ხის მოჭრიდან მძიმე დანაშაულამდე

რა კავშირშია გათბობა ბუნებრივ კატასტროფასთან – ამის საუკეთესო განმარტებას ბულაჩაურში მიიღებთ. მოსახლეობას ყოველწლიურად ერთგვარი „მძიმე გადაწყვეტილების“ მიღება უწევს: შეშა – ზამთარში და სტიქიები – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

 

სტიქიის მიზეზი ტყის გაჩეხვა და მისი წყალმარეგულირებელი ფუნქციის მოშლაა. დეგრადირებული ტყე ვეღარ აკავებს თავსხმა წვიმების დროს წარმოქმნილ ზედაპირულ წყლებს, ვითარდება ხაზობრივი ეროზია და ფერდობების დახრამვა, მძლავრი ღვარცოფული ნაკადები აზიანებს სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, საგზაო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურას და პრობლემებს ქმნის სოფლის განვითარებისთვის.

 

სტიქიის მიზეზების შესახებ რისკის ზონაში მცხოვრებლებმაც იციან და დაზარებულებმაც, მაგრამ როცა შეშას ალტერნატივა არ აქვს, არჩევანიც არ არსებობს: გათბობის გარეშე ფიზიკურად ვერ გამოიზამთრებ. იძულებული ხდები, საკუთარი სახლკარი, ოჯახი და სიცოცხლე თვითონვე დააყენო კატასტროფის რისკის წინაშე.

 

მაგრამ სიტუაცია სრულიად იცვლება, როცა არჩევანიც არსებობს, უსაფრთხო შეშაც, გათბობის სხვა ალტერნატივებიც, მაგრამ მოსახლეობის შეშით მომარაგება და ხეების ჭრა ჯიუტად ისევ სტიქიის ზონაში გრძლედება.

 

წარმოდგენილი ფოტომასალა სწორედ ღვარცოფული ნაკადების ფორმირებისა და გამოზიდვის ადგილებში მიმდინარე ჭრებს ასახავს. მოსახლეობის მიერ მოწოდებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ დეგრადირებული ტყე ინტენსიური ზეწოლის ქვეშაა.

 

მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებისა და მარტივი ანალიზის შედეგად, ცნობიერების დონისა და ინტერესთა ბანალური კონფლიქტის მიღმა, მართვისა და მონიტორინგის პრობლემები იკვეთება და როგორც მოსახლეობა ამტკიცებს, კორუფციისა და დანაშაულის ნიშნებიც.

 

მოგვარებული და მოუგვარებელი პრობლემები ბულაჩაურში

 

ბულაჩაურში შექმნილი პრობლემების შეფასებისა და გადაჭრის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2014 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით, სპეციალური კომისია შეიქმნა.

 

რამდენიმე უწყებისგან დაკომპლექტებულმა საველე ჯგუფმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლა და „პრობლემური ტერიტორიების ერთიანი მართვის გეგმის“ შემუშავების საჭიროება დააყენა.

 

კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, CENN-ის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიმნა. ბულაჩაურის პრობლემის გარშემო გაერთიანდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, მათი საქვეუწყებო დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

 

კომისიის მუშაობის შედეგად, მომზადდა ბულაჩაურის პრობლემური ტერიტორიების ერთიანი მართვის გეგმა და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება: მოხდა მოსახლეობის სრული გაზიფიცირება, გაზი შევიდა საჯარო სკოლაში; საშეშე მერქანი სტიქიის ზონისგან მოშორებით, ახალ ტყეკაფებში გამოიყო. ერთი შეხვედვით, უკანონო ჭრების გაკონტროლების, ტყეების დეგრადაციის შეჩერების, სტიქიის რისკ–ფაქტორების შემცირებისა და სოფლის გადარჩენის ყოველგვარი პირობები შეიქმნა.

 

თუმცა, საშეშე ხეტყე ისევ სტიქიის ზონაში იჭრება. შეშით დატვირთული მანქანები ყოველდღიურად ისეთი გზებით დადიან, სადაც წლებია, ტყეკაფი არ გამოყოფილა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ დანაშაული „დღისით, მზისით“, ყველას თვალწინ ხდება და ეს ყველამ იცის, მათ შორის, მაკონტროლებლებმაც. მეტიც, ბულაჩაურში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ დანაშაული წინასწარაა გარიგებული და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

 

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :