1-7 მაისი მაისი, 2022. გერმანია, ფრანკფურტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, პროექტის ბენეფიციარებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტის საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტის (Ifls) ორგანიზებით გერმანიაში, ფრანკფურტის, ჰოენლოე-თაუბერისა და ჰუნსრუკის რეგიონებში ერთ კვირიანი სასწავლო ვიზიტი გამართა.
სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი ევროპული LEADER მიდგომის, გერმანული პრაქტიკის, გერმანიაში არსებული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების სტრუქტურის, მათი დაფინანსების წყაროების და განხორციელებული პროექტების გაცნობა, კავშირების დამყარება და ინფორმაციის გაცვლა იყო.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს სამინისტროების, საჯარო უწყებების, რეგიონების და ფედერაციული მიწების მმართველი სააგენტოს წარმომადგენლებთან, მერებთან და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელებთან; გაეცნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების სტრუქტურას, მათი სახელმწიფოს მიერ მათი აღიარებისა და დაფინანსების მექანიზმებს. გარდა ამისა, მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა დაფინანსებული პროექტები, მათ შორის ბიო ფერმა, ციფრული განათლების პროგრამა, ტურისტული ობიექტები, წყლის რესურსების სასწავლო აკადემია, სოციალური კაფეები და სხვა.
“ჩემთვის შთამბეჭდავია ის თუ როგორ არიან სოფლის/რეგიონის მოსახლეები გაერთიანებული ერთი მიზნის გარშემო და ამ ერთობის შედეგად როგორი მრავალფეროვანი, მათ საჭიროებებზე მოერგებული პროექტები აქვთ. მჯერა, რომ თუ მათ პრაქტიკას გავიზიარებთ და ყველა რესურსს გავაერთიანებთ, ჩვენც შევძლებთ წარმატების მიღწევას” – მარიამ მეკოშკიშვილი, პროგრამის კოორდინატორი, სოფლის განვითარების სააგენტო
“ჩვენი ვიზიტიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ ლაგების საქმიანობა მხარდაჭერილი და აღიარებულია როგორც ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან. ორგანიზაციებს მდგრადობის პრობლემა არ უდგათ, თუმცა გარკვეული პერიოდულობით უწევთ აღიარების პროცედურის გავლა, რაც ორგანიზაციების მუდმივ განვითარებას და გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩემთვის საგულისხმო იყო ის, რომ განხორციელებული პროექტების უმრავლესობა არა კერძო ბიზნესების, არამედ საზოგადოებრივი პროექტებია და მათი დაფინანსების ზედა ზღვრის აწევაც ხდება ხოლმე, თუ საზოგადოების ინტერესი დიდია. ასევე, მომეწონა, რომ საგანმანათლებლო პროექტები 100%-ით ფინანასდება. ძალიან საინტერესო იყო უკვე განხორციელებული პროექტების გაცნობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა.”– მარინე ბერიანიძე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თანათავმჯდომარე
აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მონაწილეებისთვის საინტერესო და პროდუქტიოული იყო, როგორც პროფესიული, ისე ღირებულებების და ფასეულობების თვალსაზრისით. ამ ვიზიტმა კიდევ უფრო დამარწმუნაა მონაწილეების იმაში, რომ პრიორიტეტების სწორად დალაგებით საქმიანობა უფრო წარმატებული ხდება, რომ მნიშვნელოვანია პირადი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს შეუსაბამო.
პროექტის „ეს წალკაა“ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.