fbpx

ADC-ისა და CENN-ის მხარდაჭერით კისისხევის ხეობის ტყეებში საფეხმავლო ბილიკები მოეწყო

თელავი, ძირითადად, ღვინოსთან და ისტორიასთან ასოცირდება და ამ მხრივ, მართლა განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტებითა და მომსახურებებით დაიკვეხნის. თუმცა, არცთუ ისე ბევრმა იცის სრულიად უნიკალური ადგილების შესახებ, აქაური ღვინის მარნებიდან თუ სასტუმროებიდან “ფეხის გადადგმაზე როა” და ტურისტს ბუნებაში და დროში მოგზაურობას ერთდროულად თავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კისისხევი და მისი მიმდებარე ტყეებია.

მთები, ხეობები, პანორამული ხედები, უძველესი საყდრები, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი და რაც მთავარია, კეთილგანწყობილი, სტუმართმოყვარე ადამიანები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ტურისტმა შიძლება კისისხევში ნახოს, შეიგრძნოს და შეიმეცნოს. კისისხევი ჯერ კიდევ ის ადგილია, რომელიც უნდა აღმოაჩინო და იმ დროს ელის, როდესაც კახეთში ჩასული სტუმრები აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა შორის შეიტანენ. ეს დრო წესით არც ისე შორს უნდა იყოს.

კისისხევის მიმდებარედ უკვე ორი ტურისტული საფეხმავლო ბილიკი ფუნქციონირებს. ტერიტორია ადმინისტრაციულად მოქცეულია თელავის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მდინარეების: სათლისხევის, კისისხევის და ლომისღელეს ხეობებს.

სოფელი შალაური, წმინდა ბარბარეს ეკლესია

შალაური-კისისხევის საფეხმავლო მარშრუტი სოფელ შალაურში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან იწყება, ფართოფოთლოვანი ტყით სათლიანის ხევის მიმართულებით ეშვება, გადაკვეთს წყალს, ხევის მეორე მხარეს ფერდობს აუყვება და ფერდობის თხემზე, ტყით დაფარულ ბილიკს გაივლის. აქედან გზის გაგრძელება შესაძლებელია ერთი მხრივ, ფიჭვიანის ეკლესიისა და საპიკნიკე სივრცის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ფიჭვიანის პანორამული გადასახედისა და სოფელი კისისხევისაკენ.

კონდამიანის ქვაბები

წინანდალი-ქვემო ხოდაშენის საფეხმავლო მარშრუტი სოფელ წინანდალში, ე. წ. მუხის ტყის საზღვართან იწყება და მუხის ტყით დაფარულ ფერდობისკენ მიდის, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. კარგად ჩანს კონდამიანის ქვაბები. უღელტეხილზე მოწყობილია დასასვენებელი ზონა ძელსკამებითა და საპირფარეშოთი. აქ მდებარეობს გზაჯვარედინი, სადაც თავს იყრის ბილიკის საწყისი და საბოლოო პუნქტებისა და მთავარი ღირსშესანიშნაობების დამაკავშირებელი გზები. ამ ადგილიდან საფარისას კომპლექსისა და თეთრაანის ეკლესიისაკენ ბილიკის სხვადასხვა ტოტი მიემართება, რომლებიც ერთმანეთს აღარ უკავშირდება. ბილიკის სიგრძე 12 კილომეტრია.

ტყეში გამავალი ტურისტული მარშრუტების ქსელი CENN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაპროექტდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკირების სამუშაოები განახორციელა და სპეციალური აბრები დაამონტაჟა, CENN-მა კი ბილიკის საპიკნიკე სივრცეები მოაწყო, სადაც ფანჩატური, მაგიდა და სკამები განთავსდა.

კისისხევის ბილიკი

ეს მარშრუტები ტურისტს საშუალებას აძლევს, გაიმრავალფეროვნოს ღვინითა და სხვა კახური გასტრონომიული ღირსშესანიშნაობებით დატვირთული მოგზაურობა, გაეცნოს “კახეთის ტყეებში გადამალულ” ისტორიას და დატკბეთ წიფლისა და რცხილის ტყეში შემორჩენილი უიშვიათესი უთხოვრებისა და სოსნოვსკის ფიჭვებით.

მარშრუტზე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთა ისტორია IV-V საუკუნიდან იწყება. მათი ნახვისკენ ტურისტს მხოლოდ სახელებიც კი უბიძგებს: “ქრისტეს საფლავის მიწა”, “რიგი საყდრები” და კორდამიანის ქვაბები, სადაც კლდეში ნაკვეთ ქალაქს აღმოაჩენთ, ეკლესიით და საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის გამოქვაბულებით.

რიგი საყდრების კომპლექსიდან

CENN-ის მიერ შემუშვებული ეკოტურისტული ბილიკების განვითარების პროექტი, ძირითადად, ადგილობრივ გამოცდილებას დაეფუძნა და აქტიური ადამიანების, პირველ რიგში კი, ადგილობრივი ქალების მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება იყო. ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია “მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრი” და მისის უნიკალური პროექტი “ნატურისტორიუმი”; ასევე ქალთა საინიციტივო ჯგუფი, რომლის ბაზაზეც CENN-მა, “ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში, ქალთა საბჭო დააფუძნა.

“კისისხევში და მის შემოგარენში ისტორიული ძეგლებისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლით ვიყავი გატაცებული და თითოეულ ისტორიულ ძეგლზე ჩანაწერებს ვაკეთებდი. მარშრუტიც სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა. შალაურში, კისისხევში და წინანდალში ბევრი საოჯახო მარანი და სასტუმროა, სადაც ამ სიმდიდრის შესახებ მშვენივრად იციან, მაგრამ საკუთარ ბიზნესთან და ტურისტულ მომსახურებებთან ვერ აკავშირებენ. არადა, ყველაზე მეტად აქაურობა ბიომრავალფეროვნების კუთხით არის საინტერესო. ჩვენი მიზანიც ხალხის ცნობიერების ამაღლება და ტურების დივერსიფიცირება იყო, რაც სტუმრებისთვის არასტანდარტული, განსხვავებული და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს. ეს კი, პირველ რიგში, იმისთვისაა საჭირო, სოფლები რომ არ დაიცალოს და ახალგაზრდებს ადგილზე ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და განვითარების საშუალება”, – გვეუბნება კახეთის ქალთა საბჭოს წევრი ანა ამონაშვილი.

“ნატურისტორიუმი” არასამთავრობო ორგანიზაცია “მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის” ეკოტურისტული პროგრამაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და მისი მიზანი კახეთის რეგიონში ახალი ეკოტურისტული შესაძლებლობების გამოვლენაა. კერძოდ, “ნატურისტორიუმი” ეძებს, იკვლევს და ქმნის ისეთ ეკოტურისტულ პროდუქტს, სადაც ველური ბუნება და იქ შემონახული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა ერთი მთლიანობაა. ამ ყველაფერს კი ზურგს ტრადიციული დარგები – აგრო, ღვინის და გასტრონომიული ტურიზმი უმაგრებს.

ამ ეტაპზე პროგრამის სამიზნე არეალები ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებით შემოიფარგლება, უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების შესწავლას და ახალი ეკოტურისტული შესაძლებლობების განვითარებას გეგმავს.

კახაბერ სუხიტაშვილი, CENN, ეკოტურისტულ პროგრამა “ნატურისტორიუმის” ხელმძღვანელი: “მდინარე კისისხევის აუზი ჩვენი პროგრამისთვის თავიდანვე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არეალი იყო, სადაც ერთანეთს რამდენიმე ეკოტურისტული მარშრუტი უკავშირდება და კახეთის ოთხ ისტორიულ სოფელს მოიცავს, თავისი მნიშვნელოვანი და ბევრისთვის უცნობი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით: სოფელი შალაური (ბარბარეს ეკლესია), კისისხევი (ქრისტეს საფლავის მიწა და რიგი საყდრები), წინანდალი და ქვემო ხოდაშენი (ლაშარის ეკლესია). საფეხმავლო მარშრუტების გეგმა CENN-თან ერთად ინტერსექტორული სამუშაო ჯგუფის წინაშე წარვადგინეთ და პარტნიორების ჩართულობით დავაპროექტეთ”.

თელავის საკრებულოში ამბობენ, რომ კისისხევის ტურისტული საფეხმავლო მარშრუტის ამუშავებით და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებით უახლოეს დროში თელავს და კისისხევს უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ვიდრე დღესაა.

თინიკო ხანჯალიაშვილი. თელავის საკრებულოს ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე: “ამ თემაზე დიდ ხანია ვმუშაობთ. კისისხევით და მის შემოგარენში არსებული პოტენციალით ჯერ კიდევ „დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში“ დავინტერესდი. ნანახი სრულიად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გამოიკვეთა მარშრუტები საოჯახო, სათავგადასავლო, ეკო, შემეცნებითი და კულტურული მიმართულებით. უამრავი ისეთი ისტორიული ძეგლი გვხვდება, ბევრ ჩვენთაგანს რომ არც კი სმენია. ეს ყოველივე გასაოცრადაა შერწყმულია ადგილობრივი ტყის ლანდშაფტთან და მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის”.

კისისხევის ღვინის გემო და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ყველამ იცის. დღეიდან, ყველა ის ტურისტი, რომელიც კისისხევს ღვინის დასაგემოვნებლად ესტუმრა, სურვილისა და ადგილობრივი მასპინძლების აქტიურობის შემთხვევაში, კარგი ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, კისისხევის ტყეებსა და ხეობებში ძველი მარნების ნაშთებს, ათასწლეულების წინ ჩარგულ ქვევრებს და უამრავ საინტერესო ისტორიებს აღმოაჩენს.

კისისხევში მდებარე მარან ძმები ხუციშვილების ერთ-ერთი დამფუძნებელი, გელა ხუციშვილი ამბობს, რომ მათი მარნისთვის და ზოგადად ადგილობრივი მეღვინეებისთვის არსებული ტურისტული პოტენციალი თვალსაჩინოა და ის უკვე იზიდავს ადამიანებს. მარანში მისული ადამიანები, როგორც წესი, გამოთქვამენ სურვილს, დაათვალიერონ ძველი ტაძრების ნაშთები, ისეირნონ ბუნებაში და განსაკუთრებით მოსწონთ ჯერ კიდევ შეუსწავლელი კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

გელა ხუციშვილი, “ძმები ხუციშვილების მარანი”: “კისისხევი ძველი სოფელია, მისი ისტორია მეოთხე საუკუნიდან იწყება, განვითარება კი კახეთ-ჰერეთის საქარავნო გზამ განაპირობა. სწორედ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ერთიანობა ქმნის იმ უნიკალურობას, რაზეც სოფლის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ჩვენი მარანი მეღვინეობის გარდა, დაკავებულია ტურისტული მომსახურებითაც, ვიზიტორებს კი, ხარისხიანი ღვინის სმის გარდა, საფეხმავლო ბილიკებიც აინტერესებთ. ტურისტული ბილიკების განვითარება და ტყეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, პირველ რიგში, ჩენთვის, ადგილობრივი ტურისტული ობიექტებისთვისაა საინტერესო, სერვისები რომ გავაფართოვოთ და შემოსავლები გავზარდოთ. აქამდე მთავარი პრობლემა მისასვლელი ბილიკების არარსებობა იყო”.

საფეხმავლო ბილიკების მნიშვნელობასა და ადგილობრივი ტყეების დაცვაზე საუბრობს შალვა ხეცურიანი – კიდევ ერთი მევენახე-მეღვინე, რომელსაც ვენახები კისისხევში აქვს და საქართველოს სომელიეთა კავშირის ხელმძღვანელიცაა.

შალვა ხეცურიანი, “მარანი ხეცურიანი”: “კისისხევში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა ძალიან კარგი საქმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგადად, ადამიანის ბუნებასთან შეხება კარგია და აუცილებელი. იქ, სადაც მევენახეობა-მეღვინეობა, ისტორია, კულტურა და ბუნება ერთადაა, რა თქმა უნდა, ტურისტების ინტერესიც იზრდება. საფეხმავლო ბილიკები ასევე საჭიროა ბუნების დაცვისა და გადარჩენისთვის. ჩვენ, „მარანი ხეცურიანი“ ამ მხარეში ვაშენებთ და ვავითარებთ ვენახებს და ყველაფერში მხარს დავუჭერთ იმ ხალხს, რომლებიც ბუნებაზე ზრუნავენ და ტყეებს უვლიან”.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :