გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის განხორციელების მიზნით საქართველოში ჩატარებული გამოკვლევების (საქართველოს პირველი და მეორე ეროვნული შეტყობინებები, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ეროვნული ცენტრის ბიულეტენები, აჭარის კლიმატის ცვლილებების სტრატეგია 2013 და სხვ.) მიხედვით, კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილებების მიმართ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად გეოეკოლოგიურ სისტემად მიჩნეულია შავი ზღვის სანაპირო ზონა. იგულისხმება გლობალური დათბობით გამოწვეული ზღვის საშუალო დონის პერმანენტული აწევის შედეგად ზღვის ნაპირის წარეცხვისა და უკან დახევის პროცესი. ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სანაპირო ზონაზე ანთროპოგენური ფაქტორის განუხრელად მზარდი ნეგატიური ზემოქმედება. ორივე ამ ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით XX საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარეობს ზღვის ნაპირის მნიშვნელოვან ნაწილზე განლაგებული კერძო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სხვადასხვა ხარისხით დაზიანება, ცალკეულ შემთხვევებში – ნგრევა-განადგურება, ინფრასტრუქტურის მოშლა, სანაპირო ზონის რეკრეაციული რესურსების გაღარიბება და, ზოგადად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება.
ზემოთ აღნიშნულის ტიპური მაგალითია აჭარის სანაპირო ზონა, რომლის სახმელეთო ზოლი გავრცელების დიდ ნაწილზე ინტენსიურად ირეცხება, ხოლო მისი ცალკეული მონაკვეთები ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც სტიქიური უბედურებების რისკის შემცველი. სანაპიროს ასეთ მონაკვეთებზე განლაგებული ათეულობით ოჯახის საცხოვრებელი სახლები და ეზო-კარმიდამოები საშუალო სიძლიერის შტორმების დროსაც კი მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, რაც მათ პოტენციური ეკომიგრანტების კონტინგენტთან აახლოებს.
კლიმატის ცვლილება და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები