საქართველოს მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც, ძირითადად, ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ გამოყოფილი სოციალური ტყეკაფებით ხორციელდება, საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა.
დაუგეგმავი სარგებლობის შედეგად დეგრადირებულ ტყეებში გართულდა საჭირო ოდენობის საშეშე მერქნის გამოყოფა; შეშის მარაგები ამოიწურა სატყეო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ ფართობებზე; დაიწყო შეზღუდული რაოდენობის სატყეო გზების მოწყობა აქამდე მიუვალ ადგილებში, დასახლებული პუნქტებისგან შორს, დამრეც ფერდობებზე არსებულ პირველად ტყეებში; გახშირდა უკანონო ჭრები და მოსახლეობის პროტესტი საჭირო სათბობი რესურსის ხელმისაწვდომობაზე; სატყეო და ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა შეშის დეფიციტი და დრამატული სხვაობა შეშის წლიურ მოხმარებასა და სახელმწიფოს მიერ კანონიერად გამოყოფილი საშეშე ხეტყის ოდენობას შორის.
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, დაიგეგმა მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მომზადება. აღნიშნული ინიციატივა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების იმპლემენტაციის საგზაო რუკით განისაზღვრა.
კვლევის სრული ვერსია – სათბობი შეშის მოთხოვნა-მიწოდებისა და პოტენციალის შეფასება