fbpx

საბეჭდი ქაღალდის გონივრული მოხმარება

ქაღალდი განახლებადი რესურსია. თუმცა აუცილებელია მისი გონივრულად მოხმარება. მსოფლიო მასშტაბით, საბეჭდი ქაღალდის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებლის „ქსეროქს კორპორაციის“ კვლევების თანახმად, ოფისებში ამობეჭდილი დოკუმენტების 45% ამობეჭდვიდან 24 საათის განმავლობაში გამოუსადეგარი ხდება და ნარჩენად გარდაიქმნება. აღნიშნული სტატია გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც საბეჭდი ქაღალდის გონივრულ გამოყენებას შეუწყობს ხელს.

 

რა თქმა უნდა, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ  სრულიად უნდა შევწყვიტოთ ქაღალდზე ბეჭდვა, მაგრამ დაბეჭდვამდე შეგვიძლია გადავხედოთ დოკუმენტს და მხოლოდ ის ნაწილი დავბეჭდოთ, რომელიც ნამდვილად გვჭირდება და არა ყველა გვერდი. ვეცადოთ, გამოვიყენოთ დოკუმენტების ელექტრონული ვერსია ამობეჭდილის ნაცვლად. ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ საბეჭდად გამოვიყენოთ ფურცლის ორივე გვერდი. უფრო მეტიც, შეგვიძლია მასშტაბი ისე შევამციროთ, რომ ორი გვერდი ერთ ფურცელზე დაეტიოს. ამ ორი მიდგომის ერთდროულად გამოყენება საუკეთესო გზაა ქაღალდის მოხმარების ოთხჯერ შესამცირებლად. ქაღალდის ეკონომიურად გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი გზა ფურცელზე არსებული ადგილის მაქსიმალურად ათვისებაა. ქაღალდის საზღვრების 1-დან 0.5 ინჩამდე დაყვანით შესაძლებელია დიდი დოკუმენტის რამდენიმე გვერდით შემცირება. პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტს 291 373 კვადრატული კილომეტრი ტყის გადარჩენა და 120 000 დოლარის დაზოგვა შეუძლია ყოველწლიურად ფურცელზე ბეჭდვისას მხოლოდ საზღვრების შემცირებით . და ბოლოს, გამოყენებული ქაღალდის საბოლოო დანიშნულების ადგილი გადამუშავების ყუთია. ეს მართალია არ ამცირებს ადამიანის მიერ მოხმარებული ქაღალდის მოცულობას, თუმცა ნამდვილად ამცირებს ქაღალდის საწარმოებლად გაჩეხილი ხეების რაოდენობას, ვინაიდან გადამამუშავებელი კომპანიებისთვის მიწოდებული მაკულატურა ისევ გამოყენებად ქაღალდის პროდუქციად გარდაიქმნება. როდესაც ვსაუბრობთ საბეჭდი ქაღალდის გონივრულ მოხმარებაზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მარტო მოხმარების რაოდენობას, არამედ მოხმარებული ქაღალდის ტიპსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

ბაზარზე საბეჭდი ქაღალდის დიდი არჩევანია. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს პირველადი ან გადამუშავებული ნედლეულის სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობის გადამუშავებული ქაღალდი. 100%–ით გადამუშავებული ქაღალდი იწარმოება მთლიანად მაკულატურისგან, რომელიც პირველადი მიზნისთვის უკვე გამოუსადეგარია. ასევე, არსებობს ქაღალდი გადამუშავებული ნედლეულის ნაკლები შემცველობით. როგორც წესი, რაც უფრო მეტია ქაღალდის წარმოებისას გადამუშავებული ნედლეულის გამოყენების წილი, მით უფრო მუქი ფერისაა საბოლოო პროდუქცია. თუმცა, ტექნოლოგიებისა და პროცესების გაუმჯობესების წყალობით, უკვე შესაძლებელია გადამუშავებული ქაღალდი ისეთივე თეთრი და საბეჭდად გამოყენებადი იყოს როგორც პირველადი ქაღალდი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირად ღირებულია, რაც საბოლოო პროდუქტის ფასზეც აისახება.

 

განვითარებული ქვეყნები: შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, აშშ და გერმანია პირველები არიან ქაღალდის გადამუშავებაში. ისინი ხელს უწყობენ ასეთი ქაღალდის გამოყენებას, რადგან გადამუშავება მათ საშუალებას აძლევთ არსებული რესურსები ეფექტიანად გამოიყენონ და საჭირო პროდუქცია მინიმალური დანახარჯებით აწარმოონ ნარჩენებისგან. აქვე აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ქაღალდის მთავარი უპირატესობა მისი წარმოებისას გარემოზე მინიმალური ზემოქმედებაა.

 

– გადამუშავებული ქაღალდის წარმოება არ იწვევს ტყის გაჩეხვას, მაშინ როცა პირველადი ქაღალდის საწარმოებლად აუცილებელია ხეების მოჭრა, რაც შესაძლოა ეროზიისა და აქ ბინადარი ცხოველების გადაშენების მიზეზი გახდეს ინტენსიური ჩეხვის შემთხვევაში.

 

– ქაღალდის გადამუშავება ამცირებს მყარ ნარჩენებს. თუ გამოყენებული ქაღალდი არ გადამუშავდება, ის ნაგავსაყრელზე მოხვდება, ნაგავსაყრელებზე ქაღალდის დაშლის პროცესი კი ატმოსფეროში მეთანის ემისიის მნიშვნელოვანი წყაროა, რაც თავის მხრივ გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია.

 

– გადამუშავებული ქაღალდის წარმოება, როგორც წესი, ნაკლებ ენერგიას საჭიროებს, ხოლო ეს პროცესი პირველადი ქაღალდისთვის უფრო მეტად აბინძურებს გარემოს ნახშირბადით.

 

– პირველადი ცელულოზისა და ქაღალდის ქარხნები ერთ ტონა პროდუქციაზე წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული მომხმარებლები არიან, გადამუშავებული ქაღალდის წარმოების პროცესში კი წყლის ხარჯი ნახევრამდეა დაყვანილი.

 

ქვემოთ მოყვანილი მაგალითი თვალსაჩინოს ხდის გადამუშავებული ქაღალდის უპირატესობას გარემოს დაცვის კუთხით. თუ ჟურნალ-გაზეთების ინდუსტრია ერთ მილიონ ტონა პირველად ქაღალდს გადამუშავებულით ჩაანაცვლებს:

 

1. იგივე ეფექტი მიიღება, რაც 248 000 ავტომობილის ერთი წლით მოძრაობიდან ამოღებას ექნებოდა.

2. იმდენი ენერგია დაიზოგება, რამდენიც საჭიროა 216 000 სახლის მთელი წლით მოსამარაგებლად.

3. დაზოგილი წყალი 15 000 საცურაო აუზის ასავსებად იქნება საკმარისი.

 

ამგვარად, როდესაც საქმე საბეჭდი ქაღალდის მიზანშეწონილ მოხმარებას ეხება, გადამუშავებული ქაღალდი სწორი არჩევანია. თუმცა, პირველადი ქაღალდის მნიშვნელობაც სათანადოდ უნდა შეფასდეს. ვინაიდან გამოყენებული ქაღალდის გადამუშავება მაქსიმუმ 4-ჯერ ან 5-ჯერ არის შესაძლებელი, პირველადი ქაღალდის წარმოების გარეშე მსოფლიოში მთელი ქაღალდის მარაგი რამდენიმე თვეში ამოიწურება.

 

პირველადი ცელულოზისგან ნაწარმოები ქაღალდიც შეიძლება იყოს გარემოსთვის უსაფრთხო, სწორი მიდგომის შემთხვევაში. რადგან ტყეებს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ისეთი პირველადი ქაღალდის გამოყენებაა მიზანშეწონილი, რომლის წარმოებისთვისაც ნედლეულად გამოყენებულია სპეციალურად ამ მიზნით დარგული ხეები ან სატყეო სამეურვეო  საბჭოს სერტიფიკატის მქონე ცელულოზა.

 

ამდენად, გადამუშავებული და სერტიფიცირებული პირველადი საბეჭდი ქაღალდის ერთობლივად მოხმარება ყველაზე მიზანშეწონილია და ყოველდღიურად მოხმარებული თითოეული ფურცლის გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

 

დაფიქრდი ვიდრე დაბეჭდავ

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :