წყალი გარემოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს შეზღუდულ და განახლებად ბუნებრივ რესურსს. იგი აგრეთვე არის ეკონომიკის მთელ რიგ მიმართულებათა საწარმოო პროცესების განუყოფელი ტექნოლოგიური კომპონენტი. ამავდროულად, წყლის რესურსები ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია.
ზოგადად, წყლის რესურსების მდგრად მართვაში იგულისხმება წყლის რესურსების ისეთი განაწილება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და, ამავე დროს, წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისგან მაქსიმალურ დაცვას. მდგრადი მართვის ფარგლებში შესაძლებლი უნდა იყოს თანამედროვე საზოგადოების რესურსებით ისე უზრუნველყოფა, რომ ხელი არ შეეშალოს მომავალი თაობების ანალოგიურ ინტერესებს.
მტკნარი წყლის რესურსები ჰიდროსფეროს, ანუ დედამიწის წყლის გარსის, ჯამური მოცულობის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს, მაგრამ ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში, წარმოების განვითარებაში, ტექნოლოგიურ პროცესებში და ა.შ. მტკნარ წყალზე მოდის ჰიდროსფეროს დაახლოებით 2.5%. საზოგადოების განვითარებისათვის ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესების გამოყენება კლიმატის ცვლილების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ამიტომ წყლის რესურსების მდგრად მართვას ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
წყლის რესურსები ჩვენი გარემოს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, სხვა ძირითად ფაქტორებთან ერთად. ისინი განაპირობებენ ამა თუ იმ რეგიონის ბუნებრივ და სოციალურ განვითარებას. რაც უფრო დიდია მოთხოვნილება წყალზე და მაღალია ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები, მით უფრო იზრდება წყლის რესურსების ის რაოდენობა, რომელიც საზოგადოებას თავისი განვითარების ეტაპზე შეუძლია გამოიყენოს, თუმცა ეს რაოდენობა უსაზღვრო არ არის – შეზღუდულია ეკოლოგიური თვალსაზრისით და სხვადასხვა ნორმა- ტივით, რაც ითვალისწინებს წყალაღების შეზღუდვას მოცულობისა და ხარისხის მიხედვით.
წყლის რესურსების მდგრადი მართვის შესახებ წაიკითეთ ვრცლად პუბლიკაციაში: