სამთო-მოპოვებითი მრეწველობა მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. იგი ხელს უწყობს ქვეყნის რეგიონების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და ზრდის სახელმწიფო შემოსავლების დივერსიფიცირების შესაძლებლობას.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში სამთო – მოპოვებითი მრეწველობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. მოპოვებული წიაღისეულიდან უნდა აღინიშნოს პოლიმეტალები, მარგანეცი, ქვანახშირი, ნავთობი, ბარიტი, დარიშხანი, დიატომიტი, ბენტონიტური თიხები საცემენტე ნედლეული და სხვ., რაც ხელსაყრელ საფუძველს ქმნიდა გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის.
საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოში, ზოგადად, მრეწველობის და მათ შორის სამთო- მოპოვებითი მრეწველობის დეგრადაცია მოჰყვა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავრობების მხრიდან ადგილი ჰქონდა დარგის რეფორმირების რამდენიმე ინიციატივას, მაგრამ ეს ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდა. არ მოხდა აღნიშნული დარგის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ 2013 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, შესაძლოა, გახდეს წიაღის მოპოვებისა და გადამუშავების დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების სტიმული.