ვიდრე საქართველოში ფაროსანა გამოჩნდებოდა და მოსახლეობას უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა, ერთ–ერთი მთავარი აქცენტი კოლხურ ბზაზე იყო გადატანილი. ბზის დაავადებების გავრცელების 2017 წლის დინამიკა, სამწუხაროდ, მკვეთრად უარყოფითი იყო, თუმცა, სატყეო სააგენტოს მიერ გატარებული ზომების შემდეგ სახეობის გადარჩენის იმედებიც გაჩნდა.
წელს ალურა უკვე რაჭაშიც გამოჩნდა და ადგილობრივების მღელვარება გამოიწვია. GreenWatch-ზე შემოსულ განცხადებებში მოსახლეობა გვატყობინებდა, რომ მავნებელი მწერი თვალისდახამხამებაში ავლებს მუსრს უნიკალურ ბზის ხეებს.
ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებლმა – ლაშა ჩიკვილაძემ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ სოფელ თხმორში და მის გარშემო, ერთი კილომეტრის რადიუსზე, ჯანსაღი ბზა თითქმის აღარ არსებობს. საგანგაშო მდგომარეობაა მდინარე შარეულას ხეობაში, სადაც ბზის ტყეები დიდი სისწრაფით ხმება და ნადგურდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, მავნებელი მწერი რაჭის რეგიონში წელს პირველად ივლისის თვეში დაფიქსირდა. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში არსებული ბზის კორომები ბზის ალურას წინააღმდეგ ბიოლოგიური პრეპარატით ორჯერ შეწამლეს – აგვისტოსა და სექტემბერში.
გამოიღო თუ არა შედეგი პრევენციულმა ღონისძიებებმა, ამის გასარკვევად ადგილობრივ ტყის მცველს, დავით შავლაძეს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, სანუგეშო ისაა, რომ ბზის ხეები ბოლომდე არ გამხმარა. მას შემდეგ, რაც ალურამ მწვანე მასა მთლიანად გაანადგურა, ბზებმა ახალი ყლორტები გამოიტანეს. ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ ჩატარებულ შეწამვლებს. თუმცა, გამოცოცხლება იმ კორომებსაც ეტყობა, რომლებიც არ შეწამლულა.
შეწამვლითი სამუშაოები 2017 წელს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და რაჭაში მიმდინარეობდა. სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ლებარდეს ხეობაში, სადაც უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ვიდრე ამჟამად რაჭაშია, შედეგი უკვე თვალსაჩინოა.
ექსპერტების აზრით, სატყეო სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოები ხელს შეუშლის მავნებლის სწრაფ გამრავლებას და სეზონურად შეაჩერებს ხეების ხმობას, მაგრამ ვერ უზრუვნელყოს მავნებლის გაქრობას. შესაბამისად, იგივე სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულიდან უნდა გაგრძელდეს.
შექმნილი კატასროფული მდგომარეობის მართვას მეტი კოორდინაცია და კომპექსური, თანმიმდევრული და უწყვეტი სამუშაოები სჭირდება. ამ მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, CENN-ის მხარდაჭერით, შეიმუშავა კოლხული ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლხური ბზის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.