fbpx

რა არის ბიომრავალფეროვნება?

ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა ეკოსისტემის, ამ ეკოსისტემებში არსებული ცოცხალი ორგანიზმების სახეობების, ამ სახეობების გენების ერთიანობას წარმოადგენს, რომელთანაც ადამიანის კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია. დედამიწაზე არაფერია ისე კომპლექსური, დინამიური და მრავალფეროვანი, ვიდრე ამ ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც იკავებენ როგორც დედამიწის ზედაპირს, ასევე მის მსოფლიო ოკეანეს და, ამავდროულად, არაფერი განიცდის უფრო მტკივნეულ ცვლილებებს ადამიანის ხელში, ვიდრე სწორედ ამ ცოცხალ სიმდიდრეთა ერთობლიობა. ცოცხალი ორგანიზმების ეს ერთობლიობა – ბიოსფერო – მცენარეების, ცხოველებისა და მიკრობების მილიონობით სახეობის კოლექტიური მეტაბოლური მოქმედებებით ფიზიკურად და ქიმიურად აერთიანებს ატმოსფეროს, გეოსფეროსა და ჰიდროსფეროს ერთ გარემოსდაცვით სისტემაში, რომლის ფარგლებშიც წარმოიშვა და განვითარდა ცოცხალ ორგანიზმთა მთელი სისტემა, მათ შორის ადამიანიც.

ზოგჯერ ტერმინ ბიომრავალფეროვნებას მხოლოდ დაცულ ტერიტორიებთან აკავშირებენ, რაც არასწორია. მართვად სისტემებსაც – იქნება ეს პლანტაციები, მეურნეობები, აკვაკულტურული ადგილები, პლაჟები, ან თუნდაც ურბანული პარკები და ქალაქის ეკოსისტემები – აქვთ საკუთარი ბიომრავალფეროვნება.

რაში გვეხმარება ბუნება და ბიომრავალფეროვნება?

როგორც ვიცით, ბუნება პასუხობს ადამიანების წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს. ის ასუფთავებს ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ, ასუფთავებს წყალს, რომელსაც ვსვამთ და წარმოქმნის მრავალფეროვან საკვებს, რომელიც გვჭირდება ჯანსაღი ცხოვრებისთვისა და დაავადებებთან გასამკლავებლად. ის საშუალებას აძლევს სამედიცინო სფეროს მკვლევარებს, ჩაწვდნენ ადამიანის სასიცოცხლო პროცესების კანონზომიერებებს, რაც უზრუნველყოფს ახალ აღმოჩენებს მედიკამენტების დასამზადებლად. ბუნება ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას ნახშირბადის შეწოვით და ჰაერის დაბინძურების შემცირებით.

ბუნების სიკეთეები მართლაც უთვალავია, თუმცა, ეს ყველაფერი ვერ იქნება ამგვარად, თუ არ იარსება ბიომრავალფეროვნებამ. ბიომრავალფეროვნება ერთგვარი ჯაჭვია, რომელშიც ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ადამიანიც სწორედ ამ ბუნებრივი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია. როდესაც ამ ჯაჭვის ერთი შემადგენელი კომპონენტი იცვლება, იცვლება სხვა კომპონენტების არსებობაც. ამიტომაც საჭიროა, რომ ეს ჯაჭვი არ დაირღვეს და ბუნებამ კვლავაც გააგრძელოს ჩვენ სასარგებლოდ ფუნქციონირება.

ფოტო : დავით უმიკაშვილი

ბიომრავალფეროვნება საქართველოში

ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მსოფლიო მასშტაბით 200 ეკორეგიონი გამოყო, რომელთა შორის კავკასიაც მოხვდა, ეს კრიტერიუმებია: ტაქსონომიური უნიკალურობა, ენდემიზმის დონე, სახეობრივი მრავალფეროვნება, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და იშვიათობა გლობალურ დონეზე.

სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი -ჯიში. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც წარმოადგენენ ჰაბიტატების დეგრადაცია/განადგურება, რესურსების ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოს დაბინძურება.

ფოტო: ასმათ გოგატიშვილი

რა საფრთხის წინაშე აყენებენ ადამიანები დედამიწას?

ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ შეამცირა ბიომრავალფეროვნება ისევე, როგორც ველური ბუნების წარმომადგენლების პოპულაციების რიცხვი. ბოლო 50 წლის განმავლობაში, კაცობრიობის მოსახლეობა გაორმაგდა; გლობალური ეკონომიკა თითქმის ოთხჯერ, ხოლო გლობალური ვაჭრობა დაახლოებით ათჯერ გაიზარდა. დღეს დედამიწას აღარ აქვს რესურსი, დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები. შედეგად კი, ამჟამად იმაზე მეტი სახეობაა გადაშენების საფრთხის წინაშე, ვიდრე ოდესმე.

ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზად მიწების ურბანიზაცია, კლიმატური ცვლილებები და ტყის შემცირება ითვლება. ადამიანები ბიოლოგიურ რესურსებს იყენებენ საკვებად, სამშენებლო მასალებად, სამედიცინო საშუალებებად. ამ ყველაფრის გაქრობის შემთხვევაში ადამიანისთვის იწურება სასიცოცხლო რესურსი, რომლის აღსადგენადაც დასჭირდება ხელოვნური გზების ძიება. ხელოვნური გზები კი (ერთ-ერთია გენური ინჟინერია) ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომაა, რომ გარემოს დამცველები საზოგადოებას მეტი სიმწვანისკენ, ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ National Geographic-ის მიერ შემუშავებული “სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა”: https://map.nationalgeographic.ge/

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :