2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ხეტყის უკანონო მოპოვება უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ამ გამოწვევას, ომს უცხადებს საქართველოში ტყის ჩეხას და გეგმავს, ერთი მხრივ, გაამკაცროს კონტროლი, ხოლო, მეორე მხრივ, სწრაფი ტემპით შექმნას საჭირო ალტერნატივები.
CENN საკვანძო მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობის ამ პოზიციას და თვლის, რომ პრემიერის მიმართვა სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო რეაგირების ფორმებთან და მასშტაბებთან, რასაც სატყეო და ენერგეტიკული სექტორის დღევანდელი გამოწვევები მოითხოვს. საკითხის ასეთ სიმწვავეს და პრიორიტეტულობას შემდეგი გარემოებები განაპირობებს:
საქართველოს ტყეების სოციალური და ენერგეტიკული ათვისება ოთხჯერ აღემატება კანონიერად გამოყოფილ მოცულობებს და დრამატულად აჭარბებს ქვეყნის მთავარი ბუნებრივი რესურსით მდგრადი სარგებლობის პოტენციალს.
ამას ცხადყოფს სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეგიონებში (აჭარის გამოკლებით) მცხოვრები 400 ათასამდე ოჯახი წელიწადში 2,400,000 მ³-ზე მეტ შეშას მოიხმარს. შეშის მსხვილი მომხმარებელია კერძო სექტორი, საბიუჯეტო ორგანიზაციები და ეკლესია. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო, საშუალოდ, 600,000 მ³ საშეშე რესურსს გამოყოფს, რაც საერთო მოთხოვნის მხოლოდ 25–30 %–ს შეადგენს. დარჩენილი ნაწილი მოიპოვება არალეგალურად, იოლად მისადგომ ადგილებში, ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე, რის გამოც მაღალი კონსერვაციული ღირებულების მთის ტყეების ეკოსისტემები შეუქცევად დეგრადაციას განიცდის.
გაჩეხილ ტყეებში ვითარდება ეროზიული და წარეცხვითი პროცესები. მეწყრების, ღვარცოფების, წყალმოვარდნების და ზვავების შედეგად ზიანი ადგება მოსახლეობას, სახელმწიფო ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას. ხშირია მსხვერპლი. იზრდება ეკომიგრანტთა რაოდენობა. ტყის ეკოსიტემებისა და წყალშემკრები აუზების დეგრადაციის გამო სახეზეა ისეთი სიმწვავის ეკოლოგიური პრობლემები, როგორიცაა: მდინარეების დაშრობა, სასმელი წყლის დაბინძურება და დეფიციტი. ტყეები ნადგურდება დიდი ქალაქების, მათ შორის, თბილისის სასმელი წყლის ფორმირების აუზში. მძიმე მდგომარეობაა კურორტების გარშემო. საფრთხეშია მსოფლიო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნება. გრძელვადიან პერსპექტივაში, რისკების წინაშეა მომიჯნავე პრიორიტეტული სექტორები – სოფლის მეურნეობა და ჰიდროენერგეტიკა. იკარგება ძირითადი ბუნებრივი რესურსი და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.
ხეტყის არარაციონალურ მოპოვებასთან ერთად, მოხმარებაც უკიდურესად არაეფექტიანია, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის მიხედვით, საქართველო, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის ძირითად მიზეზად კი კვლევა მოსახლეობის მიერ მყარი სათბობის/შეშის გამოყენებას ასახელებს, რაც შენობის შიგნით ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს განაპირობებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე იძლევა იმ დაავადებების ჩამონათვალს, რაც ჰაერის ამ სახის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
CENN იზიარებს მთავრობის პოზიციას ტყის სექტორში თვისობრივი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნა და კომპლექსური ზომების გატარება გარემოს დაცვის, მოსახლეობის სოციალური და ენერგეტიკული უზრუნველყოფის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების, ტექნოლოგიების განვითარების, ალტერნატივებზე მოთხოვნისა და წარმოების სტიმულირების მიმართულებით.
CENN–ის მიერ, ამჟამად, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით და ტყის მართვის უწყებების პატრონაჟით, მზადდება მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო გეგმა, რომელშიც ღონისძიებების ჩამონათვალი უშუალოდ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განათლების სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იქნება გაწერილი. პარალელურად, მუშავდება სახელმწიფო პრიორიტეტებთან ტყეების მართვის სისტემის სინქრონიზაციის, მათზე არსებული სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებისა და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების ინსტიტუციური და ფინანსურ–ეკონომიკური მოდელები.
ვფიქრობთ, რომ ამგვარი მიდგომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტყის რესურსების სისტემურად სწორი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმების შექმნას.
CENN მხარს უჭერს მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას და უახლოეს პერიოდში გეგმავს მაღალი დონის საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებას, რომელზეც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც მოიწვევს.