ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივი რესურსია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. გარდა იმისა, რომ საქართველოს ტყეები გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ისინი წარმოადგენენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს.
ადამიანის ტყეზე ზემოქმედების შედეგად, ტყის საფარის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. ენერგიის ალტერნატიული წყაროების სიმწირე, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის მხრიდან ხეტყის უკანონო და არამდგრად მოპოვებას იწვევს, ზრდის ანთროპოგენულ ზეწოლას ტყის ეკოსისტემებზე, ამცირებს ბიომრავალფეროვნებას და ახშირებს ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს.
შეშას საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად სათბობ რესურსად, ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად და საკვების მოსამზადებლად მოიხმარს. ტრადიციული საშეშე მერქნის არამდგრადი გამოყენება დაბალი ენერგოეფექტიანი ღუმლების საშუალებით, საგრძნობლად ამცირებს ამ რესურსის ეფექტურობას და ამასთანავე, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შეშის ტრადიციულ, კუსტარულ ღუმელში წვა იწვევს შიდა, ანუ სახლში ჰაერის დაბინძურებას, რაც აზიანებს სასუნთქ გზებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება გამოიწვიოს თვალისა და გულ – სისხლძარღვთა დაავადებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, ამ მხრივ მოწყვლად ჯგუფებს კი, უმეტესად ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.
და მაინც, რითი შეიძლება შევცვალოთ ტრადიციული საშეშე მერქანი?
გსმენიათ მყარი ბიომასის შესახებ? ის მცენარეული ან ცხოველური ნარჩენებისაგან მიღებული განახლებადი ენერგორესურსია, რომელიც ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული მასალისგან მზადდება. ბიომასა, ტრადიციული საშეშე მერქნისგან განსხვავებით, მაღალი კალორიულობით და ენერგიის შემცველობით გამოირჩევა, რაც საგრძნობლად ამცირებს დანახარჯებს გათბობასა და საკვების მომზადებაზე. ამასთანავე, მყარი ბიომასის საწვავის გამოყენება ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების შენარჩუნებას და ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას.
როგორც აღვნიშნეთ, ბიომასის ბრიკეტი ენერგიის შემცველობის მაღალი მაჩვენებლით და სითბოს სწრაფად გენერირების თვისებით გამოირჩევა. იმისათვის, რომ ბიომასამ შეინარჩუნოს გამომუშავებული სითბო, მისი გამოყენება რეკომენდებულია სპეციალურ ღუმელში, რომელსაც სიმხურვალის შენახვა წვის პროცესშიც შეუძლია. ასეთ ღუმლებს, ენერგოეფექტიანი ღუმლები ეწოდება.
ქართულ–ჩეხური ინოვაციური ღუმლები საქართველოში
ენერგოეფექტიანი ღუმლები ბოლო დროს საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდა. ქართველი და ევროპელი სპეციალისტები, ადგილობრივ წარმოებასა და მოხმარებაზე მორგებულ მყარი ბიომასის ღუმლების ახალ მოდელებზე მუშაობენ. შემუშავებული მოდელების სპეციალური აგებულება, მნიშვნელოვნად ზრდის ღუმლის თბოგამტარობას, ისევე როგორც მის ხარჯთეფექტიანობას.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინოვაციური პროტოტიპების პილოტირება „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ საწარმოო ბაზაზე. ენერგოეფექტიანი ღუმლების სერიული წარმოება კი წარმატებული ტესტირების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ღუმლის სხვადასხვა მოდელი, ერთმანეთისგან განსხვავებული სიმძლავრით და აღჭურვილობით, ბაზარზე ფართო სეგმენტის დაფარვის შესაძლებლობას იძლევა.
ისინი გათვლილია როგორც მცირე კომლებზე, ასევე კომერციულ ფართებზე და ადმინისტრაციულ დაწესებულებებზე. აღნიშნული ღუმლები აღჭურვილია საჭმლის მომზადების ფუნქციით, საცხობი აერღუმლით, ცხელი წყლის უზრუნველყოფის შესაძლებლობით და ჰაერის კონვექციის მაღალი ხარისხით, რაც ფართობის მაქსიმალურად, დანაკარგის გარეშე გათბობას უზრუნველყოფს.
სოფლად ენერგო–გადაწყვეტილებების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებას და დაბალი ეფექტიანობის ღუმელების ჩანაცვლებას გათბობის თანამედროვე და კომფორტული საშუალებებით. პროგრამა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში ხორციელდება და რამდენიმე პროექტს აერთიანებს: „მყარი ბიომასის ენერგოეფექტიანი ღუმელები მცხეთა მთიანეთის რეგიონისთვის“ (განმახორციელებელი – “აგორა“, ფინანსური მხარდაჭერა – UNDP ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით); „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის (განმახორციელებელი – CENN, ფინანსური მხარდაჭერა – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC).
გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია შეშის მოპოვებაზე და ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე?
დააკლიკეთ ფოტოს და ნახეთ ვიდეო, რომელიც გაგაცნობთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მივიღოთ მეტი ენერგია ნაკლები შეშით.
დააკლიკეთ ფოტოს და გაეცანით CENN/ADA-ს პუბლიკაციას ბიომასის ბრიკეტების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.