18 თებერვალს დასრულდა ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის. ოთხ დღიან ზამთრის ბანაკში – „გარემოს გულისთვის“ მონაწილეობა მიიღო 27-მა სტუდენტმა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ზამთრის სკოლის პერიოდში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტის და სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ სემინარებს შემდეგ თემებზე: ნარჩენების მდგრადი მართვის ტექნოლოგია, მომხმარებლობა და მოდერნიზმი, როგორ ჩავატაროთ წარმატებული პრეზენტაცია და პლასტმასის შემცირება და ნარჩენების დახარისხება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიის შესახებ ძირითადი ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, სტუდენტები დაიყვნენ 7 ჯგუფად, რათა შემდგომში თითოეულს შეექმნა საკუთარი პრეზენტაცია ნარჩენების მართვის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ახლად შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით.
პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის შემდეგ, სტუდენტებმა მიიღეს უკუკავშირი როგორც WMTR II პროგრამის თანამშრომლებისაგან, ასევე დანარჩენი მონაწილეებისაგან.
WMTR II პროგრამის დახმარებით, თბილისის სტუდენტები ჩაატარებენ სემინარებს ნარჩენების მართვის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, თბილისის სხვადასხვა სკოლაში.
WMTR II პროგრამამ ანალოგიური ზამთრის სკოლა ჩაატარა კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის 2018 წლის დეკემბერში.
ზამთრის სკოლა „გარემოს გულისთვის“ ჩატარდა WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID–ის მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ეხმარება და ანვითარებს მათ მონაწილეობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში და ხელს უწყობს ახალგაზრდებს გახდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები თავიანთ თემში.
დამატებითი ინფორმაციისათვის WMTR II პროგრამის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს.