CENN – ის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, 15 მარტს, ახალგაზრდული „ეკო ჰაბი“ გაიხსნა.
„ეკო ჰაბის“ არსებობა ხელს შეუწყობს დაბის და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოს დაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში.
ცენტრი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით, ინტერიერითა და გარემოსდაცვითი ბიბლიოთეკით. ამასთანავე სკოლაში ცენტრის ბაზაზე შეიქმნა პედაგოგებითა და მაღლი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ეკო კლუბი. სკოლის მოსწავლეები გახდებიან CENN – ის ელექტრონული ქსელის მომხმარებლები და ყოველდღიური ინფორმაცია ექნებათ რეგიონში გარემოსდაცვითი კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
„ეკო ჰაბი“ რიგით მეორე ცენტრია, რომელსაც CENN რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში აკეთებს. პროექტი ხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით.