საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1–ლი ოქტომბრიდან აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტმასის პარკების გავრცელება, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
რეგლამენტის მიხედვით პლასტმასის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისას, იმპორტისა და რეალიზაციის რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. ამასთანავე, აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკის დონეზე კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის – ცნობიერების ამაღლება დანაგვიანებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, გადამუშავების ხელშეწყობა, წარმოებისა და მოხმარების შემცირება.
პლასტმასის წარმოება მსოფლიოში, ძირითადად მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიხედვით, პლასტმასის წარმოება 1950 წელს მსოფლიოში 2 მილიონ ტონას უტოლდებოდა, ხოლო 2015-ში წლიურმა წარმოებამ 380 მილიონ ტონას მიაღწია.
მონაცემების მიხედვით, 1950 წლიდან 2015 წლამდე გამოშვებული პლასტმასის რაოდენობის ნახევარი ბოლო 13 წლის განმავლობაში იქნა წარმოებული. შესაბამისად, პლასტმასის წარმოება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და მიმდინარე ტემპით 2050 წლისთვის დაახლოებით 12 მილიარდი ტონა პლასტმასა დაგროვდება ნაგავსაყრელებსა და გარემოში.
ყოველ წელს ოკეანეში 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება, რის შედეგადაც იხოცება უამრავი ზღვის ბინადარი. გარემოში მოხვედრის დროს პლასტმასა რთულად იშლება, რის გამოც ტოქსიკურ გავლენას ახდენს ველურ ბუნებაზე.
პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლა კომპლექსური საკითხია და მოიცავს როგორც ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოებას ისევე არსებული პლასტმასის გადამუშავებას.
ქალაქ თბილისში უკვე 10 ადგილზე ფუნქციონირებს ნარჩენების დახარისხების კუთხე. აღნიშნულ სტენდებთან მოსახლეობას შეუძლია, მიიტანოს შემდეგი დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები