fbpx

როგორ გავხადოთ ბიზნესსექტორი უფრო მდგრადი

როგორ გავხადოთ ბიზნესსექტორი უფრო მდგრადი

პრაქტიკული რჩევები მეწარმეებისათვის

ავტორი: თამარ ჯანგულაშვილი

 

 

დღეს სწრაფად ცვალებად გარემოში ბიზნესის წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებს კარგად შემუშავებული სტრატეგია, ეფექტიანი ლიდერობა და პროდუქტისა და ბაზრის უეთიერთთავსებადობა წარმოადგენს. სტრატეგიული დაგეგმარებისათვის, კაპიტალის გაზრდის შესაძლებლობების ანალიზისათვის და ჰიპოთეზების დასატესტად სტარტაპები და მეწარმეები ბიზნესმოდელის ტილოს  (Business model Canvas) იყენებენ. ბიზნესმოდელში წარმოდგენილი კომპონენტების ურთიერთკავშირი ყველა დაინტერესებული მხარისათვის მარტივი და გასაგებია, ის აღწერს, თუ როგორ ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ბიზნესი ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ღირებულებებს (ა.ოსტერვალდერი & ი.პინიე –  ბიზნესმოდელის ტილოს ავტორები), რა ეტაპზეა კომპანია ახლა, სად იქნება ის მომავალში და როგორ გაივლის ის ამ გზას. შესაბამისად, ბიზნესმოდელის გააზრებით ვიგებთ, თუ როგორ ქმნის ბიზნესი პროდუქტს ან მომსახურებას და იღებს შემოსავალს.

 

ბიზნესმოდელი ტილოს ფორმატით ბიზნესმოდელის ვიზუალიზაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ, ბიზნესის ძირითად კომპონენტებზე ყურადღების გამახვილება, ბიზნესიდეის სტრუქტურირებული ფორმით გადმოცემა, ასევე ახალი ალტერნატიული მოდელების ან ინოვაციური იდეების დატესტვა, სხვადასხვა კატეგორიას შორის დამოკიდებულებების გაანალიზება, პროდუქტის ან მომსახურების პოზიციონირებისათვის უკეთესი გზების მოძებნა და სხვ. ალექსანდერ ოსტერვაილდერისა და ივ პინიეს მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სოციალურ საწარმოებსა და მწვანე ბიზნესებს დაედო საფუძვლად.

 

სოციალური საწარმო, თავისი მისიიდან გამომდინარე, პოზიტიურ სოციალურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, სოციალური საწარმოს ბიზნესმოდელის ტილოს შევსებისას მნიშვნელოვანია მისი მისიისა და ფასეული შეთავაზების კარგად ჩამოყალიბება. თითოეული კომპონენტის შევსებისას მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენ მიერ გამოთქმული ვარაუდების მტკიცებულებებზე, რაც დაგვეხმარება, დავადასტუროთ მათი ნამდვილობა. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმოდელის ტილოს შევხედოთ, როგორც დიდ სურათს, სადაც ყველა კომპონენტში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთთან არის ურთიერთკავშირში, რაც დაგვეხმარება ახალი იდეების აღმოჩენასა და პერსპექტივების დასახვაში.

 

სოციალური საწარმოს მისია სოციალური ან გარემოსდაცვითი ცვლილებების განხორციელებაა, ხოლო ამ მისიის შესრულება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობით, და ამ პროცესში მათი მონაწილეობით მიიღწევა. დაინტერესებული მხარეების როლი განსხვავდება იმისდა მიხედვით, არიან ისინი დონორები, მომხმარებლები თუ ბენეფიციარები. შესაბამისად, მომხმარებელთა სეგმენტი შესაძლებელია, დავყოთ რამდენიმე კომპონენტად, როგორებიცაა მომხმარებელი და ბენეფიციარები. გარდა ამისა, სოციალური საწარმოს ბიზნესმოდელის ტილოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია – სოციალური შედეგების შეფასება და გავლენის გაზომვა, რაც გვეხმარება, შევაფასოთ ის სარგებელი, რომელსაც იღებს საზოგადოება, განვსაზღვროთ მიღებული სარგებლის ეფექტიანობა, რამდენად ღირებულია ის დაინტერესებული მხარეებისათვის, და ხელი შევუწყოთ სისტემური ცვლილებების განხორციელებას. გავლენის გაზომვით სოციალური საწარმოები აფასებენ, რამდენად ხდება სოციალური მისიის შესრულება და რამდენად პოზიტიურია ცვლილებების გავლენა საზოგადოებაზე და/ან გარემოზე.

 

სოციალური საწარმოს ბიზნესმოდელის ტილოს ნიმუში:

ვიზუალი 1

პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ ავაწყოთ ბიზნესმოდელის ტილო

ბიზნესმოდელის ტილოს ყველა კომპონენტში ასახული ინფორმაცია უნდა იყოს კონკრეტული,  ლაკონური  და ყველა დაინტერესებული მხარისათვის მარტივად აღქმადი. უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა მისიას ემსახურება საწარმო და როგორ აისახება მის მიერ გამოწვეული პოზიტიური ცვლილებები გარემოსა და საზოგადოებაზე და ეს ადვილად უნდა იკითხებოდეს. ბიზნესმოდელის ტილოს შესავსებად მნიშვნელოვანია გავცეთ პასუხები ქვემოთ დასმულ შეკითხვებს და გავითვალისწინოთ მოცემული რჩევები.

მისია: რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ? როგორ მოაგვარებთ მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს?

ფასეული შეთავაზება: რა ფასეულობებს ვქმნით მომხმარებლისთვის? რა პროდუქტს/მომსახურებას ვთავაზობთ და რა დაპირებებს ვაძლევთ მომხმარებლებს/ბენეფიციარებს პრობლემის მოგვარების ან კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის? მომსახურების რა პაკეტს ვთავაზობთ მომხმარებლის თითოეულ სეგმენტს?

ურთიერთობა მომხმარებელთან: დაასახელეთ მომხმარებლები/ბენეფიციარები, ვისთვისაც ქმნით პროდუქტს/მომსახურებას, ფასეულობას; აქცენტი გააკეთეთ იდეალური მომხმარებლის პროფილზე და აღწერეთ მისი მახასიათებლები; რა ტიპის ურთიერთობას ელოდება მომხმარებელი/ბენეფიციარი ჩვენგან? რა ტიპის ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ მათთან და როგორ შევინარჩუნებს ამ ურთიერთობებს?

სოციალური ინოვაცია: იფიქრეთ იმ ახალ მეთოდებზე, იდეებზე ან პროდუქტებზე, რომელთაც გამოიყენებთ პრობლემის მოსაგვარებლად; ის, რაც განსხვავებული იქნება და ინოვაციური გზით მოაგვარებს სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებს.

არხები: დაასახელეთ საკომუნიკაციო არხები, რომელსაც გამოიყენებთ მომხმარებელთან/ბენეფიციარებთან ურთიერთობისთვის, პროდუქტის ან მომსახურებისთვის მიწოდებისა და  გაყიდვებისთვის; რომელი საკომუნიკაციო არხი იქნება ყველაზე ხარჯეფექტიანი და ინოვაციური.

სარგებელი მომხმარებელს/ბენეფიციარს:  დაასახელეთ ის პრობლემები, რომელთაც თქვენ მოაგვარებთ საზოგადოებისთვის, დაასახელეთ ის პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება საზოგადოებას.

ძირითადი აქტივობები: დაასახელეთ ის საქმიანობები, რომელთა განორციელებასაც აპირებთ ფასეულობის შესაქმნელად და პოზიტიური გავლენის მოსახდენად. ჩამოთვალეთ ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც მისიის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ძირითადი რესურსები: დაასახელეთ რესურსები, რომელთაც ფლობთ, ან რომლებიც გჭირდებათ შესაძენად ან განსავითარებლად; დაასახელეთ რესურსები ან მომსახურებები, რომელთა მიმღებაც შეგიძლიათ სხვა საწაროებთან პარტნიორობის მეშვეობით;  ჩამოთვალეთ წარმატების მისაღებად საჭირო ძირითადი რესურსები; მაგ., ადამიანური, ინტელექტუალური, ფიზიკური და ფინანსური რესურსები. აღნიშნეთ, რა გავლენას მოახდენს ჩამოთვლილი რესურსების ნაკლებლობა თქვენი სოციალური მისიის შესრულებაზე.

ძირითადი მომხრეები/პარტნიორები: დაასახელეთ ადამიანები და ჯგუფები, ვინც ჩართული არიან პროცესში, მაგ.: პარტნიორები, მიმწოდებლები, შემომწირველები, რომლებიც გავლენას ახდენენ პროცესებზე და განმარტეთ, როგორ აპირებთ მათთან მუშაობას. წარმოდგინეთ,  რა  იქნება მათი მოტივაცია ამ თანამშრომლობაში.

ხარჯები: ჩამოთვალეთ საზოგადოების საჭიროების დაკმაყოფილებისათვის, კერძოდ, სხვადასხვა პროგრამის თუ აქტივობის განხორციელებისათვის და პროდუქტების/მომსახურებების შესაქმნელად გასაწევი ხარჯები და განსაზღვრეთ მათი კონტროლის მექანიზმები.

შემოსავლის წყაროები: ჩამოთვალეთ შემოსავლის ძირითადი წყაროები, მაგ.: გრანტები, შემოწირულობა, პროდუქტის/მომსახურების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი და ა.შ. რა ფასს გადაიხდიან პროდუქტსა თუ მომსახურებაში? განსაზღვრეთ შემოსავლის თითოეული წყაროს წვლილი  საერთო შემოსავლებში.

რეინვესტიცია: წლიური სარგებლიდან რა ნაწილის რეინვესტირებას მოახდენთ საწარმოში? განსაზღვრეთ, რა ნაწილი იქნება საწარმოს განვითარებაში რეინვესტირებული და შემოსავლის რა ნაწილი დაიხარჯება საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის, აგრეთვე გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებაში.

 

როგორ ეხმარება ბიზნესმოდელი ინოვაციური იდეების წახალისებას?

ალექსანდერ ოსტერვალდერის და ივ პინიეს ბიზნესმოდელის ტილო  საფუძვლად დაედო ოლდენბურგის უნივერსიტეტის მკვლევრების კ. ფიჩერისა და ი. ტიმანის – მიერ შექმნილ ბიზნესმოდელის ტილოს კონცეფციას ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის, სადაც თავდაპირველად წარმოდგენილ ბიზნესმოდელს კიდევ ორი კომპონენტი დაემატა: ხარჯები, რომლებიც ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა გაწეული, და სარგებელი, რომელსაც ვიღებთ ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების მოგვარებით.  სწორად შევსებული ბიზნესმოდელის ტილოს საშუალებით სტარტაპებსა და მეწარმეებს შეუძლიათ, შეიმუშაონ და დატესტონ იდეის მიზანშეწონილობა. ბიზნესები ბიზნესმოდელის ტილოს სწორი გაანალიზებით იპოვიან ბიზნესმდგრადობის მიღწევის გზებს, რაც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობის განხორციელების პარალელურად ეკოლოგიურ და სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას საზოგადოებასა და ბუნებაზე ნეგატიური გავლენების თავიდან ასაცილებლად და პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.

 

სასიცოცხლო ციკლის მართვა სოციალურ და მწვანე საწარმოებში

ბიზნესები სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფასეულობებიდან მიღებული სარგებლის დაბალანსებით აღწევენ მდგრად განვითარებას. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ ათეული წლის მანძილზე კომპანიებისათვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა ბიზნესის კეთება სოციალური პრობლემების მოგვარების, და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით.  კლიმატის ცვლილებებითა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად  კომპანიებს დასჭირდათ მრავალი მცდელობა, შეეცვალათ ბიზნესმოდელები, მიეღწიათ მდგრადი განვითარებისთვის და არ დაეკარგათ პროდუქტიულობა და მოგებიანობა. დღეს, მზარდი კონკურენციის პირობებში, როდესაც კომპანიებს უწევთ მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტების გათვალისწინება თავიანთ ბიზნეს საქმიანობებში, ტრადიციული ბიზნესმოდელით უჭირთ სათანადო გადაწყვეტების პოვნა.

ბიზნესმდგრადობის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინოვაციური გზების ძიება, რათა ბიზნესი მოგებიანი გახადოს და ამასთან ერთად გაითვალისწინოს ეკოლოგიური და სოციალური ასპექტები. კომპანიები ბიზნესმდგრადობის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად იყენებენ სასიცოცხლო ციკლის მართვის (Life Cycle Management) მეთოდოლოგიას; კერძოდ, ბიზნესები პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლის პროცესში  ითვალისწინებენ ეკოლოგიურ  და სოციალურ ასპექტებს, რაც საშუალებას აძლევს სოციალურ და მწვანე საწარმოებს, მუდმივად გააუმჯობესონ პროდუქტის საწარმოო პროცესები გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით როგორც საწარმოს შიგნით, ისე ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით აღნიშნული მეთოდოლოგიის საწარმოებში დანერგვის მიზანია შეამციროს რესურსების გამოყენება და ემისია გარემოზე, წაახალისოს მწვანე წარმოება ბაზარზე, ხელი შეუწყოს მდგრადი წარმოების სტიმულირებას, მოიპოვოს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა; საწარმოები, რომლებიც ცდილობენ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას ინოვაციური პროდუქტების შექმნით და მომსახურებების შეთავაზებით, სტრატეგიული პოზიციონირებით ბაზარზე, სასიცოცხლო ციკლის მიდგომის დანერგვით შეძლებენ, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, განავითარონ პროდუქტები და მომსახურებები და უკეთესად შეაფასონ რისკები.

 

გაზიარებული ფასეულობები მდგრადი წარმოების სტიმულირებისათვის

სოციალურ და მწვანე ბიზნესებს თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მისაღწევად უწევთ ისეთი გამოწვევების დაძლევა, რომლებიც დაკავშირებულია არა მარტო წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვის მართვასთან, არამედ თანამშრომლებთან ურთიერთობასთან, მათ განვითარებასა და მხარდაჭერასთან და, რა თქმა უნდა, მომხმარებლებთან ურთიერთობასთან. შესაბამისად, სოციალური და მწვანე ბიზნესები გავლენას ახდენენ საზოგადოების კეთილდღეობასა და განვითარებაზე. ისინი ქმნიან სამართლიან სამუშაო გარემო პირობებს, რათა გააძლიერონ თანამშრომლები და პატივი სცენ მათ უფლებებს; ისინი ცვლილებებს სწორედ საკუთარი თანამშრომლების გაძლიერებითა და მათზე ზრუნვით იწყებენ. ამასთან, ისინი სხვა ტრადიციულ ბიზნესებს აძლევენ მაგალითს, თუ რა როლი აქვს ბიზნესს საზოგადოების ტრანსფორმაციასა და სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. სოციალური და მწვანე ბიზნესები სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესმოდელით ხელს უწყობენ ბიზნესის მდგრადობასა და ინკლუზიურობას, რითაც ქმნიან წარმატებულ მაგალითებს და სტიმულს აძლევენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩაერთონ ფასეულობის შექმნასა და გაზიარებაში.

Captureბიზნესები, რომლებიც მოძველებული და ვიწრო მიდგომებით ქმნიან ფასეულობას, ვერ ახდენენ ბაზარზე საჭიროებების დაკმაყოფილებას გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ორიენტირებული არიან  მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მიღებაზე და არა მომხმარებლებთან გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებასა მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე (ს.ივანს,2017). ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორი, მაიკლ პორტერი, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინი „გაზიარებული ფასეულობა“, აცხადებს, რომ გაზიარებული ფასეულობის პოლიტიკის გატარებით საზოგადოებისათვის კეთილდღეობის მოტანის პარალელურად ბიზნესი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას.

 

პორტერის მოდელი ბიზნესს საშუალებას აძლევს, განსაზღვროს საკუთარი როლი საზოგადოებაში. ბიზნესს შეუძლია, ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას და გაიზიაროს მთავრობების და არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობები.   ბიზნესმდგრადობის მისაღწევად, რისკებისა და ზიანის შესამცირებლად, საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გამოწვევების დასაძლევად „გაზიარებული ფასეულობის“ მოდელის დანერგვა, წარმატებულ მაგალითებზე დაკვირვებით,  გააჩენს ახალ საჭიროებებს, ახალ ბაზრებს, ახალ ღირებულებათა ჯაჭვს, რაც ბიზნესების მხრიდან მოითხოვს ახალ აზროვნებას; გარდა ამისა,  სტრატეგიული პოზიციონირებისთვის და ახალი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისთვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს.

 

მულტინაციონალური კომპანია Nestle თვლის, რომ კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მიაღწევს გაზიარებული ფასეულობის მოდელის დანერგვით, რაც სარგებელს მოუტანს როგორც საზოგადოებას, ისე კომპანიის მეწილეებს.  საქმიანობები, რომელთაც ახორციელებენ, და პროდუქტები, რომელსაც კომპანია ქმნის, პოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოების კეთილდღეობაზე, აგვარებს სოციალურ პრობლემებს და ამავდროულად წარმატება მოაქვს კომპანიისთვის. მათი გრძელვადიანი მიზნები კი ასე გამოიყურება: 50 მილიონი ბავშვი იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრების წესით, 30 მილიონზე მეტი ადამიანისთვის გაუმჯობესდება საარსებო პირობები, საწარმოო პროცესებსა და  ღირებულებათა მთლიან ჯაჭვში სრულად გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ასპექტები.

 

ბიზნესის როლი საზოგადოების წინაშე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გადასახადების გადახდით, სამუშაო ადგილების შეთავაზებითა და ხელფასების გადახდით.  პასუხისმგებლიანი ბიზნესები სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახდენენ, თუმცა მათი მთავარი და ერთადერთი პასუხისმგებლობა არის სარგებლის მოტანა დამფუძნებლებისთვის. ჰარვარდის პროფესორი მაიკლ პორტერი აცხადებს, რომ ბიზნესს შეუძლია, შექმნას ფასეულობა საზოგადოებისთვის და ამავდროულად მიიღოს მოგება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრონული კომერციის კომპანიამ Alibaba, რომელიც ვებსაიტის მეშვეობით  ერთმანეთან აკავშირებს მყიდველებსა და გამყიდველებს, გადაწყვიტა მანქანების, მოტოციკლეტების გაქირავების, ტაქსის დაჯავშნისა და ნავიგაციის სისტემაში დაემატებინა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებდა მოგზაურობას პატარა ქალაქებში, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან. ნავიგაციის რუკაში რესტორნების, გაზგასამართი სადგურების, მაღაზიების დამატებით და მიზნობრივი მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შედეგად მათ შეძლეს გავლენის მოხდენა მოგზაურებზე. აღნიშნული ფუნქციის დამატებით პატარა ქალაქებსა და სოფლებს საშუალება მიეცათ, დაეძლიათ ეკონომიკური კრიზისი, პარალელურად კომპანიამ აღნიშნული ფუნქციის ვებსაიტზე ჩაშენებით დამატებითი შესაძლებლობა გააჩინა კომპანიისთვის, მიეღო ფინანსური სარგებელი. ნავიგაციის სისტემას ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

შვეიცარიულ-შვედური მულტინაციონალური რობოტიქსის კომპანიამ ABB პასუხისმგებლობა აიღო, რომ ელექტრონული მანქანების პოპულარობის ზრდასთან ერთად გაზრდის სატენი სადგურების რაოდენობას. კომპანიამ 2015 წლიდან 7,000-ზე მეტი ელექტროსატენი სადგური დაამონტაჟა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რითიც გაზარდა ელექტრონულ მანქანებზე მოთხოვნა.

შესაბამისად, სარგებელი, რომელსაც ბიზნესი და საზოგადოება ერთდროულად იღებს. სისტემური ცვლილებების გამოწვევის წინაპირობაა. ორმხრივი პარტნიორობა და კოორდინირებული მუშაობა აუმჯობესებს ბიზნესსაქმიანობის პოზიტიურ გავლენებს საზოგადოებასა და გარემოზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :