სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის – ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის (CPC) პროექტს გურიაში, რომელსაც ის ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP)“ ფარგლებში ახორციელებს და რომლის მიზანი გურიაში კლიმატის ცვლილების მიტიგაციის/შერბილების ხელშეწყობაა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ცენტრი აქტიურად გეგმავდა და ახორციელებდა სამოქალაქო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების გარშემო ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. აქ არის ის მცირე ჩამონათვალი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირისა და CENN-ის გრანტიორი ორგანიზაცია გურიაში გარემოს დაცვას უწყობს ხელს.
სამოქალაქო პიკნიკები
სამოქალაქო პიკნიკები ეწოდება ინტერაქციულ ტრენინგებს, რომლებიც ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩატარდა და ეკოგანათლების, ნარჩენების მართვის უცხოური გამოცდილებისა და გარემოსდაცვით სფეროში საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა მიზნად. ტრენინგებს უძღვებოდნენ ლიეტუვადან მოწვეული ექსპერტი, ვიდა ვრუბლიაუსკენე, და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტი, ენვერ ჯაფარიძე, რომლებიც დამსწრეებს ნარჩენების მართვის შესახებ თანამედროვე პრაქტიკებზე, ისევე როგორც კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო ჩარჩოებზე ესაუბრებოდნენ.
დასუფთავების აქციები
თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრმა 100-მდე ადამიანი შეკრიბა კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მონაწილეობის მისაღებად. 2022 წლის 16 სექტემბერს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით, ლესას, ასკანასა და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მყარი ნარჩენებისგან გაასუფთავეს მდინარე სუფსის სანაპიროს ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილები.
გადაიღე სუფსა
სოციალური მედია კამპანია სახელად „გადაიღე სუფსა“ მოქალაქეებს მდინარე სუფსას დაცვისაკენ მოუწოდებს. „შემოგვიერთდი, აღმოაჩინე ნარჩენების განთავსების უკანონო ადგილები მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოგვიგზავნე შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა ადგილმდებარეობის ზუსტი მითითებით. შემოსული შეტყობინებები პრობლემების მოგვარების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურებს,“ – ამ მოწოდებით ცდილობს პროექტი ადამიანების მობილიზებასა და კამპანიაში ჩართვას.
სამოქალაქო გაკვეთილები ბუნებაში
ცენტრის პრიორიტეტი გარემოს დაცვაში ახალგაზრდების ჩართულობაც არის. პროექტმა დაწყებიდან 8 საჯარო სკოლა დაიმეგობრა და მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე გაკვეთილები ჩაუტარა.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოსწავლეების სურვილით დასუფთავდა მდინარის სანაპიროს 0,5 კილომეტრიანი ზოლი. ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს გამაფრთხილებელი ბანერები წარწერით „ნუ დაანაგვიანებთ“,
„გადავარჩინოთ ჩვენი მდინარე“ და განათავსეს ისინი ყველაზე დაბინძურებულ ადგილებზე. სამოქალაქო გაკვეთილის ფორმატში სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც დაურიგეს მდინარის სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას.