fbpx

სოციალური და მწვანე ბიზნესები მდგრადი განვითარებისათვის

CENN_SEED_Article

„ბიზნესი ერთადერთი მექანიზმია დღეს პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა და  გლობალური გარემოს და სოციალური დეგრადაციის შეჩერება და შემობრუნება“.

პოლ ჰაუკენი, ამერიკელი გარემოსდამცველი და მეწარმე

სტატიის ავტორი: თამარ ჯანგულაშვილი

 

მსოფლიო იცვლება, ბევრი ბიზნესი ცვლილებებს აცნობიერებს და პასუხისმგებლიანი სტრატეგიების შემუშავებით ცდილობს კორპორაციული მდგრადობის შენარჩუნებას. ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში. დაბინძურებული გარემოსა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად და ადაპტაციისთვის, კომპანიები ფიქრობენ მეტი ინოვაციური და კრეატიული პროდუქტისა და მომსახურების შექმნაზე.

 

კლიმატის ცვლილებებით, გარემოს დეგრადაციითა და დაბინძურებით გამოწვეული მძიმე შედეგები დამანგრეველი იქნება მსოფლიოსთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე აფრთხილებს, რაც 2030 წლამდე გარდაუვალი იქნება. ასევე, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ელექტროენერგიის არამდგრადი გამომუშავება, მშენებლობა, წარმოება, ტრანსპორტი.

 

სოციალურ საწარმოებსა და მწვანე მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ინოვაციური პროდუქტები და ადგილი დაიმკვიდრონ მწვანე ინდუსტრიაში, მოახდინონ შემოსავლებისა და მოგების გენერირება, შექმნან სოციალური სიკეთე და შეარბილონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული მძიმე შედეგები. 25 წლის წინ მეწარმემ, მენეჯმენტის კონსულტანტმა და ვენჩერული ფონდის „ვოლანსის“ თანადამფუძნებელმა, ჯონ ელკინგტონმა პირველად გამოიყენა 3P (ადამიანები, პლანეტა და მოგება) მოდელი კომპანიების ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით საქმიანობის შესაფასებლად. კომპანიების მართვა შესაძლებელია არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის, არამედ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზეგავლენის გარემოზე შემცირების მიზნით. კომპანიები, რომლებიც  3P მოდელს ნერგავენ, გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით თანამშრომლების მიმართ სამართლიანი ხელფასებისა და კომფორტული გარემო პირობების უზრუნველყოფით, სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივობებით. ამ ტიპის კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ჰქონდეთ დადებითი გავლენა ეკოლოგიაზე ნარჩენების შემცირებით, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებით, განახლებად ენერგიაში მეტი ინვესტიციების ჩადებით და ა.შ.

 

კომპანიებმა, რომლებიც თვლიან, რომ ფინანსურ მოგებასთან ერთად მათი მისია გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვაა, ნარჩენების გადამუშავებით შეძლეს ყველაზე გაყიდვადი პროდუქციის წარმოება და ფინანსური სტაბილურობის მიღწევა.

 

წარმატებული მდგრადი ბიზნესმოდელები

ავეჯის კომპანიამ IKEA, რომელიც ცნობილია მესიჯით – „ნულოვანი ნარჩენები ნაგავსაყრელში“ – თვლის, რომ ხარჯეფექტიანობის მისაღწევად კომპანიებმა უნდა გამოიყენონ ცირკულარული ეკონომიკის მიდგომები, რაც გაზრდის მათ კომერციულ შესაძლებლობებს და მოუტანს კორპორაციულ მდგრადობას.

 

სათამაშო კონსტრუქტორების მწარმოებელმა კომპანიამ, ლეგო ჯგუფმა, რომელიც თანამშრომლობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF), ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის საწარმოებში სრულად გამოიყენოს განახლებადი ენერგია.

 

ამერიკული კორპორაცია სტარბაქსი, რომელიც ცნობილია ყავის წარმოებითა და ყავახანების ქსელით, დაარსებიდან, ე.ი 1971 წლიდან სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული. სტარბაქსის მიერ დაფუძნებული ფონდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოების ცოდნისა და უნარების განვითარებაზე. კომპანია აცხადებს, რომ პარტნიორი მწარმოებელი კომპანიები და ფერმერები მათ პროდუქტებს ყველა სტანდარტის დაცვით აწარმოებენ. კომპანია თანამიმდევრულად ახორციელებს სტრატეგიებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შემცირებისკენ არის მიმართული. გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირების მიზნით, კომპანია ახდენს ნარჩენების გადამუშავებას და წყლისა და ენერგიის კონსერვაციას. გარდა ამისა, სტარბაქსის ყველა მაღაზიაში დამონტაჟებულია ენერგოეფექტიანი განათებები. ამჟამად კომპანიაში 10,000-მდე ვეტერანი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა დასაქმებული.

 

3P მოდელზე დაფუძნებული ბიზნესები შეძლებენ, ხანგრძლივად შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა. შესაბამისად, 3P მოდელის ბიზნესში ინტეგრირებით ბიზნესი შეძლებს, მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა, შეინარჩუნოს მდგრადობა და სტაბილური ზრდა. სოციალური მეწარმეობა გულისხმობს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებით. შესაბამისად, სოციალური მეწარმეების მიზანი არა მხოლოდ მოგების მიღება, არამედ ინოვაციური პროდუქტების შექმნით სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში სოციალური პრობლემების მოგვარების, საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დანერგვისა და სოციალური სამართლიანობის მიღწევის მიზნით, მეწარმემ, რეფორმატორმა და ფილანთროპმა, რობერტ ოუენმა შოტლანდიაში, თავის ქარხნებში, სოციალური პროგრამების განხორციელება დაიწყო. ქარხნებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა განაპირობებდა დასაქმებული მუშების კეთილდღეობის ამაღლებას.

 

ინდოეთის მიწის მოძრაობის დამფუძნებელმა, ვინობა ბავიმ, ჩამოაყალიბა ბუდანის მოძრაობა, რომლის ინიციატივით, მიწის არმქონე ფერმერებს ნებაყოფლობით ეხმარებოდნენ და სარგებლობაში გადასცემდნენ მიწებს. ისტორიაში პირველი ქალი სოციალური მეწარმე ფლორენს ნაიტინგეილია, რომელმაც მედდების სკოლის დაფუძნებით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საექთნო პრაქტიკას. ხსენებული სკოლა ცდილობდა სისტემების გარდაქმნასა და სიღარიბეში მყოფი ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მათ უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ შესაძლებელი იყო საწარმოების მართვა მოგებიანობის დაკარგვის გარეშე, დასაქმებულებისა და საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მოტანითა და გარემოს დაცვით. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, სოციალური მეწარმეები უდავოდ ცვლილებების გამომწვევი კატალიზატორები არიან.

 

ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისათვის

ხაზოვანი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლით სოციალური საწარმოები შეძლებენ სოციალური სიკეთის შექმნას, ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ინოვაციური, ცირკულარული პროდუქტების შექმნით, განახლებადი რესურსებისა და ენერგოწყაროების გამოყენების მაქსიმიზაციით. ცირკულარული ეკონომიკა გულისხმობს  პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას ლიზინგის, გაზიარების, ხელახლა გამოყენების, განახლების, შეკეთებისა და გადამუშავების გზით. ტრადიციული, ხაზოვანი ეკონომიკისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს პროცესს – „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე, გადააგდე“,  ცირკულარული ეკონომიკა გულისხმობს ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას, პროდუქტისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებას ახალი მნიშვნელობის შეძენით უფრო გამძლე და ინოვაციური პროდუქტის შექმნას. მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ნედლეულზე, ნედლეულის მარაგები კი შეზღუდულია. გარემოზე დიდ გავლენას ახდენს ნედლეულის მოპოვების პროცესი და გამოყენება, რაც ზრდის CO2-ს ემისიასა და ენერგიის მოხმარებას. ნედლეულის ხელახლა გადამუშავება და განახლება შეამცირებს გარემოს დაბინძურებას. ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვა განვითარებად ქვეყნებში ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას, ნედლეულის მარაგების გაზრდასა და ინოვაციური პროდუქტების შექმნის სტიმულირებას. სოციალური საწარმოები, ცირკულარული ეკონომიკის ეკოლოგიური პოტენციალის გამოყენებითა და ინოვაციური პროდუქტების შექმნით ამცირებენ გარემოზე ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ნეგატიურ ფაქტორებს და აღწევენ ფინანსურ სტაბილურობას. ცირკულარულ ეკონომიკაში მომხმარებლისა და საწარმოების თანამშრომლობით შესაძლებელი ხდება ხელახლა გადამუშავების პრაქტიკის დანერგვით მიღწეულ იქნეს ნულოვანი ნარჩენების, ნულოვანი გამონაბოლქვის გლობალური მიზნები. საერთაშორისო ჟურნალში „Industrial Ecology“ გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრები აცხადებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების (შეკეთება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება, ხელახლა წარმოება, ლიზინგი) გამოყენებით შესაძლებელია გაეროს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

 

მწვანე ეკონომიკა ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ეკონომიკური მოდელია. გაეროს გარემოსდაცვით პროგრამაში მწვანე ეკონომიკა განმარტებულია, როგორც „ეკონომიკურ საქმიანობათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს პროდუქციისა და მომსახურების წარმოებას, დისტრიბუციასა და მოხმარებას გრძელვადიან პერიოდში ადამიანთა კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად გარემოსდაცვითი რისკების შემცირებას ეკოლოგიური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით“. მწვანე მეწარმეები ქმნიან ბიზნეს მოდელებს არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, არამედ სოციალურ და გარემოსდაცვითი ღირებულებების დასანერგად. შესაბამისად, მწვანე მეწარმეებს შეუძლიათ, გარემოსდაცვითი და სოციალური ღირებულებები გადააქციონ ბიზნესღირებულებად, გახადონ საქმიანობა ფინანსურად მოგებიანი და შეინარჩუნონ მდგრადობა სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და სხვა საწარმოებისგან განმასხვავებელი ნიშნების გაანალიზებით. მწვანე მეწარმეები ქმნიან პროდუქტს და/ან მომსახურებას, რომელიც მდგრადია და სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულების მომტანია საზოგადოებისთვის, ხელს უწყობს სოფლის მდგრად განვითარებას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას, პასუხისმგებლიან მოხმარებას, ამცირებს ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიას და ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრების გაძლიერებას. მარკეტინგის გურუ, ფილიპ კოტლერი, ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „მდგრადობა მალე ყველა ბიზნესის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება, ვინაიდან მომხმარებლებს სურთ, კომპანიებმა იზრუნონ არა მხოლოდ მოგების მიღებაზე, არამედ მომხმარებლებსა და პლანეტაზე. “მწვანე მეწარმეები, რომლებიც გვთავაზობენ ინოვაციურ გადაწყვეტებს დაბინძურების, ნარჩენების მართვის, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, საქმიანობა უნდა გაააქტიურონ კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების, მდგრადი ტურიზმის სფეროშიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებასა და დასაქმების ზრდას. იტალიური ინოვაციური სტარტაპი, პაგუროჯინსი გადამუშავებული მასალების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მინიმალისტური დიზაინის კომბინაციით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს. ჯინსებისა და ბამბის ქსოვილის რეგენერაციით, სტარტაპი იბრძვის ტექსტილის ინდუსტრიის მიერ დაბინძურებული გარემოს გასაუმჯობესებლად.

 

ინოვაციური პროდუქტების შექმნით მიღებულ სარგებელს მწვანე მეწარმეები შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ მათი პოტენციური მომხმარებლები არ გადაიხდიან უფრო მეტს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შესაძენად. თუმცა მწვანე მეწარმეებმა არსებული გამოწვევები შესაძლებელია, აქციონ შესაძლებლობებად კრეატიული იდეების, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების კომბინაციით.

 

სოციალური და მწვანე ბიზნესების გამოწვევები

დღევანდელ არასტაბილურ ბიზნესგარემოში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად და პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევის სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვისას ბიზნესებს უწევთ რთული გამოწვევების დაძლევა. ეს გამოწვევებია – არასწორად შერჩეული, გამოუცდელი და არაკვალიფიციური გუნდი, დემოტივირებული თანამშრომლები, გაზრდილი კონკურენცია, ფინანსური პრობლემები, არასწორად ჩამოყალიბებული ბიზნესმოდელი, პროდუქტის შექმნა წინასწარი ბაზრის კვლევისა და ანალიზის გარეშე, შეცდომები მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისას, არასწორად შერჩეული პარტნიორები, ინვესტიციების ნაკლებობა კვლევასა და განვითარებაში (R&D), თანამშრომელთა კომპეტენციების ნაკლებობა კვლევისა და განვითარების მართვაში, ინოვაციებისა და R&D-ისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონა, ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად გაზრდილი ხარჯები და ა.შ. კვალიფიციურ და გამოცდილ გუნდს ბიზნესის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, შესაბამისად, გუნდის შერჩევას ყველაზე მეტ დროს უთმობენ ბიზნესები და მათ განვითარებაზეც დიდ რესურსს ხარჯავენ. რაც შეეხება თანამშრომლების მოტივაციას, ის სწორი და მუდმივი უკუკავშირის საშუალებით უნდა ხდებოდეს. გაზრდილი კონკურენციის პირობებში ბიზნესებს უფრო მეტი მცდელობა სჭირდებათ წარმატების მისაღწევად, თუმცა ასეთ პირობებშიც ბიზნესში ინოვაციების სტიმულირებით შესაძლებელია ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება. ფულადი სახსრების მოძრაობა და ფულის შემოდინება ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები ნაკლებად ინფორმირებულები არიან მწვანე ეკონომიკისა და სოციალური და მწვანე ბიზნესების საქმიანობის შესახებ, რაც დამატებითი ბარიერია ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. თუმცა, გამოწვევების აღიარება და დროული რეაგირება შესაძლებელს ხდის საპასუხო ზომების დროულად გატარებას. საწარმოების წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი არასწორად ჩამოყალიბებული ბიზნესმოდელებია – ხშირ შემთხვევაში, ისინი ზედმეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, აქცენტს აკეთებენ არასწორად შერჩეულ მომხმარებელთა მიზნობრივ სეგმენტზე, რომლის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე დიდ რესურსს ხარჯავენ. შესაბამისად, მათ აქვთ არასწორი წარმოდგენები ბაზრის სეგმენტებზე და ბაზრის ნიშებზე, ბაზარზე პროდუქტის განთავსების ან მომსახურების გაწევაზე. კიდევ ერთი გამოწვევაა დაკავშირებული ბაზრის ანალიზთან, როდესაც ბიზნესი წინასწარ არ ატარებს ბაზრის კვლევას და, შესაბამისად, ბაზარს აწვდის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი არ ჰყავს. ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი დაფუძნების შემდეგ იწყებს პროდუქტისა და მომსახურების ბაზრის ანალიზს, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია და ართულებს ბაზარზე შესვლასა და ნიშის დაკავებას. ბიზნესი, რომელიც არაეფექტოანად აფასებს პროდუქტის ან მომსახურების პოზიტიურ გავლენებს, მომხმარებლებს არასწორ მოლოდინს უყალიბებს, რაც შემდგეგ ამცირებს ბრენდისადმი მომხმარებლების კეთილგანწყობასა და ლოიალობას. სტრატეგიული მარკეტინგის დაგეგმვისას დაშვებული შეცდომები, როგორებიცაა არასწორად შერჩეული სამიზნე აუდიტორია, ბრენდის არასწორი პოზიციონირება, შეცდომები კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრისას და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზისას, ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება, იწვევს ფინანსურ კრიზისს და ცუდად მოქმედებს მის რეპუტაციაზე. პარტნიორების მოძიება და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება სოციალური და მწვანე ბიზნესებისთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ კომპანიებს არ მიაჩნიათ სოციალური და მწვანე ბიზნესები მოგებიან საქმიანობად და, ამასთან, ისინი ნაკლებად იცნობენ მათ კონცეფციას, მიუხედავად ამისა, სოციალური და მწვანე ბიზნესების დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა მიღებული პრაქტიკაა და ეს თანამშრომლობა, შესაძლებელია, ორივე მხარისთვის გახდეს მოგებიანი. დიდი კომპანიებისთვის ახალ სოციალურ და მწვანე ბიზნესებთან ასეთი სოციალური პარტნიორობის დაწყება რისკებს შეიცავს, მაშინაც კი, თუ ბიზნესს აქვს გამოცდილება. შესაბამისად, პარტნიორი სოციალური და მწვანე ბიზნესების სწორად შერჩევა დიდი კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია. დამწყები ბიზნესებისთვის მსგავსი თანამშრომლობა სოციალური მისიის შესასრულებლად ფინანსური რესურსების მოძიების მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა მათი ფინანსური მდგრადობისთვის გადამწყვეტია.

 

დიდ კომპანიებთან თანამშრომლობით იზრდება სოციალური და მწვანე ბიზნესების ფინანსებზე წვდომა, მათთვის იხსნება გაყიდვების ახალი არხი და ეხსნებათ გზა ახალი ბაზრების დასაკავებლად. ამასთან, მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას, ახალ საერთაშორისო ბაზრებზე შესვლას, ზრდის მათ რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე. ასევე, სოციალური და მწვანე ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ტექნოლოგიები. შესაბამისად, სოციალური და მწვანე ბიზნესების თანამშრომლობა დიდ კომპანიებთან გაზრდის მათ შემოსავლებსა და ცნობადობას და ურთიერთთანამშრომლობით შექმნიან ინოვაციურ პროდუქტებს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით. დიდი კომპანიები ბიუროკრატიული მექანიზმებია, რომლებიც აფერხებენ რესურსების დროულად მობილიზებას, ისინი ვერ ახდენენ ცვლილებებისადმი სწრაფ ადაპტაციას, არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, შესაბამისად, მათი თანამშრომლობა მცირე ზომის სოციალურ და მწვანე ბიზნესებთან გაზრდის მათ მოქნილობას, შექმნიან და მოახდენენ ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ვალიდაციას ნაკლები ხარჯებითა და რისკების შემცირებით, ჩაატარებენ ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, შეიძენენ ახალ ცოდნასა და ექსპერტიზას, გაზრდიან ბიზნესის ღირებულებას და შექმნიან სოციალურ სიკეთეს. მსგავსი სოციალური პარტნიორობა ხელს უწყობს დიდ კომპანიებს, ეფექტიანად დანერგონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. მიუხედავად გამოწვევებისა, სოციალური და მწვანე ბიზნესების საქმიანობის წახალისება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი წარმოებისა და მოხმარების სტიმულირებით, მეტი ინვესტიციის ჩადებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში, შეღავათიანი საგადასახადო პირობების შეთავაზებით, კვლევისა და განვითარების (R &D) სტიმულირებით.

 

სტატია მომზადებულია პროექტის „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :