2018 წლის 9-13 ივლისს, CENN–მა ევროკავშირისა და GWC-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შექმნილ WaSH საბჭოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვა უნარ–ჩვევების გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე WaSH საკითხების მხარდაჭერას და განხორციელებას. ერთკვირიანმა ტრენინგებმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა და ცოდნა წყლისა და სანიტარიის სფეროში პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. ასევე, დაეხმარა მათ უკეთ მოახდინონ WaSH საკითხების ლობირება–ადვოკატირება მუნიციპალიტეტებში.
ტრენინგები ჩაატარეს გამოცდილმა ექსპერტებმა და მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
• WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სტანდარტები, მიზნები და საჭიროებები
• მუნიციპალური ნარჩენების მართვა
• გენდერული ჩართულობა წყლის მართვის საკითხებში
• WASH და ადამიანის უფლებები
• პროექტის სასიცოცხლო ციკლი და მართვა
• ქალთა ჩართულობა საჯარო ბიუჯეტირების პროცესებში
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა, მომავალში, მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პროექტების განხორციელება მოხდება WASH საბჭოების მიერ CENN–თან ერთობლივი თანამშრომლობით. ამასთან, საპილოტე პროექტები შეირჩევა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული WaSH ტექნიკური შეფასების ანგარიშისა და წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
ასევე, ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთი, გაეზიარებინათ გამოცდილება და ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ იდეები და ხედვები, რათა ჩაეყარათ საფუძველი მომავალი ურთიერთ თანამშრომლობისათვის.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, თემატური მასალები და პრეზენტაციები. ასევე, მონაწილეები დასაჩუქრდნენ სპეციალურად WaSH საბჭოებისთვის შექმნილი ბრენდირებული მაისურებით.
ტრენინგი ჩატარდა CENN–ის ორგანიზებით, პროექტების: “საქართველოს WASH სათემო ინიციატივა“ და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში.
პროექტების ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.
პროექტი: “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა“ ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება CENN–ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვახო ქოჩორაძე
პროექტის მენეჯერი | CENN
vakho.kochoradze@cenn.org
მელანო ტყაბლაძე
პროექტის მენეჯერი | CENN
melano.tkabladze@cenn.org
ტელ.: +995 32 275 19 03 / 04
#washforgeorgia




























