საქართველოში ხეტყე ძირითადად სათბობ რესურსებზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზადდება. ეროვნული ინვენტარიზაციის უახლესი შედეგების მიხედვით, მილიონ ჰექტრამდე ტყე დეგრადირებულია, ხოლო ასი ათასობით ჰექტარზე აქტიური ეროზიული პროცესები მიმდინარეობს, რაც სწორედ ჭარბი ენეგეტიკული ზეწოლის შედეგია.
ტყეკაფები, ანუ ადგილები, სადაც ტყის ლეგალური ჭრა მიმდიანრეობს, ზოგჯერ ისეთ ტერიტორიებზე გამოიყოფა, სადაც შემდეგში იწყება მიწის ეროზია და მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმების რღვევა შეუქცევად ხასიათს იღებს, რაც საფრთხეს უქმნის სოფლებს, ქალაქებს და ადამიანების სიცოცხლეს.
მერქნული მარაგების შემცირების პარალელურად, შეშაზე მოთხოვნის შემცირებისა და ბუნებრივი გაზით ჩანაცვლების ტემპები ძალიან ნელია, რაც ქვეყანას ახლო მომავალში კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენებს. ტყეების დეგრადაციისა და მდინარეთა აუზების მდგრადობის შესუსტების შედეგად, სტიქიების დინამიკამ და სასმელი წყლის დეფიციტმა შეიძლება ახალ მასშტაბებს მიაღწიოს.
ამ პირობებში, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ჭრების რისკების შეფასების სისტემების განვითარებას. ეს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დიდი ადამიანური და ფინანსურ რესურსების მობილიზაციას მოითხოვს. ახალი ტვირთების შემცირება ასევე შშესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებით.
საქართველოს ტყეებში ცხელი წერტილების მოდელირება ერთ-ერთი ტექნიკური გადაწყვეტაა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, სად შეიძლება ჭრების დანიშვნა და სად – არა. ქვეყნის მასშტაბით ტყეკაფების გამოყოფის პროცესში რისკების დადგენა და ჰიდრო-გეოლოგიური კვლევების ორგანიზება ახლო მომავალში თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამ წინააღმდეგობების დასაძლევად CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და ამერიკის სატყეო სამსახურის (USFS) მხარდაჭერით, წყალშემკრები აუზების მდგრადობის შეფასებისა და ზონირების თანამედროვე მოდელების შეიმუშავა. ესაა გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკა მდინარეთა ქვე-აუზების მიხედვით.
რუკის ძირითადი ფუნქცია ტყით დაფარულ ფართობების მდგრადობისა და პოტენციური რისკების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმირებაა.
ახალი ტექნიკური ინსტრუმენტის შექმნაში მონაწილეობდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ზედამხედველობის სამსახურის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებით და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტდა. პროცესში უშუალოდ ჩაერთდნენ USFS-ის სპეციალისტები.
ჯგუფმა ინფორმაციის მნიშნელოვანი ნაწილი დაამუშავა შერჩეული მდინარეების აუზების საცველე შესწავლის შედეგად, რომელიც შემდეგში გეოსაინფორმაციო სისტემების საშუალებით (GIS) მთელი საქართველოს მასშტაბით განზოგადაა. როგორც რუკის თანაავტორი, ვახტანგ ჩიტიშვილი ამბობს, თანამშრომლობა კვლევის მეთოდოლოგიაზე სამინისტროსთან შეთანხმდით დაიწყო.
ვახტანგ ჩიტიშვილი, CENN: „ჩვენი მიზანია, ტყის მოპოვების პროცესში გათვალისწინებული იყოს მდინარების აუზების მდგომარეობა, თავისი გეოლოგიური, გეო-მორფოლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოგრაფიული და სხვა მახასიათებლებით. რისკები დარუკდა ქვე-შენაკადების დონეზე, რაც ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყეკაფის გამოყოფის პროცესში უნდა დაეხმაროს. კერძოდ, მაღალი რისკის მქონე წყალშემკრებებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი კატეგორია და მონიშნულია შესაბამისი წითელი ფერით, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებზე ჭრების დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ხოლო ყვითელი ფერით მონიშნულ ფართობებზე ჭრები შეიძლება მხოლოდ რისკების წინასწარი შეფასების შემდეგ დაინიშნოს. ამავდროულად, იდენტიფიცირებულია ფართობები, სადაც ჭრების დანიშვნა სტიქიური პროცესების პროვოცირებასთან ნაკლებადაა დაკავშირებულია და რისკების შეფასებაც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს
ამ რუკამ თავი მოუყარა ერთი სახელმწიფო სტრუქტურის ფარგლებში შექმნილ საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას და ხელმისაწვდომი გახადა მეორე სახელმწიფო სტრუქტურისთვის. სწორედ ამ მიდგომებით შეიძლება შეიქმნას პირობები აუზების მდგრადი მართვისთვის, რაც, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების არარსებობის გამო, ყოველ ჯერზე არ ხერხდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელს დღეს უკვე აქვს სივრცითი მონაცემები, რომლის გამოყენებაც ტყეკაფების გამოყოფის დროს მნიშვნელოვნად შეუმცირებს რისკების შეფასების ხარჯებს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სააგენტო ამ ტექნიკურ ინსტრუმენტს აქტიურად გამოიყენებს. აღნიშნული მოდელის შექმნა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ორი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ პირველი ვერსია უხეში გარჩევადობის იყო და პრაქტიკული გამოყენებისთვის არ გამოდგებოდა. გასული წლიდან მოყოლებული, მოდელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და მოხმარების მხრივაც გავამარტივეთ“.
გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკის მნიშვნელობას კარგად ხედავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც.
გიორგი გაფრინდაშვილი, გეოლოგიური დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიის და ჰოდრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსი: „ტყის მართვის გაუმჯობესებასთან და ჭრებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების პროცესის გამარტივებასთან ერთად, რუკა შეიძლება გამოდგეს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვისაც. მასზე შეჯერებული და გაანალიზებულია ყველა ის საბაზისო მონაცემი, რაც სტიქიის საფრთხეების კუთხით არსებობს. ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი შევსებულია საველე კვლევების საშუალებით. როგორც იცით, ტყე მთავარი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სტიქიის საფრთხეების შემცირებაზე. შესაბამისად, მონიშნულია დაბალი, საშუალო და მაღალი საფრთხეების შემცველი ტერიტორიები, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს სამუშოები, როგორც ჭრების, ასევე ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით“.
როგორ დაინერგება ახალი ტექნოლოგიები და რა გარდატეხას შეიტანს ტყის მართვაში, ამას მომავალი გვაჩვენებს. ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ერთ-ერთი პირობაა, მისი განხორციელება კი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებით არის შესაძლებელი.