15-23 ივნისს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ინტენსიური შემეცნებით-გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.
CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის ტექნოლოგიებისა და ცირკულარული ეკონომიკის, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი მიტიგაციის თემებზე. ასევე, ბანაკის მონაწილეები გაეცნენ რეგიონის განვითარების ევროპულ LEADER მიდგომას და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობას საქართველოში.
ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ კომპანია GWP-ის საფილტრო სადგურს სადაც კომპანიის მთავარმა ტექნოლოგებმა დაათვალიერებინეს წყლის გამწმენდი ნაგებობა და მოსწავლეებს სუფთა წყლის მიღების სრულ ციკლზე ესაუბრნენ. სასწავლო ვიზიტი გაგრძელდა ჟურნალ National Geographic საქართველოს რედაქციაში, სადაც ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოსწავლეებს გაესაუბრა საერთაშორისო გამოცემის ისტორიაზე, მისიასა და ხედვაზე. საველე გასვლების დასკვნით ნაწილში, ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოს „კრიალა“ და იხილეს მაკულატურის გადამუშავების შედეგად ჰიგიენური ქაღალდის წარმოების ციკლი.
ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ველურ ბუნებაში ქცევის წესებს აღნიშნული ცოდნის პრატიკაში გამოყენების შესაძლებლობა კი მიეცათ თრუსოს ხეობაში საველე გასვლისას. გამოცდილ გიდებთან და ბანაკის ლიდერებთან ერთად, მონაწილეები დააკვირდნენ ხეობაში არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ფლორასა და ფაუნას.
ბანაკის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულები გახდებიან და მომავალში მონაწილეობას მიიღებენ CENN-ის ახალგაზრდულ გარემოსდაცვით ინიციატივებში.
ბანაკის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების – „ეს წალკაა“, „ქედა ლიდერი“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“. ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).