საქართველოში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა GLOBE დაინერგება. პროგრამის ოფიციალურად გახსნის მიზნით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და CENN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ მოაწერეს.
ონლაინ კონფერენციის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – არად ბენკომ და პროგრამა GLOBE-ის საქართველოში დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) უკვე 5 წელია მხარს უჭერს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებში. GLOBE პროგრამის მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემა, ისევე როგორც არაფორმალური განათლების მოდულები (რომელთაგან ბევრი ციფრულად ხელმისაწვდომია) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბენეფიციარი სკოლების შესაძლებლობების განვითარებას. GLOBE პროგრამა არის საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სტუდენტებსა და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ მონაცემთა შეგროვებაში და ჩაერთონ სამეცნიერო პროცესებში. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტები ამ პროგრამის მეშვეობით გაიუმჯობესებენ გარემოსდაცვით განათლებას. გარემოსდაცვითი ცნობიერება გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის, ისე სხვა ყველა სოციალურად მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაზე. ახალგაზრდობა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მათზე,” უთხრა არად ბენკომ მოგვიანებით GEORGIA TODAY-ს, როცა მას ჰკითხეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ახალი საგანმანათლებლო მოდულების ქართულ სკოლებში დანერგვას.
პროგრამა GLOBE განხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში.
მიჰყევით ბმულს და გაიგეთ მეტი GLOBE-ის პროგრამის საქართველოში დანერგვის შესახებ ჟურნლში Georgia Today.