2-4 მაისს, CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, სამდღიან ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგს 18 სამოქალაქო აქტივისტი ესწრებოდა ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, რომლებიც თავიანთ თემებში არამხოლოდ დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობასა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ეწევიან, არამედ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ.
ინიციატივა მიზნად ისახავდა აქტივისტებისთვის ორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ინფორმაციის მიწოდებას. სამდღიან ტრენინგზე მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ეფექტიანი კამპანიების ძირითად პრინციპებს და პარალელურად იმუშავეს ინდივიდუალური კამპანიების გეგმებზე.
ტრენინგ პროგრამას უძღვებოდნენ CANVAS Georgia-ს ტრენერები: ნინი გოგიბერიძე და გიორგი მელაძე. CANVAS Georgia არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია წაახალისოს თანამონაწილეობა და აქტივიზმი, ხელი შეუწყოს ადგილობრივ თემებს, ინტერესთა ჯგუფებსა და სამოქალაქო კამპანიებს საქართველოში ცოდნის გაზიარების და მენტორინგის მეშვეობით.
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების“ პროექტის მიზანია უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და მათი დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო ორგანიზაციებს გააუმჯობესონ სოციალური სერვისების მიწოდება.