საქართველოში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით, CENN, Mercy Corps-სა და საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსს (SEA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” და „EU4Youth: სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG)“ მიერ.
გაფორმებული თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ინოვაციების განვითარებისათვის საქართველოში, ასევე, მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი სოციალური და მწვანე მეწარმეობის პროექტებისა თუ პროგრამების ფარგლებში, ხელი შეუწყოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მათ შორის ეფუძნება ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას (European Green Deal), გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGs) ეროვნულ დოკუმენტს, კერძოდ, 4.4 ამოცანას, რომლის ფარგლებში 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს იმ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რომელთაც ექნებათ დასაქმებისთვის, ღირსეული სამუშაოსთვის და მეწარმეობისთვის შესაფერისი ტექნიკური და პროფესიული უნარები, EU4Youth – ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის პროგრამის ძირითად მიზნებსა და ღირებულებებს, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას სამეწარმეო მიმართულების განვითარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ხედვებსა და გამოცდილებას სექტორის სწორი და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმზე ხელმოწერით, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, გაუზიარონ სფეროში დაგროვებული ცოდნა დაინტერესებულ მხარეებს და ხელი შეუწყონ სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტი “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN
ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org