20 მაისი, 2021 წელი – კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ესტუმრა ქედის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების, ტურიზმის, სამოქალაქო საზოგადოების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების პროექტს „ქედა ლიდერს“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 2017 წლიდან ახორციელებს. აღნიშული პროექტით ქედაში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემების მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. პროექტების ძირითადი შედეგი ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ჩამოყალიბებაა. ქედა LAG-მა მოახდინა ადგილობრივი თემების მობილიზება, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება, ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ევროკავშირმა LAG-ის მეშვეობით მხარი დაუჭირა სოფლის განვითარების 97 ინიციატივას და მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყო 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ინიციატივები ეხმარება ადგილობრივად მეწარმეობის განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის დივერსიფიკაციას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, მუნიციპალური სერვისები და სხვა.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში შექმნილი პროექტები ელჩმა მოინახულა და შეხვდა პროექტის ბენეფიციარებს. ვიზიტის ფარგლებში ჯამში, 6 საიტი ვიზიტი განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიზნესების გასაცნობად.
პირველი პროექტი, რომელიც მან მოინახულა იყო მშრალი ხილის საწარმო „კერკი“, რომელიც სრული დატვირთვით 2021 წელს ამუშავდა და გადამუშავებული ნედლეულისგან სხვადასხვა სახის მშრალ პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: ჩირს, ტყლაპს, ცუკატს, კაკლოვანსა და ჩურჩხელას. საწარმო განახლებადი ენერგორესურსებით იმუშავებს და ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. სამუშაო პროცესში გამოიყენება მზის და გეოთერმული ენერგია. ხილის შრობის პროცესში კი ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იქნება ბიომასა. “ქედა ლიდერის” ხელშეწყობით, მოეწყო შენობა, რომელიც მომზადდა წარმოებისთვის და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ბენეფიციარმა შეძლო შეეძინა დანადგარები, სადისტრიბუციო ტრანსპორტი და სხვა საჭირო რესურსი.
შემდეგი პროექტი, რომელსაც ელჩი ეწვია იყო ოჯახური სასტუმრო, მარანი და მეურნეობა “შატო ივერი”, რომელიც ტურისტებს მიმზიდველ ეთნოგრაფიულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურისტულ სერვისებით ემსახურება, მათ შორის: სტუმრების განთავსება, კვება, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი სამზარეულო, ხალხური შემოქმედება და რეწვის გაცნობა. „ქედა ლიდერის“ მხარდაჭერით, ბერიძეებმა მაღალი კლასის ეთნოსტილის სასტუმროს მოწყობა შეძლეს. სასტუმროს დაფუძნებამ და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაციასა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის სწრაფ ზრდაზე.
ელჩმა ასევე მოინახულა ლაქშერი ქემფინგი Hill Inn. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების ინოვაციურ მიდგომებს ჩაეყარა საფუძველი. Luxury Camping სასტუმროში ხელმისაწვდომია კინოთეატრი, მცირე ბიბლიოთეკა, სპა-ჯაკუზი, საუნა და სხვა სერვისები. მდებარეობიდან გამომდინარე, Hill Inn ყველა სეზონზე აქტუალურია. პროექტის ფარგლებში, დავით არძენაძის 5,000კვ.მ მიწის ნაკვეთზე შეიქმნა Luxury Camping სივრცე, ბუნების გამორჩეული ხედებით. განთავსდა ორი, ერთმანეთისგან იზოლირებული, გლემპინგ-კონსტრუქცია. სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა მზის ბატარეები, ხოლო ნომრები სტუმრის კომფორტისათვის საჭირო ყველა რესურსით აღიჭურვა.
ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი ასევე ეწვია დაბა ქედის საჯარო სკოლას. პროექტი „ქედა ლიდერი“ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას მოსწავლეებისთვის განახლებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში დაეხმარა, რაც ბავშვების შემოქმედებითი და ლიდერული უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე, მოსწავლისთვის საჭირო ყველა ციფრული ტექნოლოგიითა და შესაბამისი ავეჯით აღჭურვილი მოდერნიზებული ოთახი, სადაც მათ იდეებისა და აზრების გენერირების, გუნდური მუშაობის ათვისების, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მრავალი სასიკეთო, საგანმანათლებლო – კულტურული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცათ. უკვე გამოყოფილ ფართში შეიქმნა შესაბამისი დიზაინი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ოთახი აღიჭურვა ყველა საჭირო საოფისე ავეჯითა და ძირითადი ტექნიკური საშუალებით. დამატებით სკოლაში მოეწყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები.
შემდეგი პროექტი, რომელიც ელჩმა მოინახულა იყო ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პროექტის „ქედა ლიდერი“ ხელშეწყობით, ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრმა“ მუნიციპალიტეტის მეცხოველე ფერმერებისთვის მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და სხვა პირუტყვის ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური მომსახურების მიზნით, ვეტერინარული კლინიკა გახსნა. კლინიკა სრულადაა აღჭურვილი საჭირო მედიკამენტებით, დანადგარებითა ოპერაციების ჩატარებისათვის საჭირო ინვენტარით, ასევე, ფუნქციონირებს ვეტ-ლაბორატორიები. კლინიკა საშუალოდ 26000-დან 36000-მდე პირუტყვს და შესაბამისად, ქედის რაიონის 18 000 მაცხოვრებელს ემსახურება.
ელჩი ასევე ეწვია შერვაშიძეების მარანს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, სოფელ პირველ მაისში მდებარეობს. აქ ტურისტებს მასპინძლობენ ნალიის ტიპის კოტეჯებში, საიდანაც სტუმრებს ბუნების მიმზიდველი ხედებით შეუძლიათ დატკბნენ. ყოველ კოტეჯს საკუთარი აბაზანა და აივანი აქვს. შერვაშიძეების მარნის სტუმრებს ღვინის დეგუსტაციისა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. სასტუმრო ვიზიტორებს 1 ან 2-დღიან ტურებს სთავაზობს X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ, ექსტრემალური სპორტითა და ზიპლაინითაც დაკავდნენ. განსაკუთრებული ბუნებითა და მშვიდი გარემოთი გამორჩეული მარანი 2006 წელს გაიხსნა და ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ნალიის ტიპის 4 კოტეჯი. ალექსანდრე შერვაშიძე, გამოცდილი მეწარმე, ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის ღრმა მცოდნეა და ხშირად, თავად უძღვება ტურებს.
ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში, ქედისა მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მეშვეობით 97 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტით, რომელსაც 2017 წლიდან ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქედაში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემების მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.
ვიზიტის დასრულების შემდეგ CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქნ. ნანა ჯანაშიამ აღნიშნა, რომ “ქედა ლიდერის” პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. პროექტმა ხელი შეუწყო ქედაში 90-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსა და მეწარმეს, რომლებიც უკვე წარმატებით ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და რესურსების მართვის პრაქტიკის დანერგვას, ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებულ მართვის განვითარებას, ეკოტურიზმს, აგროტურიზმს, ახალგაზრდა თაობის გაძლიერებას, და, ზოგადად, გარემოსდაცვით მიმართულებებს,” – აღნიშნა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ვროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge და www.eu4georgia.ge. ხოლო, მეტი ინფორმაციისთვის ქედის LAG-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kedalag.ge
საკონტაქტო პირი:
• თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების პროგრამების საინფორმაციო ხელმძღვანელი, tamar@commwithus.eu
• ნანა თაკვარელია, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN, nana.takvarelia@cenn.org, 599 087703