სოციალური და მწვანე მეწარმეობა
ბოლო წლებში, საქართველოში პოპულარული ხდება სოციალური მეწარმეობა. რას ნიშნავს ეს ტერმინი? რითი განსხვავდება ტრადიციული ბიზნესისგან? არსებობს თუ არა საქართველოში წარმატებული სოციალური საწარმო? ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ ამ ბლოგში.
ტერმინი სოციალური მეწარმეობა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა. 90-იანი წლებიდან კი დაიწყო მისი აქტიურად გამოყენება. სოციალური მეწარმეობა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაშია განვითარებული. ამ ქვეყნებში სახელმწიფო სოციალურ მეწარმეებს განვითარებაში ეხმარება.
სოციალური მეწარმეობა არის კონცეფცია, როდესაც კომპანიას აქვს სოციალური მისია და მიზანი. მას აქვს სურვილი საზოგადოებაში/გარემოში არსებული პრობლემა გადაჭრას ინოვაციური გზით. რაც შეეხება მწვანე მეწარმეობას, ისიც მუშაობს ამავე პრინციპით, უბრალოდ მის მთავარ მიზანს წარმოადგენს გარემსდაცვითი პრობლემების გადაჭრა. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სოციალურ საწარმოს არ აქვს შემოსავალი და მხოლოდ დონორებისა და ორგანიზაციების დაფინანსებით არსებობს, ან რომ სოციალური მეწარმეობა იგივე ქველმოქმედებაა. ეს დამოკიდებულება არის არასწორი, რადგან სოციალურ საწარმოს აქვს საკუთარი შემოსავალი. მართალია, შეიძლება დაფინანსება ჰქონდეს ორგანიზაციების მხრიდან გრანტის სახით, თუმცა არსებობას განაგრძობს საკუთარი შემოსავლით. თუ საწარმო იღებს გრანტს ორგანიზაციისგან, ყურადღება ექცევა მის მდგრადობას. სოციალური ბიზნეს იდეის წარდგენის დროს უნდა გვქონდეს კარგად შემუშავებული ფინანსური გეგმა, რომ ინვსეტორმა ან დონორმა ნახოს, რომ ბიზნესი იქნება მდგრადი.
სოციალური მეწარმეობისა და ტრადიციული ბიზნესის განსხვავება
როგორც ყველა ბიზნეს მოდელი სოციალურის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შემოსავლის მიღება. სოციალური მეწარმეობა შემოსავალს დიდ წილად იყენებს სოციალური მისიის/მიზნის განსახორციელებლად, როდესაც ტრადიციულ ბიზნესში შემოსავალი ნაწილდება მფლობელებს შორის.
ტრადიციული ბიზნესი ორიენტირებულია მოგების გაზრდაზე, სოციალური მეწარმეობა კი ამის გარდა, სოციალური შედეგის გაზრდას აქცევს ყურადღებას.
დასავლეთის ქვეყნებში სოციალურ მეწარმეობის სტატუსი მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. ამ კრიტერიუმების დარღვევის შემთხვევაში სტატუსის ჩამორთმევაც ხდება ხოლმე. ( წყარო 1 ). საქართველოში ამ დროისთვის სოციალური მეწარმეობის ჩარჩო-რეგულაციები არ არსებობს. 2017 წელს საქართველოს პარლამენტში შესთავაზეს კანონპროექტის პაკეტი „სოციალური მეწარმეობისა და მისი მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის 12-მა წევრმა მოიწონა. ამჟამად მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს. ( წყარო 2 )
სოციალური მეწარმეობის ინდიკატორები სხვა ქვეყნებში:
ზუსტი სოციალური მისია/მიზანი;
ეკონომიკური აქტივობები: შემოსავლის მიღება, ანაზღაურებადი თანამშრომლები და სხვ.;
კომპანიის მართვა უნდა ხდებოდეს თანამშრომელთა და ბენეფიციართა ჩართულობით;
შემოსავალი უნდა გამოიყენოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დასაფარად;
მოგების განაწილების სქემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ემსახურებოდეს საწარმოს სოციალური მისიის რეალიზაციას. ( წყარო 3 )
სოციალური მეწარმეობის წარმატებული მაგალითები:
ბაბალე. საწარმოს მისიას წარმოადგენს ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით. აქ კრეატიული დიზაინით დამზადებული ხის, ტექსტილისა და კერამიკის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთებსა და აქსესუარებს ნახავთ. შემოქმედებითი იდეების ავტორები ხშირად საწარმოში დასაქმებულები არიან.
“ჩუ“ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას.
Plastic Watcher – გადამუშავებული ნარჩენებისგან აკეთებს ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს და სხვა აქსესუარებს.