fbpx

მწვანე საწარმო „ბამანე“ ტექსტილის ნარჩენს ახალ სიცოცხლეს სძენს

ქეთი კვაჭანტირაძე კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე

ავტორი: მარი გულიშვილი

გორის მუნიციპალიტეტში გასულ წელს კიდევ ერთი მწვანე სამკერვალო – „ბამანე“ გაიხსნა. ამავე მუნიციპალიტეტში დაიბადა ნარჩენის ტექსტილის გადამუშავების ტექნოლოგიაზე მომუშავე სამკერვალო „ლიდერიც“ და შეიძლება ითქვას, რომ გორი, გარკვეულწილად, მდგრადი მოდის ჰაბად ჩამოყალიბდა.

საინტერესოა იმ გარემოში, რომელშიც წარმოების 99% წრფივი ეკონომიკის მოდელს იყენებს, საიდან გაჩნდა იდეა, რომ რეგიონებში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ახალი საწარმოები გაჩენილიყო და დეფაქტო საზღვრისპირა მუნიციპალიტეტს საზოგადოებისთვის რაღაც ახალი, უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული პროდუქტი შეეთავაზებინა.

ამ თემებზე სასაუბროდ სოციალური საწარმო „ბამანეს“ დამფუძნებელს, ქეთი კვაჭანტირაძეს ვეწვიე. ქეთი პროფესიით იურისტია, თუმცა ის მუდმივად ოცნებობდა, გამხდარიყო დიზაინერი და საკუთარი ხედვით, იდეებითა და გემოვნებით, ახალი სამოსი შეექმნა. 2020 წელს ქეთიმ შეძლო, ოცნება რეალობად ექცია და ახალი საწარმო „ბამანე“ დააარსა.

– ქეთი, ერთი მხრივ, გასაგებია, რა იყო შენი მოტივაცია, საკუთარი თავი მოდის ინდუსტრიაში გამოგეცადა, მაგრამ საიდან დაიბადა იდეა, რომ ნედლეულად შეიძლებოდა ტექსტილის ნარჩენი გამოგეყენებინა და ამით მდგრადი მოდის კონცეფციაც შეგექმნა?

– ტექსტილის ნარჩენისგან ამ ეტაპზე საძილე ტომრებს ვკერავთ. როდესაც დავიწყე სამკერვალო საქმიანობა, დავინახე, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნარჩენი გვრჩებოდა, რაც იყრებოდა და ამით გარემოსაც ზიანი ადგებოდა. ამიტომაც ვიფიქრე, კარგი იქნებოდა შემეკერა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ტექსტილის ნარჩენს გამოვიყენებდი და ნარჩენების მდგრად მართვაშიც შევიტანდი საკუთარ წვლილს.

ქეთის მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და იდეა, რომ ბავშვების კომფორტისთვის შეექმნა ახალი პროდუქტი, სწორედ თავის შვილებზე დაკვირვების შედეგად გაუჩნდა. ასე დაიბადა პირველი საძილე ტომარა, რომელიც თქვენი შვილებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ და, ასევე, მეწარმეობაში ცირკულარული ეკონომიკის კომპონენტს გააძლიერებს.

– ქეთი, რატომ მოდის ინდუსტრია და არა სხვა სფერო?

– პირველ რიგში, უზომოდ მიყვარს ეს საქმე და შემიძლია განუწყვეტლივ ვაკეთო, აქედან გამომდინარე ამ საქმისადმი სიყვარულია ის მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე მსგავსი საწარმოს შექმნა.

– მოდის ინდუსტრია, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი და კონკურენტუნარიანია. რამდენად რთული იყო ბაზარზე თავის დამკვიდრება?

– სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად კონცენტრირებული ვიყავი ნაწარმის ხარისხზე და პრომოციაზე ნაკლებად ვფიქრობდი. თუმცა, დროთა განმავლობაში, ალბათ, ეს გამოცდილებასთან ერთადაც მოდის, მარკეტინგის სფეროში გარკვევაც დავიწე და უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ, რომ სოციალური მედიის დახმარებით დამატებითი მომხმარებელიც მოვიზიდოთ.

– ქეთი, მწვანე მეწარმეობის საკითხები უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბოლო დროს. ბიზნესის კომპონენტი აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეხვიდე ბაზარზე და დაიმკვიდრო თავი. რა აქცევს „ბამანეს“ მწვანე საწარმოდ?

– კი, გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. დროთა განმავლობაში საქართველოშიც იკიდებს ფეხს სოციალური და მწვანე მეწარმეობის საკითხები. ეს, ალბათ, სოციალური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების სიმწვავემ გამოიწვია და ჩვენც ვცდილობთ, ნაკლებად დავაზიანოთ გარემო ეკონომიკური საქმიანობით. ტექსტილის ნარჩენის შემცირებაზე მუშაობა აქცევს „ბამანეს“ მწვანე საწარმოდ, თუმცა, ამას გარდა, ჩვენ სოციალური მისია გვამოძრავებს და ვცდილობთ, გორში მცხოვრები ქალები გავაძლიეროთ, დავასაქმოთ და გავხადოთ უფრო მეტად ძლიერები და დამოუკიდებლები.

– ქალების გაძლიერება ახსენეთ, ხომ? საინტერესოა შენ რას ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების როლი ბიზნესში?

– ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, ნებისმიერი საქმე, რომელიც გიყვარს გულით, შეგიძლია აკეთო და რაც მთავარია, ეს გამოგდიოდეს ძალიან კარგად, მთავარია სურვილი. თუმცა ქალის როლის გაზრდა ბიზნესში, მეწარმეობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში კვლავ არსებობს ეს გენდერული უთანასწორობები, ქალთა ჩაგვრა, ძალადობა და იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია ქალები ეკონომიკურად დამოუკიდებლები და ძლიერები ვიყოთ.

– დიდი მადლობა, ქეთი. წარმატებებს გისურვებთ თქვენ, იმ ქალებს, ვისაც თქვენ ასაქმებთ და, რა თქმა უნდა, „ბამანეს“, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით მისიას ატარებს.

სოციალური საწარმო „ბამანე“ კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში ტარდებოდა.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :