვე დაიწყო საველე დაკვირვებების ჩატარება სტიქიის გამომწვევი მიზეზებისა და კატასტროფული შედეგების შეფასების მიზნით. მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგები აისახა CENN–ის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „მდინარე ვერეს 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნა“.

 

მდ. ვერეს წყალმოვარდნით გამოწვეული კატასტროფის ანალიზმა ცხადყო, რომ მსგავსი შედეგების მომტანი წყალმოვარდნების ხდომილობის ალბათობა ქ. თბილისის საზღვრებში, მდ. მტკვრის სხვა შენაკადებზეც, საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, CENN-მა საჭიროდ ჩათვალა ქ.თბილისში მდ. მტკვრის სხვა შენაკადებისთვისაც დამახასიათებელი ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების აუცილებლობა. ჩატარებული დაკვირვებების შედეგები აისახა ორგანიზაციის მიერ 2016 წ. გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში „თბილისის ბუნებრივი კატასტროფები“.

 

CENN–ის მიერ ძველი და ახლად მოპოვებული მასალების შეჯერების საფუძველზე მომზადდა ახალი პუბლიკაცია ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე[1]. გთავაზობთ მომზადებული პუბლიკაციიდან ამონარიდს მდ. ვარაზისხევის შესახებ:

 

მდ. ვარაზისხევი. (ვარდისხევი) – მდ. მტკვრის მარჯვენა შენაკადი. გვალვიან ზაფხულში შრება. სათავე აქვს მთაწმინდის მთის ჩრდ. კალთაზე. ზღ. დონიდან 820 მ. სიმაღლეზე. XX ს. 30_იან წლებამდე გაედინებოდა დაახ. 6 კმ. სიგრძის დახრილკალთებიან ვიწრო ხევში და გმირთა მოედანთან ზღ. დონიდან 403 მ. სიმაღლეზე უერთდებოდა მდ. ვერეს. მდინარის ვარდნა 427 მ.–ს უდრის. 1947 წ. დაიწყო ვარაზისხევის ბოლო მონაკვეთის მიწით ამოვსება და  1958 წ. მდინარე ახლადშექმნილი ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ მოწყობილ გვირაბში იქნა გაშვებული. XX ს. 50–იანი წლებიდან მდ. ვარაზისხევის შუა მონაკვეთი (ახლანდელი კეკელიძის ქუჩა) დაახ. 0,8 კმ. სიგრძეზე ასევე იქნა მიწით ამოვსებული და მდინარე გვირაბში გაშვებული. დღემდე გრძელდება მდ. ვარაზისხევის შუა ნაწილში, საცხოვრებელი სახლების ინტენსიური მშენებლობა ( ნ. ჟვანიას ქუჩა). მშენებლობის მიზნით გამოიყენება მდინარის კალაპოტი და მასთან უშუალოდ მიმდებარე, შედარებით ადვილად შლადი ქანებით აგებული, ციცაბოთ დახრილი ფერდობები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ჟვანიას ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის დროს კლდოვანი საძირკვლების ამოთხრის შედეგად მიღებული ასეულობით მ3 მოცულობის ქვაღორღიანი მასალა გარდიგარდმო ჯებირის სახით იქნა განთავსებული მდ. ვარაზისხევის ძირზე, აღნიშნული ქუჩის ბოლოდან ხეობის აღმა 100–120 მ დაშორებით. დაახ. 15–20 მ სიმაღლის და 80–90 მ. სიგანის ჯებირმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავხმა წვიმების დროს წარმოქმნილი, თუნდაც სუსტ, მაგრამ შედარებით ხანგრძლივი, ნიაღვრების შეტბორვა. ჯებირის ქვეშ მოწყობილი დაახ. 2,6 მ დიამეტრის წყალგამტარი გვირაბი, ასეთი ნიაღვრების მოვარდნის შემთხვევაში ამოიქოლება უხეში მდინარეული ნატანით, მცენარეული ნაშთებით (ღეროები, ფესვები, ფოთლები ) და ვერ  გაატარებს წყალმოვარდნის მაქს. ხარჯს (ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ გვირაბის შესასვლელი სანახევროდ უკვე ამოქოლილია). ნიაღვრების შეტბორვის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ჯებირის გარღვევა, რაც ნ. ჟვანიას ქუჩის საცხოვრებელი სახლების დაზიანების ან ნგრევის რისკის არსებობას განაპირობებს.

 

ძლიერი თავსხმა წვიმების შემთხვევაში ნ. ჟვანიას ქუჩის ნიაღვრებით შესაძლო დატბორვის პრობლემის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმულ მოსაზრებებში გარკვეულ წილად იგნორირებულია ნაყარი ქვაღორღის ჯებირით ხეობის ძირის გადაკეტვის შედეგად აღნიშნული ქუჩის საცხოვრებელი სახლების დაზიანების ან ნგრევის საშიშროება. ამ მოსაზრებებში უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია იმ საშიშროების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ვარაზისხევის აუზის ზემო წელში მოსული ინტენსიური თავსხმა წვიმების დროს წარმოქმნილი ძლიერი წყალმოვარდნებით. თანაც ნ. ჟვანიას ქუჩის შესაძლო კატასტროფული დატბორვის ანალოგად გამოყენებულია მდ. ვერეზე 2015 წლის 13 ივნისის კატასტროფული წყალმოვარდნის მაგალითი.

 

უნდა ითქვას, რომ ძლიერი წყალმოვარდნების წარმომქმნელ ფაქტორებს შორის (ინტენსიური თავსხმა წვიმები, აუზის რელიეფის დახრა და დანაწევრება, მისი გეოლოგიური აგებულება, აუზის ტყით შემოსვის ხარისხი) დიდი მნიშვნელობა აქვს მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობის სიდიდეს. თანაბარი ინტენსივობის თავსხმა წვიმების მოსვლის პირობებში, დიდი ფართობის მქონე აუზში, მცირე ფართობის მქონე აუზთან შედარებით, გაცილების მეტი მოცულობის ზედაპირული წყალი წარმოიქმნება. შესაბამისად, წყალმოვარდნის სიძლიერეც დიდი ფართობის მქონე აუზში გაცილებით მაღალია. მდ. ვერეს წყალშემკრები აუზის ფართობი დაახ. 200 კმ2 შეადგენს, მდ. ვარაზისხევის ზედა ნაწილის ფართობი კი 2–3 კმ2 არ აღემატება (ვარაზისხევის ზედა ნაწილის სიგრძე 2,5 კმ–ს უდრის , სიგანე საშუალოს 300 მ–ს ).

 

გთავაზობთ ფოტოს, რომელიც იძლევა წარმოდგენას მდ. ვარაზისხევის ზედა (აუთვისებელი) ნაწილის რელიეფზე და ფართობის სიდიდეზე (მარჯვნივ – კუს ტბა).

 

 

ვარაზის ხები

 

 

აქედან გამომდინარე, მდ. ვარაზისხევის ზედა ნაწილში თავსხმა წვიმებით ნაკლებად მოსალოდნელია ისეთი სიძლიერის წყალმოვარდნების წარმოქმნა, როგორიც მდ. ვერეს აუზისთვის არის დამახასიათებელი. (ვარაზისხევის აუზის შუა და ქვედა ნაწილები მთლიანად დაფარულია საცხოვრებელი სახლებით და ინფრასტრუქტურული ობიექტებით, რის გამოც ატმოსფერული ნალექებით წარმოქმნილი ზედაპირული წყლები მთლიანად სანიაღვრე ჭებსა და სანიაღვრე არხებში ჩაედინება და წყალმოვარდნების წარმოქმნაში არ მონაწილეობს)„

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბეთლემის ქუჩა №27

0105, თბილისი, საქართველო

(+995 32) 275 19 03

(+995 32) 275 19 04

(+995 32) 275 19 06

ელ.ფოსტა: info@cenn.org

 

პუბლიკაციის PDF ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

ძლიერი_წყალმოვარდნების_რისკი_ქ._თბილისში_ნ._ჟვანიას_ქუჩაზე_(ვარაზისხევი)

 

[1] აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნება უახლოეს თვეებში იგეგმება.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :