წყლის რესურსები ჩვენი გარემოს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ წყალი , ჰაერის მსგავსად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის ასევე განაპირობებს ამა თუ იმ რეგიონის ბუნებრივ და სოციალურ განვითარებას.
წყლის რესურსების გაეროს გლობალური ანგარიშის (World Water Development Report 2018) მიხედვით, წყალზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 4600 კმ³–ია, 2050 წლისთვის კი ის 6000 კმ³–მდე გაიზრდება და სასმელი წყლის დეფიციტი 40-პროცენტიან ნიშნულს მიაღწევს. ასეთი მზარდი უკმარისობა, შესაძლოა, ახალი ომებისა და წყლით მდიდარ რეგიონებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიზეზად იქცეს. დღეს წყალი ექსტრემალური საფრთხის წინაშეა მზარდი მოსახლეობის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მოთხოვნების გამო, რასაც კლიმატის ცვლილებაზე კიდევ უფრო ცუდი გავლენა აქვს.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აქვს წყლის რესურსების სწორ მართვაში, თითეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ წყალს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების პროცესში. ასევე, რაც უფრო მეტ წყალს დაზოგავს ადამიანი, მით უფრო მეტი დარჩება მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსთვის, ეს კი უზრუნველყოფს დედამიწაზე ეკოლოგიური ბალანსის დაცვას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეგვიძლია დავზოგოთ წყალი ყოველდღიურ ცხოვრებაში :
დაკეტე ონკანი კბილების გახეხვის დროს
არ დატოვოთ ონკანი მოშვებულ მდგომარეობაში კბილების გახეხვის ან ხელების დაბანის დროს. უბრალოდ, მოუშვით ონკანი, როცა ჩამობანის დროა. ასეთ დროს შეგვიძლია დავზოგოთ 10-18 ლიტრამდე წყალი.
აბაზანის მაგივრად, მიიღე შხაპი
აბაზანის მაგივრად სწრაფი შხაპის მიღებით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ როგორც წყალი, ასევე წყლის ხარჯებიც.
შეამცირე შხაპის მიღების დრო
შხაპის მიღებისას, ყოველ წუთში, 4 ლიტრამდე წყალი იხარჯება. თუ შხაპის ქვეშ გატარებულ დროს ერთი წუთით შეამცირებთ, თვეში დაზოგავთ – 125 ლიტრამდე წყალს. სასურველია, შხაპი 7-8 წუთს გაგრძელდეს. მოკლე შხაპისთვის შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკის 7-8 წუთიანი კრებული, რომლის დასრულებაც თქვენი შხაპის დასრულებას შეგახსენებთ.
სრულად შეავსე სარეცხი მანქანა
დარწმუნდით, რომ თქვენი სარეცხი მანქანა სავსეა. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ 80 ლიტრამდე წყალი ერთ რეცხვაზე. გამოიყენეთ ECO პარამეტრი წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვისთვის. ამ გზით თქვენ ელექტროენერგიის ხარჯებსაც შეამცირებთ.
აადუღე იმდენი წყალი, რამდენიც გჭირდება
აადუღე მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი, რამდენიც გჭირდება. ხელმეორედ ადუღებული წყლის მიღება ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის და შესაბამისად, ჩაიდანში დარჩენილი წყლის გადაღვრა მოგიწევს.
გარეცხე ჭურჭელი ნიჟარაში დაგუბებული წყლით. გამდინარე წყალი გამოიყენე გასავლებად
თუ ჭურჭელს ხელით რეცხავ, არ მოუშვა ონკანი დიდი ხნით. გაქაფე ჭურჭელი ნიჟარაში ან ჯამში დაგროვებული წყლით. გამდინარე წყალი ჭურჭლის გადასავლებად გამოიყენე. ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემთხვევაში, გამოიყენე ECO პარამეტრი წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვისთვის.
გარეცხე ხილი და ბოსტნეული ჯამში. გამდინარე წყალი გამოიყენე გასავლებად
არ გარეცხო ბოსტნეული გამდინარე წყალში. აიღე ჯამი, აავსე წყლით, ჩაალბე ბოსტნეული და გარეცხე. ამის შემდეგ, გამდინარე წყალი გადასავლებად გამოიყენე.
არ გაალღო გაყინული პროდუქტი გამდინარე წყალში
გამდინარე წყლის ნაცვლად, გაყინული პროდუქტი გასალღობად შეგიძლიათ საყინულედან მაცივრის ქვედა თაროზე გადმოიტანოთ.
შეაკეთე დაზიანებული ონკანი
შეამოწმე, რომ ონკანი გამართულად მუშაობს. გაუმართავობის შემთხვევაში, მაშინვე გამოცვალე. დაზიანებული ონკანიდან დღეში, საშუალოდ, 15 ლიტრი წყალი იკარგება, რაც წელიწადში, დაახლოებით, 5 500 ლიტრი წყლის გაფლანგვას ნიშნავს. ამ რაოდენობის წყალი საკმარისია სახანძრო მანქანის ხუთ-ნახევარი ავზის გასავსებად.