გაეცანით Forbes Georgia-ს სტატიას სოციალური მეწარმეობის შესახებ.
სტატიის ავტორი: ნატო ჩაკვეტაძე
ამონარიდი სტატიიდან:
რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა?
სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე – სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოსდაცვა, ჯანდაცვა, და სხვა. სოციალური მეწარმე ატარებს სამოქალაქო სექტორის ან სახელმწიფო პროგრამის მსგავს სოციალურ მისიას, მხოლოდ ის საქმიანობას აღასრულებს ბიზნესის პრინციპებით.
როგორც სხვა ბიზნეს მოდელის შემთხვევაში, შემოსავლის მიღება აქაც საკვანძო მომენტია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ფინანსური მდგრადობა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს სოციალური ფოკუს-პრობლემის სტრუქტურულ გადაჭრას და მისი გამომწვევი კონტექსტის შეცვლას გრძელვადიან პერსპექტივაში.
სოციალური პრობლემა მრავალგვარია. ეს შესაძლოა იყოს: გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის ხარისხიან განათლებაზე, ხარისხიან პროდუქტებზე, სამედიცინო სერვისებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი; ასევე, გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან მიკუვნებულობის გამო დაბალი სოციალური ინკლუზია და მცირე დასაქმების შესაძებლობა, მარგინალიზაცია. ამდენად, სოციალური საწარმოს ბენეფიციარები არიან: შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ემიგრანტები, პოლიტიკური დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, ქუჩის ბავშვები, ეთნიკური/რელიგიური/სექსუალური უმცირესობები, მცირე ზომის ღარიბი თემები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის ფულს. ამდენად, საწარმოსთვის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა არ არის რთული. სოციალური საწარმოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის სამი სტანდარტული წყარო არსებობს:
-
დონაცია (გრანტი, სპონსორი, შემოწირულობა);
-
პროდუქტის/მომსახურების რეალიზაცია;
-
ბენეფიციარებიდან მიღებული შემოსავალი.