უკანონოდ მოჭრილი ხეები, ტყეში დატოვებული ნარჩენი, გამეჩხერებული და გაჩეხილი ტყე – ასე გამოიყურება სოფელ ალისა და ბრილის მიმდებარე ტყეები. ხაშურის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დანაშაულის ჩადენის რიცხვი საკმაოდ მაღალია.
ბოლო მონაცემებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წელს ხე-ტყესთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი დანაშაულის 4 000-მდე ფაქტი გამოავლინეს. მათგან ტყის კანონმდებლობის დარღვევის – 1737, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის კი 1397 ფაქტი დაფიქსირდა.
2017 წლის 2 აგვისტოს, Global Forest Watch-ის პროექტის ფარგლებში, CENN ტყეების მდგომარეობის შესაფასებლად შიდა ქართლში იმყოფებოდა. ხაშური-ქარელის სატყეო უბანი მეტყევე სპეციალისტმა და გეოლოგმა ადგილზე გასვლით შეაფასეს და მოამზადეს შესაბამისი ანგარიშები. აღნიშნული პროექტი ხორციელდება მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მიერ, UNEP/GEF-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტყეებში მეტყევე სპეციალისტმა – გიორგი კირკიტაძემ მრავალი კანონდარღვევა აღმოაჩინა. იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ უბანზე ხეები უკანონოდ არის მოჭრილი და მოსაჭრელად მონიშნული – მაღალი დაქანების ფერდებებზე. გარდა ამისა, მისივე თქმით, დარღვეულია ნარჩენების განთავსების ნორმებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოჭრილი ხეტყის ნარჩენი არ არის ტყიდან გატანილი და ადგილზეა დატოვებული.
გიორგი კირკიტაძის დაკვირვებით, ხეების ინტენსიური ჭრის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტყეების აღდგენის პროცესი ძალიან სუსტად მინდინარეობის. მეტყევის თქმით, შეუიარაღებული თვალითაც კი ადვილად შესამჩნევია, თუ როგორ არის გამეჩხერებული სოფელ ალისა და ბრილის მიმდებარე ტყე.
„მდინარის გასწვრივ მდებარე ფერდობებზე 50 მეტრიანი ზოლი წლების წინ ინტენსიურდაა გაჩეხილი და დარჩენილია ერთეული ხეები“ – აღნიშნავს გიორგი კირკიტაძე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტყის კვლავ აღსადგენად, მეტყევე სპეციალისტის რეკომენდაციით, აუცილებელია ძოვების აკრძალვა. ასევე, საჭიროა, გარკვეულ ტერიტორიაზე ქვეტყის გამოხშირება და ხეების დარგვა:
„აღნიშნულ ფართობებზე აუცილებელია აიკრძალოს ძოვება რათა ისედაც მცირე რაოდენობით არსებული მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობა კიდევ უფრო არ შემცირდეს.“
GFW–ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს – „ახალი სატყეო ტექნოლოგიები ტყის მდგრადი მართვისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის მხარდაჭერას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინსტრუმენტების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.