გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-13 მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება საკურორტო – რეკრეაციო მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხის გადახედვას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკურორტო – რეკრეაციული მიზნებისთვის არსებული საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში, ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება დასაშვებია, რასაც საკანონმდებლო წინადადების ავტორები არ იზიარებენ. წარდგენილი წინადადება კი საკურორტო – რეკრეაციული მიზნებისთვის ტყის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ დღეს არ არსებობს დემარკირებული სატყეო ფონდის საზღვრები, „სწორედ ამიტომ, 2020 წელს მიღებულ „ტყის კოდექსში“ შარშან განხორციელებული ცვლილებით, საკურორტო – რეკრეაციული მიზნებისთვის საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში, დასაშვები გახდა სატყეო ფონდის საზღვრების კორექტირება, ისე, რომ ბუნებრივი ლანდშაფტის 70% იყოს შენარჩუნებული. აღნიშნული ცვლილების პარალელურად, მთავრობის დადგენილების ფარგლებში, მიმდინარეობს კონსულტაციები და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ერთწლიანი დაკვირვების შემდგომ კვლავ შესაძლებელი იქნება გადაიხედოს მე-13 მუხლის რაციონალურობის საკითხი.
ვიდრე საზღვრები ზუსტად არ გვეცოდინება და ტყის ფონდის ინვენტარიზაცია მთლიანად არ იქნება დასრულებული, ჩვენ რომ მკაცრად ვთქვათ, რომ ტყის ფონდის კორექტირება არ შეიძლება, განსაკუთრებით საკურორტო-რეკრეაციული მიზნებისთვის, იქნება არასწორი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ერთწლიანი მონიტორინგის განხორციელების შემდეგ რეალობის შეფასების მიხედვით შეიძლება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.
კომიტეტმა სხდომაზე ორი ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების საკითხი განიხილა მესამე მოსმენით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტები წარადგინა, რომლებშიც მეორე მოსმენის შემდეგ მცირე სარედაქციო ხასიათის შესწორება განხორციელდა.
კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.