ლიზი და სანდრო არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც წელს CENN-ის მიერ გამოცხადებული მწვანე სტიპენდია მოიპოვეს. ლიზი კლიმატის ცვლილების კატეგორიაში გახდა გამარჯვებული, სანდრო კი – ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მდგრადი მართვის.
მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე ქვეყნების ეკონომიკას.
კლიმატის ცვლილება მოქმედებს ყველა ადამიანზე, თუმცა ადამიანებიც მოქმედებენ კლიმატის ცვლილებაზე, მოიხმარენ რა ენერგიას, გამოიყენებენ ტრანსპორტს და ა.შ. საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში განსაზღვრული მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია საზოგადოების მობილიზებისა და ინფორმირებული ჩართულობის გარეშე.
აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის მიმართულებით. დღეს გაგაცნობთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც კლიმატის ცვლილების შერბილებასა და თუ გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
ლიზი 16 წლისაა, ის რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. „გარემოზე ზრუნვა – ეს არის ყველაზე და ყველაფერზე ზრუნვა, რადგან ყველა არასწორი ქმედება, რითიც ჩვენ გარემოს ზიანს ვაყენებთ, ორმაგად გვიბრუნდება უკან“, – ამბობს ლიზი.
ლიზი თელავში ცხოვრობს, თავის თანატოლებთან ერთად სკოლის ეკოკლუბს ხელმძღვანელობს და უამრავ ახალგაზრდულ სოციალურ თუ გარემოსდაცვით კამპანიას ახორციელებს.
„ჩემს ეკოკლუბთან ერთად უამრავ საინტერესო აქტივობას ვახორციელებ, თუმცა გამოვყოფდი ყველაზე დასამახსოვრებელ და მნიშვნელოვან აქტივობას – სოფელში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერის შექმნას. ამ აქტივობით ახალგაზრდებმა ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ვისწავლეთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი ხელით ცვლილებების განხორცილება და ამ ყველაფრისთვის ფინანსების მოძიება. ამ აქტივობამ პირადად მე მომცა უდიდესი გამოცდილება. ყოველდღიურად ვსაუბრობდით უამრავ ადამიანთან, ვგეგმავდით ერთად რა და როგორ გაგვეკეთებინა, ვისწავლეთ თუ როგორ მოგვეგვარებინა პრობლემები ერთობლივად, მაკულატურის ჩაბარებით მოვიძიეთ საჭირო თანხები და სწორედ საერთო ძალებით და თავდაუზოგავი შრომის შედეგად გავასუფთავეთ სოფლის ცენტრალურ ტერიტორიაზე ერთ-ერთი საკმაოდ დანაგვიანებული ტერიტორია და სრულიად განსხვავებული, ლამაზი ადგილი ვაჩუქეთ ჩვენს თემს.“
ლიზის აზრით, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერების დონის ამაღლება და ინდივიდუალური ქცევა. „ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და საჭიროა კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეთ“, – ამბობს ის.
კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში თავის წვლილის შესატანად ლიზი თელავის მუნიციპალიტეტში ნარჩენების დახარისხების ურნების მოწყობას გეგმავს. ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია მას სწორედ ამ გეგმის განხორციელებაში დაეხმარება.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში არ არის არანაირი ნარჩენის ჩაბარების პუნქტი. სწორედ ამიტომ, მაქვს სურვილი, ეს თანხა მოვახმარო მინი პროექტს, რომელიც გათვლილი იქნება 4 სოფელში დახარისხების ურნების მოწყობაზე, შემდეგ კი მოიცავს მთელს მუნიციპალიტეტს“ , – წერს ლიზი.
ლიზის პროექტი ორ მიმართულებად იყოფა: თავდაპირველად ის სოფლებში მაკულატურისა და ბოთლების შეგროვების ურნების დადგმას ფიქრობს. ამისათვის ის თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან და მუნიციპალიტეტთან. ლიზის პროექტის მეორე მიმართულება უკანონო ნაგავსაყრელებისა და ზოგადად, დაბინძურებული ადგილების დასუფთავებას გულისხმობს, რაშიც ის თავის მეგობრებთან ერთად, მუნიციპალიტეტსაც რთავს.
„მოსახლეობასთანაც ვაპირებ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმართველობის წევრებთან ერთად. ჩემი თემის წარმომადგენლებს პროექტის არსს გავაცნობ და ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობირების ამაღლებას ვეცდები. დიდი სურვილი მაქვს, რომ შევძლო სპეციალისტის მოწვევა, რომელიც სიღრმისეულად მიაწოდებს ინფორმაციას საზოგადოებას ნარჩენების არასწორი მართვით გამოწვეულ პრობლემებზე“ , – ამბობს ლიზი.
ლიზი ფიქრობს, გარემოზე ზრუნვა დიდ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს. „ჩვენმა სულ მცირე სასიკეთო ქმედებამაც კი დადებითი ეფექტი შეიძლება მოახდინოს. სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანმა უნდა გახადოს გარემოზე ზრუნვა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და სხვებსაც უბიძგოს ამისკენ“, – წერს ის.
„გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ თქვენი როლი დედამიწის მომავალში, სინამდვილეში ის უდიდესია!“ – ლიზი ღვედაშვილი.
ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივი რესურსია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. გარდა იმისა, რომ საქართველოს ტყეები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს. ადამიანის ტყეზე ზემოქმედების შედეგად, ტყის საფარის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. არადა, ტყეებს უამრავი, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ფუნქცია აქვთ ჩვენთვის.
ტყეები გამოყოფენ ჟანგბადს, რომელსაც ვსუნთქავთ და შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ. ერთი ხე დღის განმავლობაში იმდენ ჟანგბადს აწარმოებს, რამდენიც დღიურად მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ათი ადამიანისთვისაა საჭირო.
ტყე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის დარეგულირებაშიც. ტყის საფარი აკავებს მზიდან წამოსულ ულტრაიისფერ სხივებს და ინარჩუნებს სიგრილეს, რაც ხელს უწყობს გლობალური დათბობის შეჩერებას. რაც უფრო შემცირდება ტყის საფარი, მით მეტი შანსი იქნება, კლიმატის ცვლილების მწვავე შედეგები ვიწვნიოთ.
სწორედ ამიტომ, მნიშნელოვანია, თითოეული ჩვენგან ჩაერთოს მის დაცვაში.
სანდრო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაა. ის უკვე რამდენიმე წელია მეტყევის პროფესიას დაეუფლა და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
„2016 წლიდან ვმუშაობ კოლხური ბზის კონსერვაციაზე. საქმიანობა ძირითადად მოიცავს ე.წ. გარე კონსერვაციას (ex-situ) და პერიოდულად სანერგეში გამოყვანილი ნერგების სატყეო ფართობებზე დაბრუნებას (რეინტროდუცირებას). გარდა უშუალო საკონსერვაციო სამუშაოებისა, აქტიურად ვმუშაობ საზოგადოებასთან – სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და სხვა მსგავს გაერთიანებებთან. ჩემი საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს საზოგადოებისათვის საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ბუნებრივი რესურსების სოციალურ-ეკონომიკურ და ბიოლოგიურ ფუნქციებს და ნათი დაცვის აუცილებლობას“, – წერს სანდრო.
რამდენიმეწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ სანდროს სანერგის გაფართოების საჭიროება დაანახა. გაფართოება, ერთი მხრივ, მასშტაბის გაზრდას მოიაზრებს, მეორე მხრივ კი სანერგეში სახეობრივი მრავალფეროვნების შექმნას. სანდროს სურს, რომ სანერგეში საქართველოს წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში შეტანილი მერქნიანი მცენარეთა სახეობები გაამრავლოს, განსაკუთრებული ყურადღება კი რელიქტური და ენდემური მცენარეთა სახეობების გამრავლებას დაუთმოს.
„მწვანე სტიპენდია ჩემი პატარა სანერგის გაფართოებაში დამეხმარება. კერძოდ, კი ეს თანხა მინდა საქართველოს ტყისშემქმნელი მერქნიანი სახეობების თესლის შესაგროვებლად გამოვიყენო. ეს თანხა საშუალებას მომცემს, შევქმნა მეცნიერულად თუ პრაქტიკულ-გამოყენებითი თვალსაზრისით ისეთი სივრცე, სანერგე, რომელიც ორიენტირებულია ტყისშემქმნელი სახეობების გამრავლებაზე, მათ კონსერვაციასა და ინვაზიურ სახეობათა ინვაზიის (ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაჩაგვრა, მისთვის საფრთის შექმნა) პრევენციაზე“ , -ამბობს სანდრო.
სანდროს სანერგე სამეგრელოში, ხეთაში მოეწყობა. ხეთას კლიმატური პირობები ბევრი სახეობის ნერგის წარმოების საშუალებას იძლევა. გაფართოებასთან ერთად, სანდროს აზრით, მისი საქმიანობა კვალიფიციურ მუშახელზე გაზრდის მოთხოვნას, რაც საზოგადოებაში აღნიშნული დარგით მეტად დაინტერესებას გამოიწვევს.
„ერთი კონკრეტული სახეობის გადაშენება შეიძლება არაფრად მოგვეჩვენოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბიოსფეროში განყენებულად არაფერი არსებობს. არის ციკლი, რომლის თითოეული რგოლი მისი ზომის მიუხედავად, არის მნიშვნელოვანი და უიმისობა არღვევს ბალანსს “, – გვპასუხობს სანდრო კითხვაზე, თუ რატომ უნდა დავიცვათ გარემო. „დაიცვა გარემო, ჩემთვის ნიშნავს გაუფრთხილდე იმას, რაც დროებით მფლობელობაში გაქვს და მეტიც, გაქვს ვალდებულება შემდეგ თაობებს გადასცე მაქსიმალურად უცვლელი სახით.“
სანდრო აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეგობრებთან და ნაცნობებთან, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით, ფართო აუდიტორიასთან. „ნებისმიერ სივრცეში, სადაც მაქვს საშუალება, ვსაუბრობ საქართველოს ტყეების მნიშვნელობასა და უნიკალურობის შესახებ. ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, გამომდინარე მისი ფუნქციური დატვირთვიდან – ტყის ეკოსისტემური სერვისების გათვალისწინებით. ყოველივე ამის ახსნის შემდეგ მოსახლეობა ინტერესდება და უჩნდება სურვილი, რაციონალურად მოეპყრას/მოიხმაროს ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც განახლებადია და თან შეუძლია უდიდესი ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მოტანა.“
CENN-მა ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდია 2020 წელს დააარსა და მისი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა. სტიპენდია გამოჩენილი გეოგრაფისა და ეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის სახელს ატარებს და ყოველწლიურად წარმატებულ ახალგაზრდა გარემოს დამცველებს აჯილდოებს.
სტიპენდია 2022 მხარდაჭერილია CENN-ის მიმდინარე პროექტების (1)ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) და (2) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ მხარდაჭერილი ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის მიერ.